ყატარი 2022: უფლებადამცავები ფიფას წინააღმდეგ

AutoSharing Option
"სქაი სპორტსის" ცნობით, ავტორიტეტულმა საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენელმა" საზოგადოებას 166-გვერდიანი დასკვნა წარუდგინა ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის განკუთვნილ ობიექტებზე მომუშავე ადამიანების უფლებების დარღვევათა ფაქტებზე და ფიფასგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვა. დოკუმენტში მრავლად არის მოყვანილი ფაქტები დამქირავებელთა მიერ მუშების ელემენტარული მოთხოვნილებების უგულებელყოფაზე.

უმთავრესი ბრალდებები შოკისმომგვრელია: 1. რიგით პერსონალს ხშირად უგვიანებენ ან საერთოდ არ უხდიან ხელფასს; 2. იგნორირებულია მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის აუცილებლობა.

მუშათა დიდი უმრავლესობა ყატარში სხვა ქვეყნებიდან არის ჩასული. ემიგრანტებს ხშირად აუტანელ საცხოვრებელ პირობებთან და ანტისანიტარიასთან უწევთ შეგუება. ყოველივეს შემდეგ კი,
პრეტენზიების შემთხვევაში, მათ ქვეყნიდან გაძევებით ემუქრებიან. არანაკლებ მნიშვნელოვნად გვეჩვენება, რომ დამქირავებლები მუშებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და აიძულებენ, არანორმირებული სამუშაო გრაფიკით იმუშაონ. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანებს კვირების განმავლობაში გადაბმულად უწევთ სამუშაოზე ყოფნა და თანაც, დღეში 12 საათის განმავლობაში.

როგორც ჩანს, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო ზაფხულშიც, როდესაც ყატარში ტემპერატურა ძალიან მაღალია. აუტანელი პირობების გამო მარტო 2012 წელს დოჰას საავადმყოფოებში 1 000-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. მათგან ყოველი მეათეს მდგომარეობა კრიტიკული იყო და ისინი შრომისუუნარონი გახდნენ.

"ამნესტი ინტერნეიშენელის" მიერ მომზადებული დოკუმენტი უკანასკნელ დღეებში უკვე მეორე იყო ამ თემაზე. იქამდე ანალოგიური სურათი წარუდგინა პრესას პროფკავშირების გაერთიანება IGB-მ. უკანასკნელთა მტკიცებით, თუკი საერთაშორისო საზოგადოებამ ყატარში სამუშაოდ ჩასულ მილიონზე მეტ ადამიანს ყურადღება არ მიაქცია და მათთვის პირობების გაუმჯობესება არ მოითხოვა, შესაძლოა, მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს და 2022 წლისთვის 4 ათას ადამიანს მიაღწიოს.

IGB-ის მტკიცებით, ყატარს რომ თავი დავანებოთ, 2018 წლისთვის რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მშენებარე ობიექტებზე უჩვეულოდ ბევრია უბედური შემთხვევების რიცხვი. სამუშაოებს უკვე 40 ადამიანი ემსხვერპლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ყატარელ შეიხებს ჩემპიონთა ლიგის ალტერნატიული ტურნირის შექმნა სურთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული