კვირა ციფრებში: საიუბილეო მატჩები და გოლები

AutoSharing Option
კვირის დღევანდელ მიმოხილვაში ჯანლუიჯი ბუფონის და არიენ რობენის მიღწევებზე, კარლოს ველას შესანიშნავ თამაშზე, "ტოტენჰემის" სარეკორდო მარცხსა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვისაუბრებთ...

500 - მატჩი აქვს უკვე ჩატარებული სერია A-ში ჯანლუიჯი ბუფონს, რომელსაც იტალიის უმაღლეს ლიგაში დებიუტი 18 წლის და 4 დღის წინ ჰქონდა. ვეტერანმა მეკარემ ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა კარის მშრალად შენახვით აღნიშნა და "იუვენტუსში" ჩატარებულ 332-ე მატჩში 145-ე "შათაუტი" შეასრულა, ტურინულმა კლუბმა კი "ლივორნოს" 2:0 მოუგო, რაც ნიშნავს იმას, რომ "იუვეს" გოლი უკვე 5 მატჩია არ გაუშვია.

სერია A-ში თავისი მე-200
მატჩი ჩაატარა კაკამ, ვინც "მილანის" რიგებში 97-ე გოლი გაიტანა, გუშინწინ კი თავი "სელტიკთანაც" გამოიჩინა და გოლების რაოდენობა 98-მდე გაზარდა.

ამასობაში, 2013 წელს პირველი საშინაო მარცხი განიცადა "ნაპოლიმ" (0:1, "პარმასთან") და 16-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია დაასრულა - ყველაზე გრძელი ასეთი სერია 1990 წლის შემდეგ. ეს შედეგი კიდევ უფრო საოცარი იმის გამოა, რომ "პარმას" ამ სეზონში სტუმრად მოგებული არ ჰქონდა. გამარჯვების მომტანი გოლი ანტონიო კასანომ გაიტანა, ვისთვისაც ეს ბურთი ასევე საიუბილეო, მე-100 იყო სერია A-ში.

100 - გოლი აქვს გატანილი ოთხ სხვადასხვა ჩემპიონატში არიენ რობენს, მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელმა დორტმუნდის "ბორუსიას" კარი დალაშქრა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში (3:0) თავისი წვლილი შეიტანა. რობენმა "ბაიერნის" რიგებში 49-ე ბუნდესლიგური გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა: 11 ბურთი "რეალში", 15 - "ჩელსიში", 17 - "პსვ ეინდჰოვენში" და 8 - "გრონინგენში".

საინტერესოა, რომ "ბაიერნი" და "ბორუსია" ერთმანეთს მე-100-ედ შეხვდნენ და მიუნხენურმა გუნდმა, ბუნდესლიგის ეგიდით, "ბორუსიასთან" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, რომელიც 2010 წლის თებერვალში დაიწყო. "რეკორდმაისტერმა" ზედიზედ 50-ე შეხვედრაში გაიტანა, რაც გერმანიის ჩემპიონატის რეკორდია. ასევე, "ბაიერნმა" 15 ტურის შემდეგ 35 ქულა მოაგროვა - ასეთი შედეგი ბუნდესლიგის ისტორიაში აქამდე არავის ჰქონია.

8 - ნაკრებს აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოპოვებული და 2014 წლის მუნდიალზე რვავე ითამაშებს. ეს ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც ურუგვაიმ პლეი ოფში იორდანიას აჯობა და ჩემპიონატის მონაწილე 32-ე გუნდი გახდა.

სამხრეთამერიკელებს ფინალურ ეტაპზე 6 გუნდი ეყოლებათ - ამაზე მეტი წარმომადგენელი კონმებოლს მხოლოდ პირველ, 1930 წლის მუნდიალზე (7) ჰყავდა.

საინტერესოა, რომ აფრიკიდან ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური იმ ხუთმა გუნდმა მოიპოვა, რომელმაც 2010 წლის მუნდიალზეც ითამაშა. ზოგადად კი, მსოფლიოს ჩემპიონატს მხოლოდ ერთი დებიუტანტი ეყოლება - ბოსნიის ნაკრები.

სულ, მომავალ ჩემპიონატზე 8 ისეთი ნაკრები ითამაშებს, რომელიც 2010-ში ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა. ბოსნიის გარდა, ესენი არიან: ბელგია, კოლუმბია, კოსტა რიკა, ხორვატია, ეკვადორი, ირანი და რუსეთი.

6 - უპასუხო გოლი გაუტანა "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" და ლონდონურ გუნდს პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მწარე მარცხი აგემა. ასეთივე ანგარიშით "დეზებმა" 1993 წელს, "შეფილდ იუნაიტედთან" წააგეს, სამი წლის შემდეგ კი "ნიუკასლთან" ასევე 6-ბურთიანი სხვაობით, ოღონდ 1:7 დამარცხდნენ.

"სიტიმ" პირველ 6 საშინაო შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა და "სანდერლენდის" 1935/36 წლების სეზონის შედეგი გაიმეორა. იმ წელს "სანდერლენდი" ინგლისის ჩემპიონი გახდა, "მანჩესტერ სიტი" კი ამჟამად მეოთხე ადგილზეა. საინტერესოა, რომ "სიტის" ამ სეზონში მხოლოდ "ეტიჰადზე" აქვს იმაზე მეტი გოლი გატანილი, ვიდრე პრემიერლიგის რომელიმე გუნდს შინ თუ გარეთ.

კვირას გამართული მატჩის პირველი გოლი მე-14 წამზე გავიდა, როდესაც უგო ლორისის კარი ხესუს ნავასმა დალაშქრა და "სიტის" რეკორდი დაამყარა. აქამდე პრემიერლიგაში მანჩესტერული გუნდის ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი ბრაზილიელი ჯოვანი იყო, რომელმაც 2007 წელს "უიგანის" კარში შეხვედრის 30-ე წამზე გაიტანა.

4 - გოლი გაიტანა კარლოს ველამ "სელტას" კარში და "სოსიედადს" 4:3 მოაგებინა. მექსიკელი ფეხბურთელი გახდა პირველი მოთამაშე ამ სეზონის ევროპის წამყვანი ხუთი ჩემპიონატიდან, ვინც ერთ შეხვედრაში სამზე მეტი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე ველას 8-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა, ხოლო ბოლო 14 შეხვედრაში თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა.

"ბარსელონამ" "გრანადას" 4:0 მოუგო და ზედიზედ 23-ე საშინაო გამარჯვება მოიპოვა. ამაზე უკეთესი სერია კატალონიურ გუნდს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 1958-60 წლებში ჰქონდა, როდესაც მიჯრით 39 საშინაო შეხვედრაში იმარჯვა.

ხერარდო მარტინოს გუნდის 25-მატჩიანი წაუგებელი სვლა კი სამშაბათს, "აიაქსთან" დასრულდა, როდესაც 10-კაციანმა ამსტერდამულმა გუნდმა გაძლო და "ბარსას" 2:1 მოუგო. ეს იყო არგენტინელი სპეციალისტის პირველი მარცხი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: ვარსკვლავები და სანაკრებო რეკორდები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული