მესი, რიბერი თუ რონალდო? - წარმოგიდგენთ "ოქროს ბურთის" ნომინანტებს

AutoSharing Option
"მესი, მხოლოდ მესი იმსახურებს "ოქროს ბურთს", "ეს პრიზი მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს ეკუთვნის", "რიბერიმ მოიგო ყველაფერი, რა მოიგეს მისმა კონკურენტებმა?", "ფეხბურთი უსამართლოა, "ოქროს ბურთი" იბრას ეკუთვნოდა"...

ეს ფრაზები სხვადასხვა ცნობილი სპეციალისტის თუ ფეხბურთელის გამონათქვამებიდან ამოვკრიბეთ. დაახლოებით ასეთი ჭრელია ფანების განწყობაც - ბრძოლა "ოქროს ბურთი 2013-ისთვის" ეშხში შედის - 13 იანვარს შევიტყობთ იმას, რაც ადამიანების ვიწრო წრემ უკვე დანამდვილებით იცის - ვინ იყო წლის საუკეთესო ფეხბურთელი პლანეტაზე.

დანარჩენებისთვის კი ცნობილია, რომ პრეტენდენტი სამია: კრიშტიანო რონალდო (მადრიდის "რეალი", პორტუგალია, 28 წლის), ლიონელ მესი
("ბარსელონა", არგენტინა, 26 წლის) და ფრანკ რიბერი (მიუნხენის "ბაიერნი", საფრანგეთი, 30 წლის).

სამი მართლაც საოცარი ფეხბურთელი, თუმცა ტიტული ერთია. მაშ ასე, რომელი მათგანი იმსახურებს "ოქროს ბურთს" უფრო?

"ლელო week" შეეცადა, გაერკვია ეს, თუმცა ჩვენ მიზეზებს ჩამოვთვლით, დასკვნა კი მკითხველისთვის მიგვინდვია.

იხილეთ:
რატომ ეკუთვნის "ოქროს ბურთი" ფრანკ რიბერის
რატომ ეკუთვნის "ოქროს ბურთი" ლიონელ მესის
რატომ ეკუთვნის "ოქროს ბურთი" კრიშტიანო რონალდოს

ორი შვიდიანისა და ათიანის ამბავი
მოკლე ისტორია
1956 წელს ფრანგული ჟურნალის, "ფრანს ფუტბოლის" ცნობილმა ჟურნალისტმა, გაბრიელ ანომ კოლეგები გამოკითხა და იმის მიხედვით ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად "ბლექპულის" ლეგენდარული ფეხბურთელი სტენლი მეთიუზი დაასახელა.

ასე ჩაეყარა საფუძველი "ოქროს ბურთის" ანუ Ballon d’Or-ის ყოველწლიურ გამოკითხვას.

აქედან მოყოლებული 2009 წლამდე "ფრანს ფუტბოლი" ასახელებდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებს. თავიდან არაევროპელ ფეხბურთელს გამოკითხვაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. სიტყვაზე, ჟურნალისტები ვერ დაასახელებდნენ "ნაპოლიში" მოთამაშე მარადონას.

ეს წესი 1995 წელს შეიცვალა, აქედან მოყოლებული სხვა კონტინენტის წარმომადგენელიც შეიძლებოდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო, თუკი ის ევროპულ კლუბში თამაშობდა.

პირველი არაევროპელი, რომელმაც "ოქროს ბურთი" მოიგო, "მილანის" ლიბერიელი ვარსკვლავი ჟორჟ ვეა იყო - ეს იმავე წელს მოხდა.

2007 წლიდან ყველა შეზღუდვა მოიხსნა, ნებისმიერ ფეხბურთელს შეეძლო "ოქროს ბურთის" მოგება, ეს უკვე აღარ იყო კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. ფიფას გამოკითხვასთან გაერთიანებამდე ბოლო გამარჯვებული ლიონელ მესი იყო, რომელმაც "ოქროს ბურთი" პირველად 2009 წელს მიიღო.

2010 წლიდან ფიფას და "ოქროს ბურთის" გამოკითხვები ერთმანეთს შეერწყა, ახალ ტიტულს ეწოდა "ფიფა ოქროს ბურთი". მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სახელდება "ფრანს ფუტბოლის" მიერ ჟურნალისტთა გამოკითხვით, პლუს ფიფას მიერ ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელებისა და კაპიტნების გამოკითხვით.

წლევანდელი გამოკითხვა ნოემბრის ბოლოს დასრულდა, შედეგებიც შეჯამებულია, თუმცა გამარჯვებულს 13 იანვარს შვეიცარიის "კონგრეს ჰაუსში" გამოაცხადებენ...

FIFA Ballon d’Or
რაც ტიტული ასე იწოდება, ის მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს მოგებული - "ბარსელონას" სუპერვარსკვლავ ლიონელ მესის.

2010-ში მან ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი ჩამოიტოვა. მომდევნო წელს კი კრიშტიანო რონალდო და ჩავი. 2012 წლის "ოქროს ბურთი" "ლა პულგამ" კრიშტიანოს და ინიესტას მოუგო.

იანვარში ტიტული მეოთხედ გაიცემა, კანდიდატი სამია: კრიშტიანო, ლეო და ფრანკი.

როგორც ხედავთ, ოთხიდან ოთხ შემთხვევაში ლეო მესი ფინალისტი იყო, სამჯერ იყო ფინალისტი რონალდო, 2-2 ჯერ ჩავი და ინიესტა. 30 წლის რიბერის ფინალისტობა კი "ახალი ხილია".

"ოქროს ბურთის" ყველა ლაურეატი
Sportall.Ge

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 2 /
თორნიკე გოლიაძე, არ იდარდო რონალდო მოიგებს.
0
მესსი მოიგებს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული