კიდევ ერთი გაძევების შემდეგ ედგარ დავიდსი მიდის

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ყველასათვის კარგად ცნობილმა ედგარ დავიდსმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მართალია, ჯერ კიდევ არაა გამორიცხული, რომ გადაიფიქროს და ბუცები ლურსმანზე არ ჩამოკიდოს, რადგან მისი განცხადება ცხელ გულზე იყო გაკეთებული, მაგრამ მაინც...

40 წლის დავიდსი ინგლისის მეხუთე ლიგაში, კლუბ "ბარნეტის" მოთამაშე-მწვრთნელია. "სალისბერისთან" 1:2-ზე წაგებულ მატჩში დავიდსი ერთ-ერთ თანაგუნდელთან ერთად მოედნიდან გააძევეს (ეს ამ სეზონში მისთვის უკვე მესამე წითელი ბარათია, წინა სეზონში კი ორჯერ გააძევეს), რის შემდეგაც მსაჯებს მისდგა და კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

"როგორც ჩანს, მსაჯების მიზანი ყოველთვის
ჩემი გაძევება და ჩემი გუნდის დაჩაგვრაა. არბიტრები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფეხბურთის თამაშის სიამოვნება წამართვან. ასეთ ვითარებაში კლუბის მიერ დასახული მიზნების მიღწევაც ძალიან ძნელია. ასე გაგრძელება არ მინდა,"
- თქვა დავიდსმა.

ჩვენი ინგლისელი და ჰოლანდიელი კოლეგების აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი შესანიშნავი კარიერა დასასრულს უახლოვდება.

სურინამში დაბადებული ედგარ დავიდსი აქტიური სპორტული კარიერის განმავლობაში ისეთ გრანდებში თამაშობდა, როგორებიცაა "აიაქსი", "მილანი", "იუვენტუსი", "ბარსელონა", "ინტერი" და "ტოტენჰემი". 2007 წლის იანვარში 33 წლის დავიდსი "აიაქსში" დაბრუნდა, ერთი წლის წინ კი "პიტბული" "ბარნეტის" მოთამაშე-მწვრთნელი გახდა. ჰოლანდიის ნაკრებში დავიდსს ევროპის სამ და მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული