კვირა ციფრებში: ვარსკვლავები და ჯოკერები

AutoSharing Option
კვირის დღევანდელ მიმოხილვაში კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ლიონელ მესის და ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიღწევებზე, გერმანიაში გამოცნობილ ცვლილებებსა და "ოკლენდის" მიერ დამყარებულ რეკორდზე...

338 - გოლი აქვს "ბარსელონას" რიგებში გატანილი ლიონელ მესის. როგორც უკვე მოგახსენეთ, არგენტინელმა ტელმო სარას მიღწევა გააუმჯობესა და ერთი ესპანური კლუბის რიგებში ყველაზე მეტი გოლი ახლა სწორედ მას აქვს გატანილი. ასევე, მესი რაულს წამოეწია და 228 გოლით პრიმერა დივიზიონის ყველა დროის ბომბარდირებში, უგო სანჩესის (234) და იმავე სარას (251) შემდეგ, მესამე ადგილზე დამკვიდრდა.

ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლით კი მესი რაულს
ამ ტურნირზე ერთი კლუბის რიგებში გატანილი ბურთების მიხედვითაც დაეწია. ესპანელმა "რეალის" მაისურით 66 გოლი შეაგდო, რასაც "შალკეს" რიგებში კიდევ 5 მიუმატა. სწორედ ამ გოლების წყალობით უსწრებს რაული "პულგას", მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არგენტინელი, რომელსაც საკლუბო და სანაკრებო დონეზე უკვე 375 გოლი დაუგროვდა, ლეგენდარულ ესპანელს ძალიან მალე გადაასწრებს.

17 - წამი და ერთი შეხება დასჭირდა დორტმუნდის "ბორუსიას" ახალწვეულ მილოშ იოიჩს იმისთვის, რომ სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაეტანა. ბელგრადის "პარტიზანის" ყოფილმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა და დებიუტანტისთვის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი ფრანკფურტის "აინტრახტს" 4:0 მოუგო.

არანაკლებ შთამბეჭდავი იყო დომი კუმბელას მიღწევაც - ბრაუნშვაიგის "აინტრახტის" ფეხბურთელი ასევე ცვლილებაზე გამოვიდა და "ჰამბურგს" მეორე ტაიმში სამი გოლი გაუტანა. კუმბელა გახდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ბუნდესლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში, ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ სამი გოლი აქამდე მხოლოდ ექვს ფეხბურთელს გაეტანა. ბოლოს ასეთი რამ 2004/05 წლების სეზონში, ბრემენის "ვერდერში" მოთამაშე მიროსლავ კლოზეს ჰქონდა გაკეთებული.

10 - უპასუხო გოლი გაიტანა მეტოქის კარში "ოკლენდ სიტიმ" და ახალი ზელანდიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. "საუთერნ იუნაიტედის" კარში გოლი 8 ფეხბურთელმა გაიტანა, რაც ასევე რეკორდია. ამ შეხვედრაში, "საუთერნის" რიგებში დებიუტი ჰქონდა 16 წლის მეკარე ჯოშ დიკსტრას. ვერაფერს იტყვი, პროფესიული კარიერის ამაზე უარეს დასაწყისს დიკსტრა ვერც კი წარმოიდგენდა.

5 - გოლი აქვს საჯარიმოს გარედან ამ სეზონში გატანილი მარიო ბალოტელის, რაც სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში საუკეთესო შედეგია. უკანასკნელი გოლი, რომელსაც სეზონის საუკეთესო გოლზე ექნება პრეტენზია, იტალიელმა "ბოლონიასთან", მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც "როსონერის" მთავარი მწვრთნელი კლარენს ზეედორფი გახდა, ბალოტელიმ თავის გამოჩენა ექვსიდან ხუთ შეხვედრაში მოახერხა.

ანტონიო კონტემ კი "იუვენტუსს" სერია A-ში მეასედ უხელმძღვანელა და ამ პერიოდში 70-ე გამარჯვება მოაპოვებინა. ეს იყო "იუვეს" ზედიზედ მე-12 საშინაო მოგება, რითაც "ბებერმა ქალბატონმა" ფაბიო კაპელოს დროინდელი გუნდის (2005/06) რეკორდი გაიმეორა.

2 - გოლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში - ასეთი შედეგი აქვს ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ ხუთ მატჩში, მას შემდეგ, რაც მან ლევერკუზენის "ბაიერთან" შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ამ ორი გოლის წყალობით, შვედმა ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდო ჩამოიტოვა, რომლის ანგარიშზეც 9 გოლია. აღსანიშნავია, რომ აქამდე, ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში იბრას 5-ზე მეტი ბურთი არასდროს გაუტანია.

"ბაი არენაზე" კი ანგარიში ბლეზ მატუიდიმ მესამე წუთზე გახსნა და ჟერომ როტენის გოლის შემდეგ, რომელიც "მონაკოს" ფეხბურთელმა 2003 წელს, "დეპორტივოს" ცნობილ შეხვედრაში (8:3) მეორე წუთზე გაუტანა, ფრანგული კლუბისთვის ყველაზე სწრაფი გოლი შეაგდო. ეს გოლი ასევე მე-500 იყო ჩემპიონთა ლიგაში ფრანგი ფეხბურთელებისთვის. მოგვიანებით, 501-ე იოან კაბაიმ გაიტანა, ვინც შეხვედრის საბოლოო შედეგი (4:0) დააფიქსირა.

ჩემპიონთა ლიგაში ფრანგებზე მეტი ბურთი მხოლოდ ბრაზილიელების (689 გოლი) და ესპანელების (529) ანგარიშზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული