სახალისო ფრაზები: რონალდო - დი სტეფანო სარკეში

AutoSharing Option
"ფიორენტინას" ესპანელ ნახევარმცველ ბორხა ვალეროს ხშირად გუნდის ტვინს ეძახიან. თუ მის სიტყვებს მოისმენთ, დარწმუნდებით, რომ ამ მეტსახელს იგი მხოლოდ საფეხბურთო აზროვნების გამო არ იმსახურებს. თუ გსურთ გაიგოთ, როგორ დაამცირა ჯეიმი რედნაპმა "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვა, ვის ჰგონია თავი აინშტაინზე უფრო ჭკვიანი და სხვა ბევრი სახალისო ამბავიც, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების ნაკრებს გადაავლეთ თვალი.

ბორხა ვალერო: "ჩემთვის თამაში გართობა იყო, მაგრამ გართობა მაშინ დამთავრდა, როდესაც "რეალის" ახალგაზრდულ აკადემიაში ჩავირიცხე 11 წლის ასაკში. პატარაობაში დაახლოებით 300 მოთამაშესთან ერთად მიცხოვრია და აქედან 85%-მა ვერ
შეძლო წარმატების მიღწევა და ფეხბურთს ტყუილად შესწირა ახალგაზრდობა. უნდა გენახათ, რა რთული სანახავი იყო ხოლმე, როდესაც აიბარგებოდნენ და ზურგჩანთამოკიდებულნი შინ მიდიოდნენ.

ეს X-ფაქტორივით გახლდათ, მაგრამ პუბლიკა არ იყო, რომ გადაერჩინე. "რეალში" გაძლევენ დიდ ხელფასს, სახლს, მანქანას, ძვირად ღირებულ საათს. მქონდა სხვა მიმზიდველი წინადადებებიც, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მომცა ის, რასაც ფლორენციის მსგავს მშვენიერ ქალაქში ცხოვრება ჰქვია.

შესაძლოა, ხალხი ასე იმიტომ მაფასებს, რომ ჩვეულებრივ სუპერმარკეტში დავდივარ პროდუქტებისთვის, ბავშვების ოთახს ჩემი ხელით ვაწესრიგებ და ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ, მაგრამ ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს. არიან ადამიანები, რომლებიც დღეში 12 საათი მუშაობენ, ხოლო ჩვენ მხოლოდ 3 საათი ვვარჯიშობთ. ჩემი აზრით, ფეხბურთელების ვარსკვლავებად შერაცხვა და მითები ჩვენი საქმის გარშემო უნდა დასრულდეს".

"აინშტაინი სამყაროს ახსნას თეორიებით ცდილობდა. მეც ვცდილობდი იმავეს გაკეთებას ჩემი 40-წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, მაგრამ არ გამომივიდა. არ გეგონოთ, თავს აინშტაინს ვადარებდე, იმიტომ, რომ მე ბევრად უფრო ჭკვიანი ვარ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც უბრალოდ, ვერ ახსნი. ეს ეპიკური თამაში გახლდათ" - ასეთი უცნაური კომენტარი გააკეთა "ატლეტიკო მინეიროს" ემოციებს აყოლილმა მთავარმა მწვრთნელმა ლევირ კულპიმ ბრაზილიის თასზე "ფლამენგოსთან" საოცარი მატჩის შემდეგ.

"მე ჩემს თავში ვხედავ იმას, რასაც ხალხი დი სტეფანოში ხედავს. მსურს ყველა დროის საუკეთესო გავხდე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მოხდეს. ამ დონეზე ავალ" - დიახ, ეს კრიშტიანო რონალდოს სიტყვებია.

"მიას "რომაში" მიყვანაზე უკეთესს და უფრო ჭკვიანურს ვერაფერს გავაკეთებდი. ის, რაც მას ფეხბურთზე ბოლო 30 წლის განმავლობაში დაავიწყდა, მე ჯერ კიდევ სასწავლი მაქვს" - განაცხადა "გლადიატორთა" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ, რომელმაც ქალთა ფეხბურთის ლეგენდა მია ჰემი დანიშნა "რომას" დირექტორად.

"ჩემი ხმა გვარდიოლას, მაგრამ ყველამ უნდა აღვნიშნოთ და გამოვარჩიოთ დიეგო სიმეონე, რომელსაც უდიდესი მიღწევა აქვს - "რეალს", "ბარსელონას" და "ბაიერნს" "ფერარები" ჰყავთ, ხოლო სიმეონე ერთადერთია, ვისაც BMW ჰყავს და მაინც მოახერხა ჩემპიონატის მოგება" - ეს აზრი რობერტ პროსინეჩკიმ წლის საუკეთესო მწვრთნელზე საუბრისას გამოთქვა.

"რობენი მესისა და რონალდოს არაფრით ჩამოუვარდება. არიენი შეუფასებელია, როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნებაც. მისი უპირატესობა სტაბილურობაშია. ინტენსიურობა და ბალანსი, რომლითაც ის ვარჯიშობს და თამაშობს, მათ შორის, გადამწყვეტ მატჩებშიც, მართლაც ექსტრაორდინარულია" - მათიას ზამერმა არიენ რობენისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"მხოლოდ ღვთისმშობელმა მარიამმა დაგვიფარა იმისგან, რომ პირველ ტაიმში გოლი არ გავუშვით" - აღნიშნა პაოკ-ის თავკაცმა ანგელოს ანასტასიადისმა "ფიორენტინასთან" მატჩის პირველ ტაიმზე საუბრისას.

"ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მცირე მხარდაჭერას იღებს საშინაო თამაშებში. "ჩელსიში" გატარებულ პირველ პერიოდს თუ შევადარებთ, მე მგონი, მდგომარეობა გაუარესდა. ამის მიუხედავად, მე ყოველთვის მეყვარება ფანები, რომლებსაც პატივს ვცემ, მაგრამ მეტი გულშემატკივრობა გვჭირდება" - თქვა ჟოზე მოურინიომ, რომელმაც ისიც აღნიშნა, გინდა "სტემფორდ ბრიჯზე" გითამაშია და გინდა ცარიელ სტადიონზეო, მაგრამ მერე მოიბოდიშა - გადავამეტეო.

"პეპ გვარდიოლა ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია, მიუხედავად იმისა, რომ მე მძულს ტიკი-ტაკა და სულ სხვაგვარი საფეხბურთო ხედვა გამაჩნია. პრობლემა გვარდიოლაში კი არ არის, არამედ იმ ადამიანებში, რომლებიც მის ტაქტიკას აკოპირებენ, თან მაშინ, როდესაც შესაბამისი ფეხბურთელები არ ჰყავთ. ვფიქრობ, რუდი გარსია ზოგჯერ ბურთის ფლობას ზედმეტ ყურადღებას უთმობს, იმის ნაცვლად, რომ მეტი მომენტის შექმნასა და გოლების გატანაზე იყოს კონცენტრირებული" - ამგვარად გააკრიტიკა "რომას" ყოფილმა მწვრთნელმა ზდენეკ ზემანმა ამჟამინდელი თავკაცი.

"ის მხოლოდ იტალიურად საუბრობს და ფეხბურთელებმა არ იციან, რა გააკეთონ მინდორზე. ეს სამარცხვინოა" - განაცხადა უესლი სნეიდერის აგენტმა გვიდო ალბერსმა მაშინ ჯერ კიდევ "გალათასარაის" მწვრთნელ ჩეზარე პრანდელიზე.

"ნახეთ, როგორი დაცვის ხაზით დაამთავრეს თამაში - ვალენსია, მაკნეირი, კერიკი, შოუ - ეს ყველაზე ცუდი ოთხეულია, რომელიც კი ოდესმე გვინახავს", - თქვა ჯეიმი რედნაპმა "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვაზე "სიტისთან" მატჩის მერე.

"ალმერიას" მთავარი მწვრთნელი ფრანსისკო როდრიგესი ჟოზე მოურინიოზე: "ყველანი ვხედავთ, რომ იგი ბევრს იღებს თავისი გუნდებისგან და მიღწევებიც კარგი აქვს, მაგრამ ფეხბურთელებს თითქოს ადამიანებივით არ ექცევა. იმის ნათელი მაგალითებიც გვახსოვს, რომ არც მათი დამცირების წინააღმდეგია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა მართლაც:)
კიდევ დადეთ ხოლმე ასეთი სტატიები :)
Raul
14:54 20-11-2014
0

სიახლეები პოპულარული