10:35 20-11-2014
პორტუგალია-არგენტინის გამოხმაურება: "ვარსკვლავური ომები"
AutoSharing Option
მესი-რონალდოს პაექრობაზე ბევრს საუბრობდნენ და მათაც მოლოდინი არ გაგვიცრუეს. პორტუგალიელმა ერთხელ მეტოქის საჯარიმოში "იცეკვა" და მთელ დაცვას თავბრუ დაახვია, მაგრამ დარტყმა ზუსტი აღარ გამოუვიდა. ლეომ ძელს გაარტყა... მესისა და რონალდოს დაპირისპირება ახლა კიდევ უფრო აქტუალური იმ აურზაურის გამოც გახდა, რომლის მიხედვითაც, რონალდო მესის "რეალის" გასახდელში შეურაცხმყოფელი სიტყვით იხსენიებს და ამას თითქოს, სხვებსაც აიძულებს.
მოგეხსენებათ, მან ეს ბრალდება უარყო და ჭორების გამავრცელებლებს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. ვარსკვლავები მატჩამდე თბილად მიესალმნენ ერთმანეთს, მაგრამ პირზე ხელები ჰქონდათ აფარებული და არ ვიცით, რას ეუბნებოდნენ ერთურთს.
მატჩი სანახაობრივი გამოვიდა, მიუხედავად ერთადერთი გოლისა, რომელიც მატჩის მიწურულს გავიდა.
არგენტინაში ერთ-ერთი მთავარი თემა კარლოს ტევესის ნაკრებში დაბრუნებაა. იგი მშვენიერ ფორმაშია და ხერარდო მარტინომ ეს დააფასა - "აპაჩე" 61-ე წუთზე ჩართო თამაშში. "ტატამ" საერთოდ დაასვენა სერხიო აგუერო, მაგრამ "ალბისელესტეს" შეტევა მაინც მრისხანედ გამოიყურებოდა - პასტორე-დი მარია-მესი-იგუაინი.
გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზსა და ნაკრების გადახალისებას აგრძელებს ფერნანდუ სანტუში, რომელმაც ცვლილება ორმაგად გამოიცნო. ბევრისთვის მოულოდნელად, რონალდო შესვენების მერე შეცვალა და რიკარდო კვარეშმა გამოუშვა, რომლის პასითაც გაიტანა კიდეც ასევე ცვლილებაზე შესულმა რაფაელ გერეირომ. საინტერესოა, რომ 20 წლის გერეირო ლიგა 1-ის ერთ-ერთი აუტსაიდერის, "ლორიანის" მცველია, მაგრამ მწვრთნელი ამტკიცებს, რომ შანსი ყველას ექნება, ვინც მოინდომებს და კარგად ითამაშებს.
კიდევ ერთი გამოსარჩევი ის გახლდათ, რომ "მანჩესტერიდან" "სპორტინგში" განათხოვრებულმა ნანიმ "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელი "ანგელოზი" დი მარია დააშავა.
"ყველამ კარგად მოინდომა და ბიჭების შემართება მომეწონა, თანაც ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. მატჩი ამხანაგურია, მაგრამ გამარჯვება გვახარებს. რონალდო იმიტომ შევცვალე, რომ მას ძალიან ბევრი თამაში უწევს და მითხრა, გადაღლილი ვარო. იყვნენ სხვა დაღლილი ფეხბურთელებიც, მაგრამ ყველას ხომ ვერ შევცვლიდი? გადავწყვიტე, ისინი გამეყვანა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს" - თქვა სანტუშმა.
ხერარდო მარტინო: "წაგების გარდა, ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ბოლო წუთზე გაშვებული ბურთის გამო მარცხი დასანანია, მაგრამ სხვა ყველა ასპექტში ვაჯობეთ მეტოქეს. ბურთს ვფლობდით, ვდომინირებდით, მომენტებს ვქმნიდით... ცუდია, რომ ვერ გამოვიყენეთ. პორტუგალიას კი სულ ორი შანსი ჰქონდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული