2014 წლის ასი საუკეთესო ფეხბურთელი FourFourTwo-სგან - კრიშტიანო პირველია

AutoSharing Option
ბრიტანულმა საფეხბურთო ჟურნალმა FourFourTwo-მ, ტრადიციულად, დაასახელა წლის ასი საუკეთესო ფეხბურთელი. 2014 წლის ასეულს სათავეში კრიშტიანო რონალდო უდგას, რომელიც ჟურნალის ექსპერტებმა პლანეტის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ეს ერთ-ერთი პირველი ნიშანია, რომ "ოქროს ბურთის" ნომინანტ სამეულშიც ფავორიტი მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავია.

29 წლის კრიშტიანო რონალდომ პრესტიჟული ჟურნალის აღიარება ზედიზედ მეორე წელია, მიიღო - 2013 წელსაც ის გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

"რეალის" სუპერვარსკვლავმა ლა ლიგის 2013/14 წლების სეზონში 30 მატჩში 31 გოლი გაიტანა, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე 11 შეხვედრაში 17 გოლი (ჩემპიონთა ლიგის
რეკორდი) დაუმატა. ამ სეზონში "რეალმა", როგორც იქნა, აისრულა ოცნება და სანუკვარი "დესიმა", ანუ ჩემპიონთა თასი მეათედ მოიპოვა.

FourFourTwo-მ წლის ასი საუკეთესო ფეხბურთელი უკვე მერვედ დაასახელა. ჟურნალის მოწინავე ხუთეულში მოხვდა რონალდოს თანაგუნდელი გარეთ ბეილიც, უელსელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მანვე მოაგებინა "ბარსელონას" კარში გატანილი გოლით "რეალს" კოპა დელ რეიც. ბეილმა ესპანეთში პირველივე სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა.

ჟურნალის ვერსიით, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონთა კაპიტანი ფილიპ ლამი დგას. გერმანელმა ლიონელ მესის აჯობა, რომელიც მხოლოდ მესამეა, მიუხედავად იმისა, რომ წლეულს მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ლიდერთა კვარტეტში მიუნხენის "ბაიერნის" კიდევ ერთი წევრი მოხვდა - გოლკიპერი მანუელ ნოიერი. ხუთეულს კი ბეილი აგვირგვინებს.

ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნი" ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი გუნდია ტოპ-100-ში - "ალიანს არენაზე" მოთამაშე 14 ფეხბურთელი რჩეულთა სიაშია. მოკლედ, ბავარიელებს სათადარიგოთა სკამზეც კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა წარმომადგენლები ჰყავთ.

პრემიერლიგიდან ყველაზე მეტი წარმომადგენელი ასეულში ჟოზე მოურინიოს "ჩელსის" ჰყავს - 9. "მანჩესტერ იუნაიტედს" ერთით მეტი წარმომადგენელი ჰყავს, ვიდრე მეზობელ "სიტის" - 7; "არსენალი" 4 ფეხბურთელით არის წარმოდგენილი, ხოლო "ტოტენჰემი" - მხოლოდ ერთით.

ინგლისელ ფეხბურთელებს ასეულში სანთლით თუ იპოვით, სულ სამია. ამდენივე წარმომადგენელი ჰყავთ ხორვატებს და ბელგიელებს. რაც ყველაზე მეტად აფიქრებთ ინგლისელებს, უელსელებს მათზე მხოლოდ ერთი ფეხბურთელით ნაკლები ჰყავთ სიაში - 2.

ინგლისელთაგან საუკეთესო, რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ეროვნული ნაკრების კაპიტანი უეინ რუნია, მაგრამ ისიც კი ძლივს მოხვდა ტოპ 50-ში.

ლიგების მიხედვით ასე გადანაწილდა: პრემიერლიგა - 29 ფეხბურთელი; ლა ლიგა - 27; ბუნდესლიგა - 19; სერია A - 17; ლიგა 1 - 4; რუსეთის პრემიერლიგა - 2; პორტუგალიის პრიმეირა - 1; ერედივიზიე - 1.

2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეული
1-20
1. კრიშტიანო რონალდო; 2. ფილიპ ლამი; 3. ლიონელ მესი; 4. მანუელ ნოიერი; 5. გარეთ ბეილი; 6. ზლატან იბრაჰიმოვიჩი; 7. დიეგო კოშტა; 8. ლუის სუარესი; 9. ანხელ დი მარია; 10. არიენ რობენი; 11. ტიბო კურტუა; 12. ანდრეს ინიესტა; 13. თომას მიულერი; 14. ტონი კროოსი; 15. ნეიმარი; 16. სერხიო აგუერო; 17. დიეგო გოდინი; 18. ლუკა მოდრიჩი; 19. სესკ ფაბრეგასი; 20. იაია ტურე.

21-40
21. რობერტ ლევანდოვსკი; 22. ბასტიან შვაინშტაიგერი; 23. მარკო როისი; 24. დავიდ სილვა; 25. მარიო გიოტცე; 26. ედენ აზარი; 27. არტურო ვიდალი; 28. სერხიო რამოსი; 29. ტიაგო სილვა; 30. ივან რაკიტიჩი; 31. ფრანკ რიბერი; 32. ჯეიმს როდრიგესი; 33. სერხიო ბუსკეტსი; 34. ალექსის სანჩესი; 35. ქარიმ ბენზემა; 36. პოლ პოგბა; 37. ნემანია მატიჩი; 38. ვენსან კომპანი; 39. რადამელ ფალკაო; 40. კარლოს ტევესი.

41-60
41. ჟერომ ბოატენგი; 42. ხავიერ მასკერანო; 43. ჩაბი ალონსო; 44. ბრანისლავ ივანოვიჩი; 45. რობინ ვან პერსი; 46. დავიდ ალაბა; 47. კოკე; 48. მესუთ იოზილი; 49. უეინ რუნი; 50. არდა თურანი; 51. ანტონიო დი ნატალე; 52. ლეონარდო ბონუჩი; 53. მარიო მანჯუკიჩი; 54. ჯანლუიჯი ბუფონი; 55. გაბი; 56. ჯორჯო კიელინი; 57. ჩავი ერნანდესი; 58. ოსკარი; 59. გონსალო იგუაინი; 60. რაჰემ სტერლინგი.

61-80
61. მატს ჰუმელსი; 62. ფრანჩესკო ტოტი; 63. კეილორ ნავასი; 64. ედინსონ კავანი; 65. დეილი ბლინდი; 66. დანიელე დე როსი; 67. ხუან კუადრადო; 68. ესეკილ გარაი; 69. პედრო როდრიგესი; 70. ანდრეა პირლო; 71. მარსელო; 72. მირალემ პიანიჩი; 73. დანიელ სტარიჯი; 74. ხავი მარტინესი; 75. ანტუან გრიზმანი; 76. ისკო; 77. დანტე; 78. ხუან მატა; 79. სანტი კასორლა; 80. ჟერვინიო.

81-100
81. ბლაზ მატუიდი; 82. დავიდ დე ხეა; 83. სესარ ასპილიკუეტა; 84. ჰენრიხ მხითარიანი; 85. რაფაელ ვარანი; 86. აარონ რემზი; 87. მარტინ კასერესი; 88. უგო ლორისი; 89. სამირ ნასრი; 90. ჩირო იმობილე; 91. მეჰდი ბენატია; 92. ჯექსონ მარტინესი; 93. პაბლო საპალეტა; 94. მატიო ვალბუენა; 95. დანი ალვეში; 96. ხოსე კალეხონი; 97. მემფის დეპაი; 98. შტეფან ლიხტშტაინერი; 99. მარიო ბალოტელი; 100. რიკარდო როდრიგესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული