ფეხბურთელები, რომლებმაც 2014 წელს კარიერა დაასრულეს

AutoSharing Option
2014 წელს კარიერა არაერთმა ბრწყინვალე მოთამაშემ დაასრულა, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში...

რივალდო (42)
ბრაზილიის ჩემპიონი, ესპანეთის ჩემპიონი, საბერძნეთის ჩემპიონი, უზბეკეთის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და რაც მთავარია, მსოფლიოს ჩემპიონი. "ოქროს ბურთის" მფლობელი და ფეხბურთელი, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ლეგენდა. მისი ხანგრძლივი კარიერიდან ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც "ბარსელონაში" გატარებული წლები იყო, როდესაც გუნდის ლიდერი და მთავარი დამრტყმელი ძალა გახლდათ.

კრისტიან კივუ (34 წლის)

კრისტიან კივუმ კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა, რისი მიზეზიც ქრონიკული ტრავმებია. საუკეთესო წლები "ინტერში" გაატარა, სადაც იტალიის
ჩემპიონი და თასის მფლობელი 3-3-ჯერ გახდა. მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. სანამ "ინტერში" გადავიდოდა, "რომას" ფეხბურთელი იყო, იქამდე კი "აიაქსში" ასაპარეზობით გამოიჩინა თავი.

გაბრიელ ჰაინცე (36)
მცველი, რომელმაც კარიერის განმავლობაში ევროპული ფეხბურთის გრანდებში ითამაშა, არგეტინის ეროვნული ნაკრების მაისური კი 72-ჯერ მოირგო. გაბრიელ ჰაინცე მარსელის "ოლიმპიკთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონი, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ინგლისის ჩემპიონი, ხოლო მადრიდის "რეალთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

ტიერი ანრი (37)
ლონდონის "არსენალთან" და "ბარსელონასთან" ერთად, არაერთი დიდი ტურნირი მოიგო, მათ შორის - ლა ლიგა, პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა. განსაკუთრებით მაინც "არსენალის" გულშემატკივრებს უყვართ, რადგან ამ გუნდში მთელი 8 წელი დაჰყო. გამოირჩეოდა თამაშის განსაკუთრებული სტილით. სულ საკლუბო კარიერაში 581 მატჩი გამართა და 284 გოლი შეაგდო. საფრანგეთის ნაკრებში 123 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა, გახდა მსოფლიოს 1998 წლის და ევროპის 2000 წლის ჩემპიონი.

Sportall.Ge

ჰარი კიუელი (36)
ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ავსტრალიელი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ საფეხბურთო მსოფლიოს "ლიდს იუნაიტედში" ასპარეზობით გააცნო თავი. მაშინდელი "ლიდსი" ინგლისის პრემიერლიგაში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა და ჩემპიონთა ლიგაშიც ანგარიშგასაწევი ძალა იყო. შემდეგ კიუელი "ლივერპულში" გადავიდა, რასაც "გალათასარაი" და ავსტრალიური გუნდები მოჰყვა, თუმცა "ლიდსი" მისი კარიერის მწვერვალად დარჩა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდულ გუნდთან ერთად, მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ნუნუ გომეში (38)
ფორვარდი, რომელიც პირველ რიგში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობით დაგვამახსოვრდა. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა, 4 წლის შემდეგ კი ევროფორუმი პორტუგალიაში ჩატარდა და იქ ვერცხლის მედალს დაეუფლა. საკლუბო კარიერის დიდი ნაწილი "ბენფიკას" მიუძღვნა, ორჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი და ერთხელ თასის მფლობელი. "ფიორენტინასთან" ერთად იტალიის თასი მოიგო.

ჟუნინიო პერნამბუკანო (39)
ფეხბურთელი, რომელმაც თავი საჯარიმო დარტყმების უბადლო შესრულებით დაგვამახსოვრა. დარტყმის თავისებური მანერა ჰქონდა, რომლის შემდეგაც ბურთი უცნაურ ტრაექტორიას ხაზავდა. კარიერის საუკეთესო წლები "ლიონში" გაატარა და ამ გუნდთან ერთად საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონი გახდა. ჟუნინიოს "ლიონი" ჩემპიონთა ლიგაზეც ანგარიშგასაწევი ძალა იყო.

რაული (37)
ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი მადრიდის "რეალს" მიუძღვნა. სამეფო კლუბთან ერთად 6-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ესპანეთის ნაკრების მაისურით 102 შეხვედრა გამართა და 44 გოლი გაიტანა. კიდევ ერთი ლეგენდა, რომელმაც ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.

Sportall.Ge

კლარენს ზეედორფი (38)
ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამი გუნდის შემადგენლობაში მოიგო: "აიაქსთან", მადრიდის "რეალთან" და "მილანთან" ერთად. ლომბარდიულ გრანდში მან ორჯერ იპირველა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე. ამასთან, გახდა ჰოლანდიის, ესპანეთის და იტალიის ჩემპიონი. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 87 მატჩი გამართა და 11 გოლი გაიტანა. მისი ბოლო გუნდი ბრაზილიური "ბოტაფოგო" იყო.

რაიან გიგზი (41)
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, რომელმაც ინგლისური გრანდის შემადგენლობაში 24 წელი ითამაშა (!) და უამრავი ტიტული მოიგო. თავად განსაჯეთ, პრემიერლიგის 13-გზის გამარჯვებულია(!), ჩემპიონთა ლიგა კი 2-ჯერ მოიგო. "იუნაიტედის" რიგებში 672 მატჩი გამართა და 114 გოლი გაიტანა. გასაგებ მიზეზთა გამო ნაკლებად წარმატებული იყო უელსის ნაკრებთან ერთად, 2012 წლის ოლიმპიადაზე კი ბრიტანეთის ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვა.

ხუან სებასტიან ვერონი (39)
კიდევ ერთი ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომლის თამაში მილიონობით გულშემატკივარს აღაფრთოვანებდა. ითამაშა არგენტინის, იტალიის და ინგლისის 9 კლუბში, სადაც არაერთი ტიტული მოიგო. გახდა აპერტურას არაერთგზის გამარჯვებული, მოიგო ლიბერტადორესის თასი; იტალიაში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ინგლისში კი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა. თუმცა, ტიტულებზე მეტად, მისი თამაში დაგვამახსოვრდა: ბურთის უბადლო ფლობა, მოედნის იდეალური ხედვა და პასის უმაღლესი კულტურა. ვერონმა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 73 მატჩი გამართა და 9 გოლი გაიტანა.

კარლეს პუიოლი (36)
ბრწყინვალე მცველი, რომელმაც მთელი კარიერა "ბარსელონაში" გაატარა და უდიდეს წარმატებებს მიაღწია. კარლეს პუიოლი იმ "ბარსას" წევრი იყო, რომელმაც პეპ გვარდიოლასთან ერთად ყველაფერი მოიგო და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ფანტასტიკური ფეხბურთი ითამაშა. პუიოლი ესპანეთის 6-გზის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის 3-გზის გამარჯვებულია. ესპანეთის ნაკრებთან ერთად, ევროპის 2008 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი გახდა. მხოლოდ ტრავმამ შეუშალა ხელი, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი მოეგო.

Sportall.Ge

ლენდონ დონოვანი (32)
ლენდონ დონოვანი ამერიკის ეროვნული ნაკრების და MLS-ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად არის მიჩნეული და ამით ყველაფერია ნათქვამი. პირველ რიგში, მან ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობით დაგვამახსოვრა თავი, რადგან წლების განმავლობაში გუნდის სული და გული იყო. ეროვნული ნაკრების მაისურით 157 მატჩი ჩაატარა და 57 გოლი შეაგდო. საკლუბო კარიერის დიდი ნაწილი "ლოს ანჯელეს გალაქსის" რიგებში იყო, სადაც 9 წელი გაატარა და საჩემპიონო ტიტული სამჯერ მოიგო.

ერიკ აბიდალი (35)
ლეგენდარული "ბარსელონას" კიდევ ერთი წევრი, რომელმაც კატალონიურ გრანდთან ერთად ყველაფერი მოიგო. "ბარსას" შემადგენლობაში 6 წელი გაატარა და ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც გუნდს გვარდიოლა ედგა სათავეში. გახდა ლა ლიგის 4-გზის და ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებული. იქამდე "ლიონში" ასპარეზობდა და ასევე არ აკლდა ტიტულები: სამჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. კარიერის ბოლო წლები "მონაკოსა" და "ოლიმპიაკოსში" გაატარა.

მაურო კამორანეზი (38)
მაურო კამორანეზიმ საკლუბო კარიერის საუკეთესო წლები "იუვენტუსში" გაატარა, სადაც მთელი 8 წელი დაჰყო და სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. თუმცა, მისი მთავარი მიღწევა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონობაა. არგენტინაში დაბადებულმა კამორანეზიმ იტალიის ნაკრებში თამაში არჩია და არც უნანია; "სკუადრა აძურას" რიგებში 55 მატჩი გამართა და 5 გოლი გაიტანა. კარიერის ბოლო სეზონი არგენტინულ "რასინგში" გაატარა.

ხავიერ ძანეტი (41)
თუ ადრეულ წლებს არ ჩავთვლით, მთელი კარიერა მილანის "ინტერს" მიუძღვნა. ლომბარდიულ გრანდთან ერთად, იტალიის ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა და ისე წავიდა, რომ ბოლომდე შესანიშნავ ფორმაში იყო. ხავიერ ძანეტი სიმბოლოა იმ "ინტერის", რომელმაც ჟოზე მოურინიოს თავკაცობით, ტრიპლეტი შეასრულა და 2010 წელს ყველა ტურნირი მოიგო, სადაც კი ასპარეზობდა.

Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული