აფრიკის ერთა თასის ამბები: სონგმა ნაკრებზე უარი თქვა

AutoSharing Option
დიაფრა სახო ნაკრებს ვერ დაეხმარებ
ლონდონის "ვესტ ჰემის" თავდამსხმელი დიაფრა სახო სენეგალს აფრიკის ერთა თასზე ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი 25 წლის ფორვარდის მხრის ტრავმაა, რომელიც ბოლომდე ვერაფრით მოიშუშა. ამის გამო "ჩაქუჩების" თავკაცი სემ ალარდაისი იქამდეც უკმაყოფილო იყო, რადგან მისი აზრით, ტრავმა სახომ სანაკრებო შეკრებისას გაიმიზეზა გასული წლის ნოემბერში და სენეგალს იგი მაშინაც არ უნდა გამოეძახა. ახლა კი ნაკრებში სახოს ადგილს შვეიცარიული "სიონის" შემტევი, 21 წლის პაპე მუსა კონატე დაიკავებს.

"სახო 23-კაციან განაცხადში იმიტომ არ არის, რომ მხრის ტრავმა აქვს და ახლა
მასზე დაყრდნობა გამორიცხულია" - განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა და სენეგალის ამჟამინდელმა მწვრთნელმა ალენ ჟირესმა.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის თასი სტარტს 17 იანვარს ეკვატორულ გვინეაში აიღებს. სენეგალი ჯგუფში განასთან (19 იანვარს), სამხრეთ აფრიკასთან (23 იანვარს) და ალჟირთან (27 იანვარს) ითამაშებს. იქამდე კი ჟირესის ბიჭები ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებენ 9 იანვარს გაბონთან და 13-ში გვინეასთან.

სონგი კამერუნს დაემშვიდობა
ალექს სონგმა სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 27 წლის ნახევარმცველი განაწყენდა მას მერე, რაც კამერუნის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფოლკერ ფინკემ მას აფრიკის ერთა თასისთვის ნაკრებში არ გამოუძახა. ასე რომ, "ბარსელონადან" "ვესტ ჰემში" განათხოვრებული საყრდენი ნახევარმცველი "ჩაქუჩებს" აფრიკის თასის დროს არ დააკლდება.

"ჩემი სიყვარული ქვეყნისა და ნაკრებისადმი არასოდეს განელდება. ახლა მსურს, კონცენტრაცია სრულად საკლუბო კარიერაზე მოვახდინო და "ვესტ ჰემში" ყველაფერი ხელახლა დავიწყო. მსოფლიოს ჩემპიონატისა და მას შემდეგ, რაც აფრიკის ერთა თასისთვის განაცხადში ვერ მოვხვდი, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სანაკრებო კარიერა დავასრულო.

ვიცი, რომ ბოლო დროს გარკვეული დისკუსიები და საუბრები იყო ჩემ შესაძლო დამატებაზე ნაკრებში, მაგრამ ბევრი ფიქრისა და ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ, ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე" - განაცხადა სონგმა, რომელსაც ნაკრებში 47 მატჩი აქვს ჩატარებული და რომელსაც კამერუნის ღირსება 2014 წლის მუნდიალზე ხორვატიასთან მატჩის მერე არ დაუცავს, იმ შეხვედრაში იგი გააძევეს.

ეკვატორული გვინეა ფორსმაჟორში
ეკვატორული გვინეის ფეხბურთის მამებმა საინტერესო და ცოტა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს - აფრიკის ერთა თასის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ამ ტურნირის მასპინძელმა ქვეყანამ მწვრთნელი გამოიცვალა. იქაური ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ანდრეს ხორხე მბოიომ ანდონი გოიკოეჩეას მოხსნა გადაწყვიტა და პოსტზე არგენტინელი ესტებან ბეკერი დანიშნა. 50 წლის ბეკერი საინტერესოა იმით, რომ აქამდე იგი სათავეში ეკვატორული გვინეის ქალთა ნაკრებს ედგა და ქალბატონებთან ერთად, აფრიკის ერთა თასი უკვე მოიგო. ახლა კი მისი მყისიერი ეფექტის მამაკაცთა ნაკრებშიც ეიმედებათ.

ერთი სიტყვით, ეკვატორული გვინეა ყოველმხრივ ფორსმაჟორშია. შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყანამ ბოლო მომენტში აიღო თავის თავზე აფრიკის ერთა თასის მასპინძლობა, მას მერე, რაც თავდაპირველმა მასპინძელმა მაროკომ ებოლას ვირუსის საფრთხის გამო უარი განაცხადა ტურნირის მიღებაზე. ახლა კი ამ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ზუსტად შეჯიბრების წინ დაენიშნა, ბეკერს დაახლოებით 10 დღე გამოსდის გუნდის მოსამზადებლად.

"სიტი" ბონის მიუახლოვდა
ბრიტანულ პრესას თუ ვენდობით, "მანჩესტერ სიტი" უილფრიდ ბონის ხელში ჩაგდებასთან ძალიან ახლოს არის. მართალია, კოტდივუარელით "ლივერპული", "ტოტენჰემი" და სხვებიც არიან დაინტერესებულნი, მაგრამ "ქალაქელები" ფავორიტებად არიან მიჩნეულნი და მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ფეარ პლეის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გვარიანი მაქინაციების ჩატარება მოუწევთ, მაინც აპირებენ ბონის გადაბირებას.

როგორც ამბობენ, "სიტი" ბონიში 30 მილიონ ფუნტზე მეტსაც გადაიხდის და თუ ტრანსფერი შედგა, ეს უელსური "სუონსისთვის" სარეკორდო გაყიდვა იქნება. ამ მხრივ, სარეკორდო ტრანსფერი "თეთრმა გედებმა" 2012 წლის აგვისტოში განახორციელეს, როდესაც "ლივერპულს" ჯო ალენი 15 მილიონ ფუნტად მიჰყიდეს. შეგახსენებთ, რომ ბონი "სუონსიმ" 2013 წელს კლუბისთვის სარეკორდო თანხად, 12 მილიონ ფუნტად შეიძინა არნემის "ვიტესიდან".

სხვათა შორის, ბონი პრემიერლიგაში უშუალოდ 2014 წლის საუკეთესო ბომბარდირია 20 გოლით. ის ახლა აფრიკის ერთა თასზე გაემგზავრა და დაახლოებით სამი კვირა კოტ დ'ივუარს დაეხმარება. შესაძლო ტრანსფერის შესახებაც საბოლოო გადაწყვეტილება, ალბათ, სწორედ 26 წლის თავდამსხმელის ინგლისში დაბრუნების შემდეგ იქნება მიღებული. ბონის, ალბათ, სავარაუდო ხელფასიც მოხიბლავს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, კვირაში 200 ათასი ფუნტი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული