იტალიაში "სამპდორიას" პრეზიდენტი არ ცხრება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე სერია A-ზე სხვა სალაპარაკო აღარც არაფერი იქნება. თუმცა გასულ უქმეებზე იტალიაში იყო ერთი ექსპერტიც, რომელიც საუკეთესო მაგალითი გამოდგა იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ექსპერტი.
იმ დროს, როცა ინგლისში გულისამაჩუყებელი ამბავი ჰეფი ენდით დამთავრდა, საფეხბურთო ესპანეთი რონალდოსა და შეიკის გაშორების
იტალია
მასიმო მთვარეზე
უკვე დროა, რომ გამოთქმა "No Totti, no party" ("არ არის ტოტი, არ არის შოუ") გადავაკეთოთ გამოთქმად "No Massimo, no party". რა თქმა უნდა, "სამპდორიას" ბატონ-პატრონ მასიმო ფერეროს ვგულისხმობ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი არ არის, იტალიის ჩემპიონატში ყოველთვის საუკეთესო შოუს დგამს - კლუბის პრეზიდენტიც ასეთი უნდა! მასიმო მთვარეზე
დონ მასიმოს გუნდმა ამჯერად პარმაში მოიგო (2:0) და მატჩის დასრულების შემდეგ ფერერო მოედანზე ფეხბურთელებთან ერთად ცეკვავდა. მიზეზიც ჰქონდა: მისმა "სამპდორიამ" იტალიის ჩემპიონატის პირველი წრე ყველასათვის მოულოდნელად, მეოთხე ადგილზე დაასრულა.
სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ საფეხბურთო იტალიის მთავარი კლოუნი ისევ გენიალურ ხასიათზე ყოფილიყო და მთელი იტალია გაეხალისებინა.
მასიმო არა მარტო ცეკვავდა, არამედ მღეროდა კიდეც - სახელდობრ, იტალიური შლაგერის ვარსკვლავის, ჯანი მორანდის 1963 წლის სიმღერას, რომლის ტექსტიც მასიმომ პირდაპირ "სქაის" რეპორტიორის მიკროფონში ჩაჰყვირა: "100-ით მივქროდი, yeah yeah yeah yeah!"
სიმღერას რომ მორჩა, "სამპდორიას" პრეზიდენტმა კომენტარის გაკეთებაც ინება. აი, რა უთხრა მასიმომ "რაის":
"ჩემ გარეშე აქ არაფერი მოხდებოდა! ჩვენ აქ იმისათვის ჩამოვედით, რომ მეტოქე მაგრად მიგვებეგვა! "სამპდორიას" მთვარეზე ავიყვან!"
მთვარეზე ასასვლელად მასიმოს 100 კმ/სთ-ზე გაცილებით მეტი სისწრაფე დასჭირდება და ფერერო საჭირო სისწრაფის განვითარებას, სავარაუდოდ, სამუელ ეტო’ოს მეშვეობით იმედოვნებს, რომლის ტრანსფერიც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.
ფერეროს სხვა გეგმებიც აქვს: ცნობილი რეჟისორი კამერუნელ ფეხბურთელზე დოკუმენტური ფილმის გადაღებასაც აპირებს და, დავნაძლევდეთ, რომ 2016 წელს "ოსკარის" მოპოვებაზეც ფიქრობს?..
პატარა დიდი პროვინცია
თუ უფრო ადრე არა, "ემპოლი" ქებას გასული უქმეების შემდეგ მაინც იმსახურებს. გუნდი, სადაც ჩვენებური ლევან მჭედლიძე თამაშობს, მინიმუმ, "ინტერთან" ჩატარებული კარგი მატჩის შემდეგ მაინც გახდა დასაფასებელი გუნდი. სხვათა შორის, "სტადიო კასტელანიზე" მოგება რამდენიმე თვის წინათ თვით "იუვენტუსსაც" კი გაუჭირდა."ემპოლის" მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ამ გუნდის 23-კაციანი შემადგენლობის სახელფასო ფონდი წელიწადში 6 მილიონი ევროა, რაც იმ თანხის ნახევარია, რაც "ინტერმა" ჯერდან შაჩირის სანაცვლოდ უნდა გადაიხადოს.
ფლორენციიდან 30 წუთის სავალზე მდებარე ქალაქის გუნდს 8 ფეხბურთელი თავისივე აღზრდილი ჰყავს. "ემპოლის" დამსახურებულმა მწვრთნელმა მასიმო სარიმ ამას წინათ ზედიზედ ორი მატჩი რომ წააგო, სწორედ მაშინ გაუფორმეს ახალი კონტრაქტი 2017 წლამდე.
მოკლედ, "ემპოლი" ისტერიკულ იტალიურ საფეხბურთო ბიზნესში ნამდვილად მოვლენაა. მართალია, ეს გუნდი იტალიის ჩემპიონი ვერასდროს გახდება, მაგრამ მაინც ქარიზმატული რეალობაა. თანაც, ეს არის გუნდი, სადაც ვინჩენცო მონტელა და ანტონიო დი ნატალე გაიზარდნენ.
ბუონანოტე, სტეფანო!
ექსპერტები ფიქრობენ, რომ... ექსპერტები ამბობენ... ექსპერტები მიიჩნევენ... სპორტულ (და არამარტო სპორტულ) პრესაში, ალბათ, ბევრი ისეთი წინადადება წაგიკითხავთ, ამ სიტყვებით რომ იწყება ხოლმე. ერთი ეგაა, გააჩნია, ვინ არიან ეს ექსპერტები. იმედია, ხშირად არ არიან ისეთები, როგორიც იტალიაში "იუვენტუსის" ყოფილი მეკარე სტეფანო ტაკონია.კითხვაზე, რას ფიქრობს "რომას" შესაძლო ახალწვეულის, მოჰამედ სალაჰის შესახებ, მან ასე უპასუხა: "სხვათა შორის, ამ ბიჭზე გადაცემის დაწყებამდეც ვლაპარაკობდით. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის."
მერე გადაცემის წამყვანმა უთხრა, იქნებ "ნაპოლის" მწვრთნელ რაფა ბენიტესის სიტყვებზე მაინც გააკეთოთ კომენტარი, აი, "იუვესა" და მსაჯების თემაზე რომ ილაპარაკაო. ტაკონის პასუხი: "კი, მაგრამ რა თქვა ბენიტესმა? სიმართლე გითხრათ, არ მომისმენია."
საღამო მშვიდობისა, სტეფანო!
ინგლისი
რას მიედ-მოედება ბონი
წინა კვირაში "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრებმა გაოცებისგან პირები დააღეს. საქმე იმაშია, რომ "სიტიმ" "სუონსიდან" 32 მილიონ ევროდ თავდამსხმელი უილფრიდ ბონი შეიძინა. ამ ამბავს ორი მხარე აქვს: ერთი კარგი, მეორე - საოცარი. რას მიედ-მოედება ბონი
კარგი ის არის, რომ ამ ბიჭმა მიმდინარე სეზონში უკვე 9 გოლის გატანა მოასწრო და სამი საგოლე პასიც მიითვალა. საოცარი კი ის გახლავთ, რომ კოტდივუარელი, როგორც იქნა, თავის საყვარელ გუნდში მოხვდა. 26 წლის ბონიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, "მანჩესტერ სიტიში" თამაშზე ჯერ კიდევ 15 წლის წინათ ვოცნებობდიო.
გულისამაჩუყებელი ისტორიაა, არა?
მაშინ პატარა უილფრიდი მხოლოდ 11 წლისა გახლდათ და თურმე "სიტის" ქომაგობდა. ვის არ ახსოვს 15 წლის წინანდელი "სიტი" და ამ გუნდის ლეგენდარული ჯახები "პრესტონ ნორთთან", მაშინ, 1999 წელს, ინგლისის რიგით მესამე ლიგაში...
მერტეზაკერი თუ მესი?
...და ამის მერე ვინმე კიდევ იტყვის, "არსენალს" ტოპ-ოთხეულის დამარცხება არ შეუძლიაო? ლონდონელებმა "მანჩესტერ სიტი" სტუმრად ძალიან ეფექტიანი, ინგლისელები რომ იტყვიან, ბრწყინვალე one-touch-ფეხბურთით 2:0 დაამარცხეს. თუმცა მოსაზრება იმის შესახებ, რომ არსენ ვენგერის ბიჭებს ტოპ-გუნდების დამარცხება არ შეუძლიათ, მითი სულაც არ იყო - "არსენალის" ბოლო გამარჯვება საუკეთესო ოთხეულის წარმომადგენელთან 2012 წლით თარიღდებოდა. თუმცა ეს გუშინწინდელი ამბავია, იმის წინ კი, "არსენალს" ტოპ-ოთხეულის წარმომადგენელი სტუმრად 2011 წლის ოქტომბერში ჰყავდა დამარცხებული.
ვინც თამაშს უყურა, მალევე მიხვდებოდა, რომ ვენგერის გუნდი მოიგებდა. "მეთოფეები", პირველ რიგში, სანტი კასორლას უნდა უმადლოდნენ, რომელიც ძალიან მაგარ ფორმაშია, მაგრამ იმ საღამოს მთავარი გმირი მაინც პერ მერტეზაკერი გახლდათ.
აყლაყუდა გერმანელმა მცველმა ისეთები აკეთა, მატჩის შემდეგ სოციალური ქსელები აკლებული იყო მერტეზაკერის შედარებებით მესისთან, კრუიფთან და, ასე განსაჯეთ, ბეკენბაუერთანაც კი.
Anything else?
წარმატებულ გზაზე დაბრუნდა "მანჩესტერ იუნაიტედიც": ლუი ვან გაალის ბიჭებმა "საუთჰემპტონთან" წაგების შემდეგ თავიანთ გულშემატკივრებს "ქუინზ პარკთან" 2:0-ით მოუბოდიშეს.მართალია, "ქუინზ პარკის" სტატისტიკას საკუთარ მოედანზე ჩატარებულ მატჩებში არა უშავს, აი, სტუმრად კი ეს გუნდი ნამდვილად კატასტროფაა (0 ქულა 10 თამაშში).
ესპანეთი
ყველაზე სწრაფები ესპანეთში
თუ ახლა სახლში ხართ, სამუშაო მაგიდასთან მოკალათდით, ბუტერბროდი მოიმარჯვეთ და თან კითხულობთ ამ წინადადებას, რომელიც აბსოლუტურად უადგილოა, ხელოვნურად გავწელე და ამიტომაც კიდევ ერთხელ გადახედავთ...ყველაზე სწრაფები ესპანეთში
დაახლოებით იმდენი დრო დასჭირდა "კორდობას" ფეხბურთელ ფლორინ ანდონეს გოლის გასატანად, რამდენიც თქვენ წინა წინადადების წაკითხვას მოანდომეთ. ზუსტი დრო 9.8 წამი იყო და რუმინელის ეს გოლი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფ გოლებს შორის მეოთხე ადგილზეა.
ევროპის ტოპ-ლიგებში კი ამ სეზონში მასზე სწრაფი მხოლოდ ერთი კაცი იყო: ლევერკუზენელი ქარიმ ბელარაბი.
თუმცა, სწრაფი გოლების გატანა რთული არ არის; აი, წითელი ბარათის სწრაფად მიღებას კი მოხერხება უნდა. გასული უქმეები ესპანეთში ამ მხრივაც გამორჩეული იყო: "ლევანტეს" ფეხბურთელმა დავიდ ნავარომ წითელი ბარათი სტარტიდან 5 წუთში დაიმსახურა, რაც ამ სეზონში ყველაზე სწრაფი გაძევებაა.
ნაღდი მადრიდული ამბავი
მადრიდელო ქალებო, ჩაიცვით სექსუალურად, წაისვით ფერუმარილი და გაიკეთეთ მოხდენილი ვარცხნილობები - ლა ლიგის ყველაზე მაგარი ბიჭი თავისუფალია (თუმცა ამბობენ, ახალი გულისსწორი უმალ იპოვაო)! ის, რაც წინა კვირებში ჯერ კიდევ ჭორი იყო, ოფიციალურად დადასტურდა: კრიშტიანო რონალდო და ირინა შეიკი ერთმანეთს დაშორდნენ. შესაბამისად, გაიხარა ესპანურმა პრესამაც. უფრო სწორად, დანაყრდა ესპანური პრესა. სხვა აღარაფერი ახსოვდათ.
ერთნი ამბობენ, დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ შეიკი რონალდოს დედის დაბადების დღეზე არ მივიდაო. გაზეთები წერდნენ, დაშორების დამადასტურებელი ფაქტი ის არის, რომ შეიკი რონალდოს "ტვიტერზე" აღარ მისდევსო და ათასი ამგვარი უსარგებლო ინფორმაცია.
მადრიდელო კაცებო, ჩაიცვით რაც გინდათ, მოიმარაგეთ ლუდი, თხილი, ჩასხედით სავარძელში და ჩაუჯექით ამ მომენტს. ქალაქში ახალი ბუტრაგენიო ჩამოსულა! ვისაც დიდი მადრიდისტას ერთ-ერთი გენიალური გოლი ახსოვს, ხსენებული მომენტის გახსენებაზე თმა დღემდე ყალყზე უდგება.
გასულ უქმეებზე ბუტრაგენიო ქარიმ ბენზემამ გაიმეორა, ოღონდ ნაცვლად იმისა, რომ გოლი თვითონ გაეტანა, რონალდოს უპასა. მიუხედავად იმისა, რომ მთლად ბუტრაგენიო არ განმეორდა, "რეალის" ფანებს მაინც გული გაუთბათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"