ანდრეი შევჩენკო: ის წელი ახლაც გუშინდელივით მახსოვს

AutoSharing Option
2004 წელს ანდრეი შევჩენო მესამე უკრაინელი გახდა, რომელმაც "ოქროს ბურთი" მოიპოვა.

"შევაგოლის" ბომბარდირული თვისებები განსაკუთრებით კარგად "მილანის" შემადგენლობაში ჩანდა და კიევის "დინამოსა" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფორვარდის უმთავრესი წარმატებები "როსონერის" უკავშირდება, რომლის რიგებშიც მან 127 გოლი გაიტანა და ამ დიდი გუნდის ისტორიაში ყველა დროის გოლეადორთა სიაში, ოდენ ლეგენდარულ გუნარ ნორდალს ჩამორჩება.

ნაკრების მაისურით ჩატარებულ 111 შეხვედრაში კი შევამ 48 ბურთი შეაგდო. თუ, რას ფიქრობს იგი "ოქროს ბურთზე", რომელიც საფეხბურთო სამყაროში ბოლო პერიოდის აქტუალური თემა იყო, ახლა ერთად გავიგებთ.

- როგორც
ყოფილი გამარჯვებულისთვის, რას ნიშნავს თქვენთვის "ოქროს ბურთი"?
- ძალიან ბევრს. ეს უდიდესი ინდივიდუალური ჯილდოა ფეხბურთში. ეს აღიარება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უაღრესად ღირებულია. ეს ძალიან კარგი ჯილდოა და მასზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. რამდენჯერმე ახლოს ვიყავი და ბოლოს და ბოლოს, მისი მოპოვება შევძელი. ძალიან ბედნიერი გახლდათ, ჩემი ოცნება ახდა.

- როგორ გრძნობდით თავს მეორე დღეს?
- როდესაც კარიერა ჯერ არ დაგისრულებია, ყოველდღიური რუტინა იმდენ დროს გართმევს და იმდენი სამუშაო გაქვს, რომ ფიქრის საშუალება ნაკლებად გეძლევა. უბრალოდ, ჩვეულ გრაფიკს უბრუნდები და მომავალ შეხვედრაზე ფიქრობ და ცდილობ კონცენტრაციას, ეს ნორმალურიცაა.

შემდეგ, მომავალ, წელზე, სეზონზე და ასე... რაც შეიძლება მეტი თამაშის მოგება გსურს და სულ წინ იყურები სხვაგვარად მაღალ დონეზე დარჩენა გაგიჭირდება.

- როდესაც თქვენ "ოქროს ბურთი" მოიგეთ, იმ წელს თუ გაიხსენებთ, როგორი სეზონი იყო?
- ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს, რადგან ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი გახლდათ. კარგად ვთამაშობდი და თავსაც მშვენივრად ვგრძნობდი. "მილანს" მაქსიმალურად ვეხმარებოდი, როგორც საშინაო არენაზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. გარდა ამისა, იმ წელს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები იყო, რთულ ჯგუფში ვიყავით.

ვიცოდი, რომ თუ "ოქროს ბურთის" მოგება მინდოდა, ნაკრებშიდაც გვარიანად უნდა გამომეჩინა თავი და ეს ორმაგ მოტივაციას მაძლევდა. სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში რამდენიმე მატჩი ჩავატარეთ.

თურქეთთან და დანიასთან შეხვედრებში მნიშვნელოვანი გოლები გავიტანე და 2006 წლის მუნდიალის საგზური მოვიპოვეთ. ვფიქრობ, ეს ძალიან დამეხმარა "ოქროს ბურთის" მოპოვებაში.

- 2014 კანდიდატებში თქვენ მანუელ ნოიერი გამოარჩიეთ. კარიერის განმავლობაში უამრავ ბრწყონვალე გოლკიპერს შეხვედრიხართ და რა აქვს ასეთი განსაკუთრებული გერმანელ მეკარეს?
- მსოფლიოს ჩემპიონატს ყურადღებით ვუყურებდი. უპირველეს ყოვლისა, იგი გამარჯვებული ნაკრებიდან გახლავთ და გარდა ამისა, ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. ის ტრადიციული მეკარესავით კი არ თამაშობდა, არამედ უკან ბოლო მცველივითაც იდგა და თავის უკანახაზელებს ძალიან ეხმარებოდა. იგი მხოლოდ მეკარეობის მხრივ არა, ყოველ მხრივ ბრწყინვალე იყო.

- თუმცა მეკარეებისთვის ისევ ძალიან რთულია "ოქროს ბურთის" მოპოვება, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის დარი ფეხბურთელების წინააღმდეგ ჭიდილი...
- დიახ და თან ფაქტია, ეს ფეხბურთელები ბრწყინვალედ თამაშობენ. მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო და რონალდო ჩინებული იყო. ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიამ და არგენტინამ მშვენიერი ფინალი შემოგვთავაზეს.

მესისთვის რთული მუნდიალი გახლდათ, მაგრამ მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და უფრო გუნდისთვის თამაშობდა. შესაძლოა, ინდივიდუალური კუთხით ისეთი კარგი და იდეალური მუნდიალი არ ჰქონდა, მაგრამ ნაკრებისთვის კარგად იმუშავა და არგენტინას ფინალში გასვლაში დაეხმარა.

ამ სამ ღირსეულ კანდიდატს შორის მანუელ ნოიერი იმიტომ გამოვარჩიე, რომ მან რაღაც განსაკუთრებული შემოგვთავაზა მსოფლიოს ჩემპიონატზე და მიუნხენის "ბაიერნთან" ერთადაც ძალიან კარგი წელი ჰქონდა.

- მწვრთნელებიც შევაფასოთ. კარლო ანჩელოტის ხელქვეით "მილანსა" და "ჩელსიში" გითამაშიათ. როგორია ის მწვრთნელის რანგში?
- როდესაც კარლოზე ვსაუბრობ, ყოველთვის ღიმილი მინდება, რადგან ის ფანტასტიკური მწვრთნელია. მასთან დიდებული მოგონებები მაკავშირებს და ჩვენ კარგ მეგობრებად ვრჩებით. მის გამო ძალიან ბედნიერი გახლდით, როდესაც "რეალს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

მადრიდელებს მძიმე და დატვირთული სეზონი ჰქონდათ, მაგრამ წარმატებით დაასრულეს. ძალიან გამიხარდა, რომ იგი ბედნიერი დავინახე. მე უკვე კარგად ვიცოდი თუ ვინ იყო იგი და რა შეეძლო, როდესაც "მილანში" მივედი.

ფანტასტიკურია იმისთვის თვალყურის მიდევნება თუ, როგორ თამაშობს მისი "რეალი" და როგორ კითხულობს იგი თამაშს. კარლომ შესანიშნავი სამუშაო გასწია და ცხადია, აღსანიშნავია ისიც, რომ მას ამავდროულად ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

- რა არის ანჩელოტისთან დაკავშირებული თქვენი საუკეთესო მოგონება?
- საუკეთესო მოგონება არის კარლოსთან ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგა. ფეხბურთში გამარჯვება მთავარია და საუკეთესო მოგონებები სწორედ ამას უკავშირდება. ჩემპიონთა ლიგის მოგება კი ფანტასტიკური წარმატებაა.

გუნდს საუცხოო, მებრძოლი სული ჰქონდა და მწვრთნელთან ჩინებული ურთიერთობა იყო ჩამოყალიბებული. კარლო კარგი სპეციალისტია, მაგრამ ამავდოულად, იგი მოთამაშეების მეგობარია.

- იოახიმ ლიოვზე რას გვეტყვით?
- ის 2014 წლის ტრიუმფატორია. მან ფანტასტიკურად იშრომა. ლიოვი გერმანიის ნაკრებთან ერთად დიდი ხანი მუშაობდა და ბოლოს და ბოლოს, მუნდიალის მომგები გუნდი ააშენა. მან ეს გამარჯვება დაიმსახურა, რადგან ფეხბურთელების შესანიშნავად გაწვრთნა, სწორი გათვლები გააკეთა და მოახერხა იმ ზეწოლისთვის გაეძლო, რაც ძლიერ ნაკრებებზე ყოველთვის არის და რაც ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის ყოლას მოჰყვება.

გერმანელთა ბანაკში არანაირი დაძაბულობა არ იგრძნობოდა, ფეხბურთელები მხიარულად და თავისუფლად გამოიყურებოდნენ, ხოლო საჭიროებისას, კონცენტრაციაც არ უჭირდათ. როდესაც თავდასხმა იყო საჭირო, ნაკრები უმატებდა და უტევდა, როდესაც დაცვა ხდებოდა მნიშვნელოვანი, თავს იცავდა და ასე შემდეგ. გუნდი შეკრულად და ერთობლივად მოქმედებდა და საჭირო მსხვერპლზეც მიდიოდა საერთო მიზნისათვის. გერმანელები და მათი თავკაცი მართლაც კომპლიმენტებს იმსახურებენ.

- ახლა კი დიეგო სიმეონე შევაფასოთ, რომელიც ანჩელოტისგან და ლიოვისგან ცოტა განსხვავებული სპეციფიკის სპეციალისტია. თქვენ რა აზრის ხართ მასზე?
- მე ის მართლაც მომწონს და ვაფასებ, იმ სამუშაოს რომელიც გასწია. მან თავისი საქმე კარგად იცის. მადრიდის "ატლეტიკო" ყოველთვის კარგი გუნდი იყო, მაგრამ მაგალითად, ბოლო 10 წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გადიოდა. ისინი მუდამ გამოირჩეოდნენ კარგი მოთამაშეებით, მაგრამ მატჩებს რეგულარულად ვერ იგებდნენ.

როდესაც "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი სიმეონე გახდა, მას მერე მადრიდელთა სტილი შეიცვალა და ისინი ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან, სტაბილურად წარმატების მიღწევა და ტიტულების მოგება ისწალვეს. დიეგო როგორც ფეხბურთელი მახსოვს და მისი ხასიათი კლუბსაც ემჩნევა, "ატლეტიკო" აგრესიულ და ჟინიან ფეხბურთს თამაშობს.

სიმეონეს ფეხბურთი ძალიან კარგად ესმის, რაც მთავარია მოთამაშეებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მათი მოტივირება ეხერხება და უკვე დაეჩვია წარმატებებს.

"ატლეტიკო" 90 წუთის განმავლობაში პრესინგს თამაშობს, ეს დაუჯერებელია. მან კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც გამარჯვებასთან ახლოს გახლდათ და ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. ფანტასტიკურია.

დოსიე
ანდრეი (ანდრიი) შევჩენკო
დაიბადა: 1976 წ. დვირკივშინა (უკრ)
ამპლუა: ფორვარდი
კარიერა: 1994-99 - კიევის დინამო; 1999-2006 - მილანი; 2006-09 - ჩელსი; 2008-09 - მილანი (იჯარით); 2009-2012 - კიევის დინამო.
უკრაინის ნაკრები: 111 თამაში, 48 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენ არასოდეს ყოფილხარ კაცი!
messi 10
01 თებერვალი 2015 15:46
0
შევა ჩემი საყვარელი ფეხბურთელი.რა გინდოდა ჩელსიში რა .
irakli
01 თებერვალი 2015 14:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული