დრიბლინგი: Je suis Olivier Giroud!

AutoSharing Option
იტალიაში "ლაციოს" შეფმა კლაუდიო ლოტიტომ პირი აიმყრალა; ინგლისში ფულებს ითვლიან და ბიჭებს აფასებენ; ესპანეთში კი მარტინ ედეგორი ტალახში ჩაიძირა.

იტალია
ლოტიტოს უსიამოვნებანი
კარპი კაპრი არ არის. ვინც იტალიის ჩემპიონატს თვალს ადევნებს, ხანდახან სერია B-საც გადახედავს ხოლმე. ასეთებს ეცოდინებათ, რომ იტალიის რიგით მეორე ლიგაში ახლა "კარპი" ლიდერობს და ელიტაში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

ცოტა ხნის წინ ამერიკულ ოჯახს კარპიში ახლობლების მონახულება სურდა - კარპი მოდენას პროვინციაშია. ჩავიდნენ ამერიკელები მილანის აეროპორტში, იქირავეს მანქანა და ნავიგაციაში შემთხვევით, კარპის ნაცვლად კაპრი ჩაწერეს, 625 კილომეტრი სულ სხვა
მიმართულებით გაიარეს და ნეაპოლის სადგურში აღმოჩნდნენ...

დღეისათვის კი კარპი უფრო ცნობილი ადგილია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო. საქმე ისაა, რომ 70 000-მცხოვრებიან პატარა ქალაქს ჰყავს საფეხბურთო გუნდი, რომელიც სერია A-ში გადასასვლელად ემზადება. თუმცა ამ და ამდაგვარი გუნდების წარმატებები ზოგიერთი ბობოლა კლუბების ბოსებს დიდად არ ეპიტნავებათ.

შაბათ-კვირას იტალიელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც მათ ერთ-ერთმა ჯუჯა კლუბმა მიაწოდა და რომელშიც "ლაციოს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო სწორედ "კარპის" დარი გუნდების გამო "ახურებს".

Sportall.Ge

ლოტიტო სერია B-ს პრეზიდენტს ესაუბრება: "რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რაღაც უნდა შევცვალოთ! "პარმა" ვარდება და შენ ელიტაში ისეთ გუნდს მიგზავნი, როგორიცაა "კარპი"? იქნებ "ფროზინონე" და "ლატინაც" გამოაგზავნო? ეს რა ჯანდაბა ხდება? იცი, რა ფასი აქვს მაგ კლუბს? "კარპისთან" ან "ფროზინონესთან" მატჩებში რომელი ტელევიზია გადაიხდის ფულს? ვინ ოხერი გადაიხდის? ტელევიზიებმა საერთოდ არ იციან ამ განავალი გუნდების არსებობის შესახებ..."

ცხადია, რომ ლოტიტოს ამ სიტყვების გამოქვეყნებას თითქმის ყველა პატარა კლუბის პროტესტი მოჰყვა. იყო უამრავი ტრანსფარანტი ან წარწერა მაისურზე "Je suis Carpi!"

"ლაციოს" პრეზიდენტის გამოხდომას "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ბეპე მაროტა ასე გამოეხმაურა: "რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ უცხოელები სწორედ ასეთების გამო დაგვცინიან. ლოტიტო ისეთ კაცს მაგონებს, რომელსაც შუა ხნის ასაკის კრიზისი აქვს!"

ცნობისათვის, ლოტიტოს მაროტაზე ცოტა ხნის წინ ასეთი რამ აქვს ნათქვამი: "ეგ კაცი სერიოზულად როგორ უნდა აღვიქვა? მაროტა ერთი თვალით ბილიარდს თამაშობს, მეორეთი კი ქულებს იწერს".

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსის" დირექტორი მაროტა ელამია...

Sportall.Ge

პროვინციელთა პასუხი ლოტიტოს
თუმცა, გასულ უქმეებზე ლოტიტოს პასუხად ისიც ეყოფოდა, რომ გასულ ტურში სუსტმა კლუბებმა ძლიერები გაამწარეს. მაგალითად, "პალერმომ" "ნაპოლი" დაამარცხა, უიმედო აუტსაიდერად ქცეულმა "პარმამ" "რომასთან" ფრე გაახერხა, მეორე აუტსაიდერმა "ჩეზენამ" კი ლიდერ "იუვენტუსთან" 2:2 ითამაშა, "კიევომ" "სამპდორიას" დამარცხება შეძლო, ხოლო "ემპოლიმ" კი "მილანთან" მიაღწია ფრეს.

ცნობისათვის, "ემპოლის" ძირითად შემადგენლობაში 8 ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებმაც "სან სიროზე" პირველად ითამაშეს.

თუმცა დღეისათვის "როსონერი" უფრო თამაშობს პროვინციელი გუნდივით, ვიდრე "ემპოლი": 2015 წელს ჩატარებული 7 მატჩიდან "მილანმა" მხოლოდ ხუთი ქულა აიღო. შესაბამისად, ოდნავადაც არ არის გასაკვირი ის, რომ "როსონერის" გულშემატკივრები უკვე ითხოვენ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ახლო წარსულში ჯერ კიდევ მათი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელის, ფილიპო ინძაგის თავს.

ინძაგის ხელში "მილანს" 23 შეხვედრიდან, საშუალოდ ერთ მატჩში, 1.3 ქულა აქვს აღებული, რაც ბერლუსკონის 29-წლიანი რეჟიმის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

ინგლისი
გულისხმიერი ფრენკი
ერთი ჩვეულებრივი შეცვლის ან მაისურების ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გაცვლის მიღმა ხანდახან საინტერესო ისტორია "იმალება" ხოლმე. ინგლისიდან თქვენი ყურადღება, პირველ რიგში, "სტოკისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირებისკენ გვინდა მივმართოთ.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მოედანზე შესასვლელად ყველასათვის უცნობი, 17 წლის ფეხბურთელი ემზადებოდა: ოლივერ შენტონს ვგულისხმობთ, რომელიც "სტოკის" ახალგაზრდა მოთამაშეა. ეს ბიჭი "სტოკის" აღზრდილი და ამ ქალაქის სიამაყეა, მაგრამ გულშემატკივრების უმრავლესობამ არ იცოდა, რომ ამ ნახევარმცველისთვის წინა კვირა ცხოვრების ერთ-ერთი ურთულესი იყო - მას "სიტისთან" მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე დედა გარდაეცვალა.

"სტოკის" მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა გადაწყვიტა, რომ ბიჭისთვის ტკივილი ცოტა მაინც შეემსუბუქებინა და მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოედანზე შეუშვა - შესაბამისად, შედგა შენტონის დებიუტი პრემიერლიგაში.

Sportall.Ge

როგორც ჩანს, მისი ამბავი "სიტის" ვეტერანმა ფეხბურთელმა ფრენკ ლემპარდმაც იცოდა - საფინალო სასტვენის შემდეგ ფრენკი შენტონთან მივიდა და მაისურის გაცვლა თვითონ შესთავაზა.

ცნობისათვის, 2008 წელს ლემპარდმაც დაკარგა დედა...

ფულები
მომდევნო სამ სეზონში პრემიერლიგის კლუბები სატელევიზიო კონტრაქტებიდან 6.9 მილიარდ ევროს მიიღებენ. ეს პარადოქსულად დიდი თანხაა. მტკიცებულება გნებავთ? ეს უფრო მეტია, ვიდრე 54 ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) - მათ შორის, საქართველოს, მოლდოვის, ჩერნოგორიის და ა.შ.

ვალენტინი და პირიქით
გასულ უქმეებზე ხომ ვალენტინობა იყო და აი, შესაბამისი ამბავიც: 250 ამერიკელი ქალბატონისგან შემდგარმა ჟიურიმ პრემიერლიგის ყველაზე მაგარი ბიჭები გამოავლინა.

ინგლისის ჩემპიონატში მოღვაწე ფეხბურთელებიდან, ამერიკელი ქალბატონების აზრით, ყველაზე მაგარი ბიჭი ლონდონის "არსენალის" ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუა.

აქვე გადავხედოთ იმ მოთამაშეების სიას, რომლებიც ამერიკელ ქალებს პრემიერლიგიდან ყველაზე მეტად არ მოსწონთ: რიჩი დე ლეატი, ჯეიმს კოლინზი, ჯოლეონ ლესკოტი, ალი სისოხო, ანხელ დი მარია, შეიკ ტიოტე, სტეფენ ქუინი, საიდო მანე, მარიო ბალოტელი, მარუან შამახი...

გულები გაიმაგრეთ, ბიჭებო! ეგ არაფერი...

ესპანეთი
Bienvenido a Segunda Divsion, Senor Odegaard!
გახსოვთ, როგორი ზარ-ზეიმითა და ტაშ-ფანდურით მიიღეს მარტინ ედეგორი მადრიდში? ესპანური პრესა წერდა, უნივერსალური ტალანტი ჩამოვიდა, რომელიც "რეალს" მალე ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებსო.

ნორვეგიელის ნიჭში ეჭვი, რა თქმა უნდა, არ გვეპარება, მაგრამ ფაქტია, რომ ედეგორი ჯერ ქვედა ლიგაში უნდა შეეჩვიოს ახალ გარემოს.

უნივერსალურმა ტალანტმა ამჯერად "რეალის" მეორე გუნდთან ერთად, "ამორბიეტას" წინააღმდეგ, რამდენიმე ასეული მაყურებლის თვალწინ და საზარელ მოედანზე ითამაშა. ნორვეგიელი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს და მისი საუკეთესო მომენტი ის იყო, რომ ლამის მოედნის ცენტრიდან ჯარიმა შეასრულა, რომელიც პირველივე მცველმა მოიგერია.

Sportall.Ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, სეგუნდა B დივიზიონში, სენიორ ედეგორ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მტკიცებულება გნებავთ? ეს უფრო მეტია, ვიდრე 54 ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) - მათ შორის, საქართველოს, მოლდოვის, ჩერნოგორიის და ა.შ. - რა სისულელეს ამბობთ? მთლიანი შიდა პროდუქტი იცით რას ნიშნავს საერთოდ? და აბა რამდენია მაინც საქართველოსი?
შაკო
14:17 18-02-2015
0
შაკო - საქართველოს შიდა პროდუქტი ანუ მპშ 2012 წლის მდგომარეობით შეადგენს 27 მილიარდ დოლარს
ექსპერტი.
16:50 18-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული