არიენ რობენი: მუნდიალი 2018? რატომაც არა!

AutoSharing Option
არიენ რობენმა მოულოდნელად გადაწყვიტა უარი ეთქვა თავდაცვით პოზაზე ხელების გადაჯვარედინებით. გუუს ჰიდინკი, ჟოზე მოურინიო, ლუი ვან გაალი, იუპ ჰაინკესი და პეპ გვარდიოლა - როდესაც დაიწყო იმ მწვრთნელების შთამბეჭდავი სიის ჩამოთვლა, რომელთა ხელმძღვანელობითაც უთამაშია კარიერის განმავლობაში, არიენი უცებ გარდაიქმნა.

"ყოველ მწვრთნელს გარკვეული გავლენა აქვს, - ჰყვება ჰოლანდიელი. - ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი წლის ხარ - 18-ის, 25-ის ან 30-ის, რადგან სხვადასხვა ასაკში ფეხბურთელს მწვრთნელისგან სხვადასხვა რამ სჭირდება. მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა სხვა ფაქტორს აქვს".

ამ მომენტში, ფიქრებში წასული რობენი თავს აქნევს
და წინ იხრება - თითქოს ნამდვილი საუბარი მხოლოდ ახლა იწყება. "ყოველთვის საჭიროა იყო თვითკრიტიკული. თანამედროვე ფეხბურთში არც ისე ცოტანი არიან მწვრთნელები, რომლებსაც შეუძლიათ დაგეხმარონ სრულყოფაში. თუმცა მათი უმრავლესობა შეშფოთებულია გუნდური პროცესით, ამიტომაც საკუთარ თავზე დამოუკიდებლად გიწევს მუშაობა. ამისთვის კი საჭიროა ბრძოლის ჟინი და ამტანობა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის კრიტიკულად შეფასება. სავარაუდოდ, სწორედ ეს არ ჰყოფნის ახალ თაობას".

"ეს 19 ან 20 წლის ბიჭები პირველად გადიან მინდორზე და იწყებენ ფიქრს, რომ ყველაფერს მიაღწიეს. მაგრამ ეს ასე არ არის. სრულყოფას ზღვარი არ აქვს და ის ასაკზე არ არის დამოკიდებული. სწორედ ამ მიზეზით დიდ სიამოვნებას ვიღებ პეპთან მუშაობით. ყოველდღე ვსწავლობ და ეს განსაკუთრებულ შეგრძნებად მიმაჩნია. ხშირად ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებმა შეიძლება ბევრი იმუშაონ, მაგრამ 26 წლის ასაკის შემდეგაც შეიძლება მიაღწიო განვითარებაში პროგრესს. არადა, აქამდე ეგონათ, რომ ამ ასაკის შემდეგ ან შენს დონეზე რჩები ან რეგრესი გაქვს".

* * *
რობენი, რომელმაც გასულ თვეში თავისი 31-ე დაბადების დღე იზეიმა, სინანულით ისვამს ხელს მელოტ თავზე. თანდათან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და არაერთმნიშვნელოვან ფეხბურთელთან ურთიერთობა კიდევ უფრო საინტერესო ხდება. უფრო იოლია იმის გაგება - როგორ მიაღწია რობენმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალ სიმაღლეებს.

"როცა 18 თვის წინ პეპთან მუშაობა დავიწყე, შევნიშნე, რამდენად ღრმად უდგება ის ფეხბურთის შესწავლას, - აგრძელებს რობენი. - ვფიქრობ, არ არის საჭირო კიდევ ერთხელ აღვწერო - რამდენად ჭკვიანია გვარდიოლა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკოსია და მისი ხელმძღვანელობით შესამჩნევად გავიზარდე საკუთარ განვითარებაში. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში საკმაოდ გრძელი გზა გადავლახე".

მაგრამ გვარდიოლამ ვერ აიცილა თავიდან კრიტიკა, ბევრს კი მიაჩნია, რომ მისი "ბაიერნი", იუპ ჰაინკესის 2013 წლის გუნდისგან განსხვავებით, მხოლოდ რეგრესს განიცდის. მაგრამ რობენს ამასთან დაკავშირებით რკინის არგუმენტი მოჰყავს: ჰაინკესის ტრიუმფი 2012 წლის იმედგაცრუებისგან მოდიოდა - ჩემპიონთა ლიგის საშინაო ფინალში "ბაიერნმა" პენალტების სერიაში წააგო "ჩელსისთან". არიენ რობენის ყველაზე უარესი მომენტი სათამაშო კარიერაში იმ საღამოს მხოლოდ მისი გუნდის წაგება არ იყო - ისიც, რომ დამატებით დროში ჰოლანდიელმა ვერ გამოიყენა პენალტი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.

რამდენიმე დღის შემდეგ, პირდაპირ ევრო 2012 წლის სტარტის წინ, რობენი "ბაიერნის" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში გავიდა მოედანზე და მას უმოწყალოდ უსტვინეს საკუთარი კლუბის გულშემატკივრებმა. "სინამდვილეში, ფეხბურთსა და ნებისმიერ სპორტში მომწონს ის, რომ დიდი იმედგაცრუების გრძნობა ახალი მიღწევებისთვის მოტივაციას მაძლევს და მოგვიანებით, სწორედ ეს ხდის წარმატებებს ამდენად სასიამოვნოს", - ამბობს რობენი.

ბუნდესლიგაში თავისი მომდევნო ტიტული "ბაიერნმა" ისტორიაში უდიდესი სხვაობით - 25 ქულით მოიგო. ასევე რობენმა მოიპოვა გერმანიის თასი და გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ამ ტურნირის ნახევარფინალში "ბაიერნმა" ორი მატჩის ჯამში 7:0 გაანადგურა "ბარსელონა", ფინალში კი "უემბლიზე" "დორტმუნდის" წინააღმდეგ რობენმა შექმნა მომენტი პირველ გოლზე და გამარჯვების ბურთიც შეაგდო.

"იმ სეზონის სტარტზე ძალიან მოტივირებული ვიყავი, - იხსენებს რობენი. - თუმცა არა მხოლოდ მე, მთელი გუნდი. ახლა ეს ბანალურად ჟღერს, მაგრამ მაშინ მართლაც ვგრძნობდით ყველაფრის გამოსწორების აუცილებლობას. არდადეგებისგან მიღებულ სიამოვნებაზე ლაპარაკიც არ იყო - ყველა მოუთმენლად ელოდა პირველ ვარჯიშს. გვინდოდა უფრო ძლიერები დავბრუნებულიყავით, ამიტომაც ვარჯიშებზე თავს არ ვზოგავდით. გასული წლის წაგებაზე ჩვენი რეაქცია დაგვეხმარა მიგვეღწია განსაკუთრებული შედეგებისთვის".

* * *
რობენი სათამაშო ფორმისა და ფიზიკური მომზადების პიკზე გავიდა - და აგერ უკვე ზედიზედ სამი წელია არ ჩერდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე მან მისცა თავის გუნდს აღმაფრენა ესპანელების განადგურებაზე, როცა ორი გოლი გაიტანა იკერ კასილიასის კარში და ამის შემდეგ მხოლოდ უმატებდა თამაშს. ბრაზილიაში რობენმა იმაზე მეტად გაიბრწყინა, ვიდრე ლიონელ მესიმ და კრიშტიანო რონალდომ, მაგრამ, ამასთან, დატოვა საფირმო არაერთგვაროვნება.

ადრე თავისი ჯმუხი ხასიათითა და ტრავმებისკენ მიდრეკილებით ცნობილი ჰოლანდიელი მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი კუთხით გაიხსნა. ლუი ვან გაალისგან ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტნის სტატუსის მიღების შემდეგ, რობენს პარტნიორებთან "რკინის ტიტას" რანგში ჰქონდა ურთიერთობა და მუდმივად ამხნევებდა მათ. "ამაში მდგომარეობდა ჩემი როლი. ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, ამიტომაც იძულებული ვიყავი საკუთარ თავზე ამეღო ეს პასუხისმგებლობა.

სიმართლე გითხრათ, მომეწონა. ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში? მატჩის წინ გვესმოდა, რამდენად რთული შეხვედრა გველოდა, მეტოქის სწრაფი გოლის შემდეგ კი საქმე კიდევ უფრო გართულდა. ჩემი აზრით, ვან პერსის გოლი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. და მეორე ტაიმი ჩვენთვის უბრალოდ ფანტასტიკური გამოვიდა: რთული დასაჯერებელი იყო, რომ ასე კარგად ვთამაშობდით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ, რადგან ჰოლანდიისგან მოლოდინი არც ისე მაღალი იყო. საბოლოოდ, პირადად მე უამრავი დადებითი გამოხმაურება მივიღე ამ მატჩის შემდეგ".

თუმცა რობენს არც ისე კარგი შთაბეჭდილებები დარჩა მერვედფინალში მექსიკასთან მატჩის შემდეგ, რომელშიც არიენი სიმულაციაში დაადანაშაულეს. მეტოქის მწვრთნელი მიგელ ერერა განრისხებული იყო სამი საეჭვო ეპიზოდით, რომელშიც ჰოლანდიელი იღებდა მონაწილეობას, ხოლო მის მიერ გამომუშავებული გადამწყვეტ პენალტს "რობენისგან მოგონილი" უწოდა. მოგვიანებით არიენმა აღიარა, რომ იმ მატჩის მსვლელობისას მართლაც სიმულირებდა, მაგრამ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ 11-მეტრიანის მომენტში მის წინააღმდეგ მართლაც დაარღვიეს თამაშის წესი.

"მოხარული ვარ, რომ ვაღიარე ყველაფერი, - ადასტურებს რობენი. - იმ ეპიზოდმა დიდი დისკუსია გამოიწვია, ყველა მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდა. არაფერს ვმალავდი და დამსახურებული სასჯელი მივიღე. ნეგატიურ რეაქციისგან გაქცევა შეუძლებელი იყო, მაგრამ დღემდე ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი ბრალის აღიარებით, სწორად მოვიქეცი. მექსიკის ნაკრებთან მატჩში მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვი..."

რობენი უხერხულად იცინის. "გავიფიქრე, რომ ფეხში დარტყმას მიპირებდნენ, მაგრამ მეტოქემ ფეხი ზუსტად იმ მომენტში წაიღო, როცა წაქცევა დავიწყე. მაგრამ ამ ეპიზოდს თამაშის მსვლელობაზე არ უმოქმედია. არ მომითხოვია პენალტის დანიშვნა. თუმცა ეს მომენტი უკვე წარსული ჩაბარდა, მაგრამ, ალბათ, მექსიკაში მას ახლაც იხსენებენ... საერთოდ კი მიმაჩნია, რომ ფეხბურთელები ხანდახან უფრო უარეს საქციელს სჩადიან".

რობენს, ისევე როგორც ყველა ტექნიკურ და სახიფათო მოთამაშეს, ყოველ მატჩში ურტყამენ ფეხებში. და ის აღიარებს, რომ ხანდახან ეცემა მინდორზე იმის გამო, რომ ტრავმა აიცილოს თავიდან. კოსტა რიკასთან მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ რობენმა განაცხადა, რომ დაიღალა ამგვარი დამოკიდებულებით. ახლა ის მაშინდელ დაპირისპირებას სხვაგვარად განიხილავს: "ვფიქრობ, მსაჯმა იმ მატჩში იდეალურად იმუშავა, რადგან გარკვეულ მომენტებში თავი ველური ირემი მეგონა ტყეში. ისინი ყოველი შესაძლებლობისას ფეხებში მირტყამდნენ, მსაჯმა კი დამიცვა".

* * *
რობენის მიერ სრულყოფილების შენარჩუნება - კიდევ უფრო დამაინტრიგებელი ფენომენია. "ჩელსიში" გამოსვლისას (2004-07) მისი კარიერა მუდმივად წყდებოდა გაუთავებელი ტრავმებით. ათი წლის შემდეგ, ის უფრო ძლიერი, ფიზიკურად უფრო ამტანი და კიდევ უფრო სწრაფი ჩანს - პროგრესი უბრალოდ ფანტასტიკურია. თუ მაშინ ის მორალურად გატეხილ და ყველასგან მიტოვებულ მოთამაშედ მოსჩანდა, ახლა სწრაფ და მარდ ცხოველს წარმოადგენს.

"ამის ახსნა იოლია, - პასუხობს რობენი. - "რეალში" ბოლო სეზონის დროს დავიწყე მუშაობა ოსთეოპატთან და გავაგრძელე არატრადიციული მედიცინის გამოყენება მიუნხენში. "ბაიერნში" ექიმების შესანიშნავი ჯგუფი მუშაობს, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობ, მაგრამ, ამასთან, ვცდილობ დამოუკიდებლადაც ვიმუშაო. ეს ყველაფერი მეხმარება უკეთ ვიგრძნო და ვაკონტროლო საკუთარი სხეული, ხოლო როცა გრძნობ, რომ ის თავისი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს, იმასაც ხვდები - როდის უნდა გაჩერდე. არ მინდა დავითარსო, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდის".

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ახლა, ბევრი ენერია მაქვს, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ის უბრალოდ არსაიდან არ ჩნდება. ბევრ დროს ვატარებ სატრენაჟორო დარბაზში, სადაც ვარჯიშების შემდეგ მივდივარ. სწორედ ეს მაძლევს საშუალებას მინდორზე თავი უკეთ ვიგრძნო. გასაოცარია, მაგრამ ამ სეზონში ჩემი ფორმა უმაღლეს დონეზე რჩება - ზაფხულში ხომ ბევრი ლაპარაკი იყო მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაღლილობაზე".

* * *
იანვარის ბოლოს "ბაიერნმა" წააგო თავისი პირველი მატჩი ბუნდესლიგის წლევანდელ გათამაშებაში - ზამთრის პაუზის შემდეგ ჩემპიონი "ვოლფსბურგმა" 4:1 გაანადგურა. ამის შემდეგ "ალიანც არენაზე" იყო მატჩი "შალკესთან" - რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა "ბაიერნმა" ფრეს მიაღწია, მიუნხენელთა ერთადერთი გოლი კი რობენმა გაიტანა. რამდენიმე დღის შემდეგ კი შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ჰოლანდიელმა დიდი წვლილი შეიტანა მეორე წრეში თავისი გუნდის პირველ გამარჯვებაში - "შტუტგარტის" წინააღმდეგ.

"ჩვენი გუნდი ყველანაირ კომპლიმენტს იმსახურებს, - აცხადებს რობენი. - პირველ წრეში მხოლოდ სამ მატჩში ვითამაშეთ ფრედ, დანარჩენი მატჩები მოვიგეთ. ახლა, ნელნელა უნდა დავბრუნდეთ იმ რითმში".

ამ მიზნისკენ "ბაიერნმა" პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა - 8:0 და 6:0 გაანადგურა "ჰამბურგი" და "პადერბორნი". რობენმა ამ მატჩებში დუბლები შეასრულა. სხვაობა "ბაიერნსა" და "ვოლფსბურგს" შორის ისევ რვა ქულაა.

"ვოლფსბურგთან" მატჩში შეცდომები დავუშვით და მეტოქემ დაგვსაჯა მომაკვდინებელი კონტრშეტევებით. საწყენი იყო გაშვებული გოლი "შალკესთან", მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოვიგებდით, სრული შემადგენლობებით რომ ვყოფილიყავით მოედანზე. რიცხობრივ უმცირესობაში თამაშისას, არ შეიძლება მეორე სართულზე თამაშში მეტოქის საუკეთესო ფეხბურთელს (ბენედიკტ ჰიოვედესი) საშუალება მისცე დასარტყმელ პოზიციაზე გავიდეს".

"მესმის, რომ ეს რთულია. შობამდე ყველა ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ "ბაიერნის" დომინირების გამო ბუნდესლიგა მეტად პროგნოზირებადი ლიგა გახდა. მაგრამ "ვოლფსბურგთან" და "შალკესთან" მატჩების შემდეგ დავრწმუნდით იმაში, რომ ჩემპიონატში კონკურენცია სერიოზულია. გასაგებია, რომ კიდევ უფრო რთულია ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა.

სხვათა შორის არ მომწონს, როცა ხალხი პირდაპირ ლაპარაკობს მეოთხედფინალსა თუ ნახევარფინალზე და გვეკითხებიან "რეალთან" ან "ბარსელონასთან" მომავალ შეხვედრებზე. არადა, ჩვენ "შახტარზე" შორს არ ვიყურებდით. გვარდიოლამ ყველანაირი ინფორმაცია მოგვაწოდა ამ გუნდზე. მან გვითხრა, რომ "ბარსელონაში" მუშაობისას ოთხჯერ თუ ხუთჯერ შეხვდა "შახტარს" და შეაქო ჩვენი მეტოქე. ყოველთვის პეპის მზადება დიდი მატჩებისთვის - ეს რაღაც დაუჯერებელია".

გვარდიოლა რობენს იგივეთი პასუხობს: "შეყვარებული ვარ არიენ რობენზე... მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს". ჰოლანდიელი წითლდება, მაგრამ მაინც აკეთებს კომენტარს: "მე და პეპს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. მომწონს მისი მიდგომა ფეხბურთისამდმი, მისი ტაქტიკური მოქნილობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა სისტემით ვითამაშოთ. ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომელიც მხოლოდ 4-4-2 სქემით თამაშობს. სხვადასხვა ფორმაციებს ვიყენებთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საშუალება მაქვს სხვადასხვა პოზიციაზე ვითამაშო, თუნდაც თავდამსხმელად. ეს შესანიშნავია, რადგან გვარდიოლას თამაშის სტილი, რომელიც დომინაციაზე დაყრდნობილი, იდეალურად მერგება. გარდა ამისა, პეპთან ყოველთვის არის შესაძლებელი ნებისმიერი თემა განიხილო. ღამის სამ საათზეც კი გვარდიოლა მზად არის შენთან ფეხბურთზე ილაპარაკოს".

"ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ სახეზე ეტყობოდა, რომ წაგებამ ძალიან იმოქმედა მასზე. ის ვერ იტანს წაგებას. თუმცა ყველა დიადი მწვრთნელი ასეთია. როცა მოურინიო 1:4-ს აგებს, მან არ შეუძლია მშვიდად დაიძინოს. ისინი გამარჯვებულები არიან. და კიდევ, ძალიან ძლიერები. ამიტომაც აღწევენ წარმატებას".

Sportall.Ge

* * *
თუმცა რობენის ურთიერთობას ჟოზე მოურინიოსთან არაფერი აქვს საერთო გვარდიოლასთან ღამის საუბრებთან. "ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო მასთან მუშაობა იმ ასაკში, რადგან მაშინ ახალგაზრდა ვიყავი. მართალია, რომ ჟოზესთან მუშაობისას ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო. შენ ან მასთან ერთად შეახტები მატარებელს, ან... დარჩები ცარიელი. ჩემი პროგრესისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო".

"თავიდან რთული იყო, რადგან ტრავმა მქონდა. მაგრამ მასაც უჭირდა. რა თქმა უნდა, ის არ წყალობს ფეხბურთელებს, რომლებიც ტრავმებს იღებენ, მაგრამ, ამასთან, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ნდობა გამაჩნდა. რამდენიმე შესანიშნავი მატჩი ჩავატარე "ჩელსიში", მაგრამ ტრავმების გამო ვერ მივაღწიე წარმატებას უფრო ხანგრძლივ მონაკვეთზე, ანუ იმას, რაც ახლა გამომდის".

ამასობაში კი ვან გაალი ცდილობს გადაიბიროს თანამემამულე "ოლდ ტრაფორდზე". რობენი აღიარებს, რომ ბევრი რამის გამო ვან გაალის მადლიერია, მაგრამ "ბაიერნთან" კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც 2017 წლის ზაფხულში იწურება. "საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემს კარიერაში ვან გაალის პიროვნებას უკავშირდება, რადგან სწორედ მან გადამიყვანა "რეალიდან" "ბაიერნში". ერთმნიშვნელოვნად, ეს იყო საუკეთესო ტრანსფერი ჩემს კარიერაში და მადლობელი ვან გაალის იმისთვის, რომ ჩემი სჯეროდა. მიუნხენში ჩემს სადებიუტო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, რაც უდიდესი მოულოდნელობა გახდა, გარდა ამისა, ოქროს დუბლი მოვიგეთ გერმანიაში. ვან გაალმა გუნდის მნიშვნელოვან წევრად მაქცია და საბედნიეროდ, სათანადოდ გადავუხადე ნდობის სანაცვლოდ".

* * *
საუბრის დროს მოდუნებული, რობენი სულაც არ ჰგავს დაბღვერილი და "მყვინთავის" იმიჯის მქონე ფეხბურთელს, როგორც ხშირად წარმოიდგენენ ამ ბრწყინვალე სპორტსმენს. არიენი თავს იქნებს კითხვაზე - ახსოვს თუ არა ინგლისის პრემიერლიგის ტრადიციული საშობაო სერია. "ვერ ვიტყვი, რომ მენატრება საახალწლო მატჩები, მაგრამ თავისი მომენტები მას ჰქონდა. საუკეთესო მათ შორის ის იყო, რომ Boxing Day-ზე სტადიონზე ჩემი ოჯახი მოდიოდა. მაგრამ ოთხი მატჩის თამაში ცხრა დღის განმავლობაში მაინც სრული სიგიჟეა. სეზონის შუაში შესვენება არავის აწყენს".

აღმაფრენით ლაპარაკობს რობენი თავის მშობლიურ კლუბზე, ჰოლანდიის "გრონინგენზე", აგრეთვე თავის მონაწილეობაზე კამპანიაში, რომელიც მოწოდებულია წიგნების პოპულარიზაციაზე. არიენმა ბავშვობის მეგობარ გოგონაზე ბერნადიენზე იქორწინა და მასთან ერთად სამ შვილს ზრდის. ეს ყველაფერი ძალიან თბილად მოსჩანს და რობენი ღიმილს ვერ მალავს:

"მეოჯახე ვარ. მინდა, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო ოჯახთან. ისინი ჩემთან ერთად ევროპაში მოგზაურობდნენ და ყოველთვის მხარს მიჭერდნენ, ამიტომაც კარიერის დასრულების შემდეგ ჩემი პრიორიტეტი იქნება ახლობელი ადამიანები. მაინტერესებს ყველაფერი, რაც შევისწავლე საფეხბურთო მოედანზე გამოსვლისას, მაგრამ ჯერჯერობით არ მაქვს ამბიცია გავხდე მწვრთნელი. თუმცა, რა თქმა უნდა, მესმის, რომ დიად მწვრთნელებთან მუშაობისას დაგროვილი გამოცდილება ითხოვს იმას, რომ ის ვინმეს გავუზიარო".

არიან რობენის თვალებში დიდი სურვილი ჩანს. ის მიზანმიმართულია "ბაიერნთან" ერთად კიდევ ერთ ევროპულ ტრიუმფზე, აგრეთვე უკვე ელოდება მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატს. "რატომაც არა? კარგია, რომ შემიძლია მოვდუნდე, არ ვიფიქრო იმაზე, რისი გაკეთება ვერ მოვასწარი, რადგან ჩემთვის გამოყოფილ დროში ბევრი რამ ვნახე. იქამდე, სანამ ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ და სანამ ჯანმრთელობს მიწყობს ხელს, თამაშს გავაგრძელებ. იმედია, ასევე გავაგრძელებ სრულყოფასაც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული