ქართველი იტალიელები - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

AutoSharing Option
ალესანდრო ნესტამ ავტობუსთან აბადოკი გაისწორა და ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ იქვე კინაღამ ორგაზმი განიცადა.

სერიოზულად. გოგომ ტუჩები გაბერა, თვალები ნახევრად მინაბა, მკერდიც გაბერა და მომენტალურად, რაღაც წარმოიდგინა. იმ მიკროეპიზოდში ის გოგო ალესანდროსთან ერთად იყო.
ალბათ. ავტობუსში ადიოდნენ ლამაზი იტალიელები. ნესტა, პაოლო მალდინი, ფრანჩესკო ტოტი, ალესიო ტაკინარდი გლადიატორის გამოხედვით, ჯანლუკა ძამბროტა, რომელიც ძალიან ჰგავდა ვენსან კასელს და ბუნჩულა ალესანდრო დელ პიერო. სხვებიც ავიდნენ და ყველა იტალიელი გამორჩეულად ელეგანტური იყო. იტალიელები იტალიურად გამოიყურებოდნენ. და აეროპორტში ძალიან ბევრი ქართველი გოგონა იყო. როგორც ადრე, პოლ
მაკარტნიზე, ჯონ ლენონზე, ჯორჯ ჰარისონზე და რინგო სტარზე იკრიბებოდნენ ხოლმე. მივიდოდნენ, დაორგაზმდებოდნენ და დაწმენდილი თვალებით და ნასიამოვნები ეგოთი ეწეოდნენ პაპიროსს.

და გამახსენდა, როგორ დახვდნენ საქართველოს ნაკრებს. ბიჭებს აეროპორტში ხვდებოდნენ ოჯახის წევრები და ზოგს საერთოდ არავინ არ დახვდა. საქართველოს ნაკრები ჩამოვიდა. მერე რა, დიდი ამბავი. საქართველოს ნაკრები ისედაც ჩვენი არ არის? ბიჭები გაიგებენ, თუ ეგზოტიკურ (და რეალურად, უკვე დაზეპირებულ) იტალიას საქართველოში მეტი ქართველი დახვდება. ეს ჩვენი მენტალიტეტია. უფრო სხვაზე ვიწევით, უფრო სხვას ვაფასებთ, უფრო სხვაზე "გვიდგება". მიხეილ ყაველაშვილი, ლევან კობიაშვილი, გიორგი ნემსაძეც ჩამოვიდნენ თბილისში და არავის არ დაუკარგავს გონება, ან არავის არ დაუწყია კივილი, ვაიმეეე, მიშაააა... ნუ, როგორც ნესტას დანახვაზე იმ ჟურნალისტმა დაიგროულა, ნეესსტააა... თან, ცდილობდა, რომ იტალიურად გამოეხატა თავისი აღფრთოვანება და ქართულ-ტოსკანური აქცენტით შეეგება ალესანდროს.

იტალიის ნაკრები ჩვენთან ყველაზე პოპულარულია და ამაზე უკვე წავიჭორავეთ. და საქართველოს ნაკრები არის პოპულარული მხოლოდ იმ დღეებში, როდესაც გვიახლოვდება საქართველოს ნაკრების საკვალიფიკაციო ან ამხანაგური თამაში. საქართველოს ნაკრები საქართველოში ერთჯერადად პოპულარულია.

ფან-კლუბების შექმნის და კონკრეტული ტურნირებისთვის მათი დაარსების პრინციპი მაყუთის სწრაფად მოჭრის საუკეთესო, ქართული გზაა. უთანხმდები რომელიმე კლუბის, ბარის, კაფეს, საბილიარდოს მფლობელს იქ, მის ტერიტორიაზე რომელიმე ქვეყნის ნაკრების ფან-ზონის შექმნის შესახებ. პირობებს რა მნიშნელობა აქვს. მთავარია, იქ ბევრი ხალხი შეიყრება, ყველა დაიწყებს უსისტემოდ რომელიმე ნაკრების გულშემატკივრობას და ორ საათში ის ადგილი ფანებისგან დაცარიელდება.

ესეც ერთჯერადია. როგორც თითქმის ყველაფერი საქართველოში, რაც სტაბილურობას და ერთგულებას უკავშირდება.

ბევრი წლის წინ, სტამბოლში თურქეთის საფეხბურთო ნაკრების თამაშზე წასვლის ბედნიერება მქონდა. შვედებს ხვდებოდნენ. და თურქეთმა ის თამაში წააგო. არ გაუმართლა, ასიანი გასატანი ვერ გაიტანა და გრძელთმიანმა და ცივმა შვედებმა მოიგეს. და სტადიონიდან თამაშის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 45 წუთში გავედი. გულშემატკივრები ნახევარი საათი მადლობას უხდიდნენ ნაკრებს, რომელმაც წააგო და რომელმაც მათ ამ გულშემატკივრობისთვის, რეალურად, მადლობა ვერ გადაუხადა. თურქეთმა თურქ ფეხბურთელებს მადლობა აჩუქა. ეს მადლობა მახსოვს და ეს იყო ემოციური, ბედნიერი პატრიოტების ჟესტი.

საქართველოში პატრიოტიზმზე შოთა გამცემლიძე ახსენდებათ. და ბევრმა საერთოდ არ იცის, ვინ იყო შოთა გამცემლიძე. და რომ გაიგოს, შეიძლება, სტანდარტულად თანამედროვე კომენტარი მოაყოლოს იმ ისტორიულ გმირობას - აუ, ეგ როჟა მაგარი ლოხი იყო ტო, რას უვარდებოდა იმ ტანკს? და დაავიწყდებათ შოთაც და ტანკიც.

და ძაან ბევრს ჰყავს დავიწყებული საქართველოს ნაკრებიც.

და ნაკრები აგებს. გულშემატკივარი ვერ გაიტანს გოლს მოთამაშის ნაცვლად და გულშემატკივარი ვერ გამოიტანს ბურთს საკუთარი საჯარიმოდან და გულშემატკივარი არ არის მოედანზე, როდესაც სამი ბერძენი ერთ ქართველ მეკარეზე გადის. ეს არ არის გულშემატკივრის საქმე, მაგრამ ფეხბურთელმაც ხო უნდა იგრძნოს, რომ ის საკუთარ მოედანზე, საკუთარი ქვეყნის ეზოში თამაშობს? და ფეხბურთელს არ უნდა ესმოდეს საკუთარი გვარის აკენწვლა მხოლოდ იმ მომენტებში, როდესაც ის შეცდომას დაუშვებს ან ვერ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. იმ მომენტში მისი გვარი ნეგატიური ქართული სლენგით იკენწლება. ნუ, როგორც ხდება ხოლმე პატრიოტულ საქართველოში.

მე არ მახსოვს თამაში, როდესაც გულშემატკივარი ბოლომდე დაუჭერდა მხარს საკუთარ ნაკრებს. ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებზე ვსაუბრობ.

მე არ მახსოვს თამაში, როდესაც ხალხი ნაკრებთან ერთად აყვებოდა ჩვენს ეროვნულ ჰიმნს და დააგუგუნებდა მთელ სტადიონს. ქართველების უმრავლესობამ ხომ საერთოდ არ იცის იმ ჰიმნის ტექსტი.

მე არ მახსოვს თამაში, როდესაც ჩვენ ბოლომდე ერთი გუნდი ვიყავით.

მე არ მახსოვს თამაში, როდესაც რომელიმე მოდური ნაკრების (იტალია, გერმანია, ესპანეთი, ინგლისი) წინააღმდეგ გასამართ დაპირისპირებამდე, ჩვენი ნაკრების ღია ვარჯიშზე უფრო მეტი ქართველი მისულიყოს, ვიდრე სტუმარი გუნდის ღია ვარჯიშზე. ალბათ, ეს ჩვენი სტუმართმოყვარეობის თემაა.

მე არ მახსოვს თამაში, როდესაც წაგებული თამაშის შემდეგ ჩვენი გულშემატკივრების დიდი ნაწილი ქართველი მწვრთნელის დედის გინებას არ იწყებდა.

და მე მახსოვს ის პირველი ქართული თამაში იტალიასთან. 1997, 10 სექტემბერი. და როდესაც მეორე ტაიმში გიორგი ქინქლაძის ნაცვლად მოედანზე შედიოდა კახი გოგიჩაიშვილი. იცით, როგორი აპლოდისმენტები იყო? თითქოს გულშემატკივარი გოგიჩაიშვილს ეუბნებოდა, მიდი, მიდი, დროზე გადი მოედანზე და ფეხბურთის ყურებაში ხელს ნუ მიშლიო. და შემდეგ, როდესაც დიქტორმა რობერტო ბაჯო გამოაცხადა, სტადიონი კინაღამ დაინგრა. და იგივე რეაქცია იყო მოედანზე ფილიპო ინძაგის გასვლამდე. საქართველოში იტალიელების გამოცხადებაზე ქართველები უფრო გამოცოცხლდნენ, ვიდრე - ქართველის გამოცხადების დროს.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს თბილისში დაარსდა ურუგვაის ნაკრების ფან-კლუბი. მესიამოვნა. დიეგო ფორლანის ფაქტორის გამო მესიამოვნა. დიეგო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო. დღესაც არის. უნდა გენახათ, როგორ გულშემატკივრობდნენ ქართველები ფორლანს, კავანის, სუარესს. როდესაც გერმანიასთან თამაში დამთავრდა (ურუგვაიმ წააგო), ბარში ქართველები კიდევ ოცი წუთით დარჩნენ და ომახიანად გასძახოდნენ გმირი ურუგვაელების სახელებს, გვარებს. ქართველები ბედნიერები იყვნენ, რომ მათი არაქართველი კერპები ბოლომდე იბრძოდნენ და მათთვის თამაშობდნენ.

იგივე ვარიანტი იყო მაშინაც, იტალიასთან. "მეტეხის" შესასვლელში ალესანდრო დელ პიეროს ვიღაც ქართველი მანდილოსანი მიახტა. პირიდან დუჟი მოსდის, გაწეწილი თმა, ჩახსნილი დეკოლტე, გახსნილი თასმები. ეტყობოდა, რომ ის მანდილოსანი დელ პიერომდე ომით მივიდა. ვაფასებ ასეთ ჟესტებს, მაგრამ ის დელ პიეროა. და ჩვენ გვყავდა შოთა, გიო, აჩი, კახი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა უფრო მეტჯერ მოიგო, ვიდრე დელ პიერომ, ტოტიმ და ბაჯომ ერთად აღებულებმა. კალაძე ლეგენდაა და არა ბიძინა ივანიშვილის ახლობელი-მინისტრი.

საქართველოს ნაკრებს სასტუმროსთან ადმინისტრატორი და რამდენიმე ჟურნალისტი დახვდა.
ძაან ერთჯერადები ვართ. ძაან ხელოვნურები ვართ.

უკაცრავად, რომ "სიონში" არ თამაშობს დელ პიერო ან "კოლხეთში" არ ვარჯიშობს ბაჯო.

საქართველოში იტალიას ყოველთვის ძალიან ბევრი გულშემატკივარი ეყოლება.
და საქართველოს ნაკრები?

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 10 /
თან მართალია თან არ არის მართალი
irakli arqania
19:51 16-03-2015
0
1 მართალი თქვა ამ კაცმა საქართველოში გულშემატკივრობა და გუნდის გამხნევება უცხო ხილია,
0

სიახლეები პოპულარული