მიშელ პლატინის შავბნელი დროების დაბრუნება არ სურს

AutoSharing Option
მიშელ პლატინი მესამე ვადით აირჩიეს უეფას პრეზიდენტად. ფრანგმა თავის სიტყვაში დიდი დრო დაუთმო იმაზე საუბარს, რომ ხულიგნობის მატებამ, შესაძლოა, ფეხბურთის "შავი დღეები" დააბრუნოს და ეს აუცილებლად თავიდან უნდა ავირიდოთო.

პლატინიმ სტადიონებზე მომხდარი ტრაგედიები და ფანებს შორის გახმაურებული შეტაკებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი ტენდენცია შეწყდეს.

"ბოლო თვეებში ყველამ ვნახეთ ისეთი კადრები, რომლებმაც შეგვაშფოთა და წარსულის მოვლენები გაგვახსენა. ხულიგნებთან ბრძოლაში ყველა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია და სამართალდამცველები უნდა დაგვეხმარონ, რადგან ამას სერიოზული ბრძოლა სჭირდება.

მსგავსი ფაქტები დაახლოებით 30
წლის წინ სისტემატურად ხდებოდა და ასეთ ქაოსში აღარ უნდა დავბრუნდეთ. ამისათვის საჭიროა უფრო მკაცრი სასჯელებიც, იქნება ეს სტადიონის დისკვალიფიკაცია თუ კონკრეტული დამნაშავე ადამიანების დასჯა. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 2007 წელს დავიწყე, როდესაც ჯერ კიდევ პირველად ამირჩიეს" - განაცხადა პლატინიმ.

ბოლოდროინდელი უსიამოვნო ინციდენტებიდან შეგვიძლია გამოვარჩიოთ რუსეთის თასის მატჩი "სპარტაკსა" და "შინიკს" შორის. ასევე, გასული წლის ოქტომბერში სერბეთისა და ალბანეთის ნაკრებების მატჩის დროს ეროვნული შუღლის ნიადაგზე მომხდარი შეხლა-შემოხლა და ყველაზე ბოლო შემთხვევა ევროპალიგაზე კიევის "დინამოსა" და "გენგამს" შორის, რის გამოც უკრაინული გუნდი რამდენიმე ტრიბუნის დისკვალიფიკაციითა და 50 ათასი გირვანქით დაჯარიმდა.

ბლატერი ბოიკოტის წინააღმდეგია
როგორც ისედაც ვიცოდით, მიშელ პლატინიმ ფიფას პრეზიდენტობაზე კენჭი აღარ იყარა და ახლა ზეპ ბლატერს რეალური კონკურენტი მხოლოდ პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი ჰყავს. თუმცა იქამდე შვეიცარიელი ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი არ გამოუცხადონ.

საფეხბურთო სამყაროში და არამარტო, ბევრი უკმაყოფილოა იმით, რომ 2018 წელს მუნდიალს რუსეთი მასპინძლობს. ამ უკმაყოფილების მთავარი მიზეზი პოლიტიკური მდგომარეობაა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიმართა ქვეყნებს, რომ მათ უარი განაცხადონ რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე. ბოიკოტის ვარიანტს რამდენიმე ქვეყანა უკვე განიხილავს.

"რუსეთზე ჩვენ მხოლოდ ფეხბურთის კუთხით უნდა ვისაუბროთ და დანარჩენ თემებს არ შევეხოთ. ფეხბურთი ერთიანი უნდა დარჩეს. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა დეტალს, როგორც გაწერილ გრაფიკს, ასევე პრესტიჟს. უეფას წევრი ქვეყნები, ზოგადად, ევროპა, გამოირჩევა გამართული სისტემით და სამაგალითო ფეხბურთით, საუკეთესო მოთამაშეებიც ევროპაში არიან.

ასე რომ, მაგალითის მიცემის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ერთად ვიყოთ. სპორტის ავტონომიურობა და ცალკე დგომა სხვა მოვლენებზე გარანტირებული უნდა იყოს, ერთსულოვნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ბოიკოტის მაგალითები წარსულში გვაქვს და ამას კარგი არაფერი მოუტანია" - განაცხადა ბლატერმა.

პრინცი ალი
ჩვენ მიერ უკვე ნახსენები პრინცი ალი კი ყველას მოუწოდებს, რომ ხმა მას მისცენ, რადგან ფეხბურთში ახლა ბევრი რამ არის შესაცვლელი და გარდამტეხი მომენტია. შეგახსენებთ, რომ ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 29 მაისს გაიმართება. ფავორიტად კვლავაც ბლატერი მიიჩნევა, თუმცა იორდანელს იმედი აქვს, რომ გამარჯვებას მოახერხებს.

"ახლა გადამწყვეტი მომენტია ფეხბურთისთვის. ყველა ხედავს და ყველა საუბრობს პრობლემებზე, რომლებიც ფიფაში არის. ამ ყველაფრის შეცვლა და გამოსწორება შესაძლებელია, თუ სწორი მიმართულებით დავიწყებთ მუშაობას და საჭირო ცვლილებებს გავაკეთებთ. ფიფა ფეხბურთის მთავარი ორგანიზმია და ის ჯანსაღი უნდა იყოს" - აღნიშნა პრინცმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული