* სეზონის ტოპ-ფეხბურთელთა ათეულში არ არის არც ერთი გერმანელი, ესპანელი, იტალიელი ან ინგლისელი.
* 16-16 საგოლე პასით სესკ ფაბრეგასი (ჩელსი) და კევინ დე ბრუინი (ვოლფსბურგი) ლიდერობენ.
საკლუბო ფეხბურთში შესვენებაა და კარგი დროა, ევროპულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები სტატისტიკური ანალიზით მიმოვიხილოთ. ამისთვის საიტი whoscored.com დაგვეხმარება.
ინგლისურ პრემიერლიგაში არასრული 30 ტურია გასული (ლიდერ "ჩელსის" და ბოლოადგილოსან "ლესტერს" თამაში რეზერვში აქვთ); პრიმერაში 28 ტურია
ტოპ-ფეხბურთელები
ეს გამოცემა ყველა შემტევი თუ დაცვითი ფუნქციის მაჩვენებელთა დაჯამებით ადგენს ყოველ შეხვედრაში თითოეული მოთამაშის რეიტინგს (ტოპ-5 საუკეთესო ლიგას ვგულისხმობთ) და შემდეგ საშუალო მაჩვენებელს გვთავაზობს. მაშ ასე, სეზონის დასაწყისიდან დღემდე ვინ არის ტოპ-ფეხბურთელი? ყველას ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს შორის ლამის მუდმივი ქიშპობა წარმოუდგება თვალწინ პირველობისთვის, მაგრამ ასე არ არის - "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი დიდებულად თამაშობს, მაგრამ რეიტინგში მხოლოდ მესამეა 10 შესაძლებლიდან 8,39 ბალით.
მას "ბაიერნის" ჰოლანდიელი გარემარბი არიენ რობენი უსწრებს 8,48 ბალით. ბუნებრივია, მიხვდებოდით - პირველი, რა თქმა უნდა, ლიონელ მესია - 8,83 ბალი. ეს არის ფანტასტიკური საშუალო მაჩვენებელი - არგენტინელი, უხეშად რომ ვთქვათ, ყოველ ჯერზე საშუალოდ "ცხრიანზე" თამაშობს, ის თითქმის იდეალურია.
საშუალოდ 8 ბალზე მეტი კიდევ ორ ვარსკვლავს აქვს: ერთი კვლავ ბუნდესლიგის წარმომადგენელია რობენივით - კევინ დე ბრუინი. "ჩელსიდან" "ვოლფსბურგში" გადაბარგებულმა ბელგიელმა აშკარად სრულად გამოავლინა პოტენციალი. ახლა ის მართლაც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რაზეც 8,03 ბალიც მეტყველებს. ხუთეულს მისი თანამემამულე და ინგლისური პრემიერლიგის პირველი წარმომადგენელი ედენ აზარი (ჩელსი) ასრულებს - 8,02 ბალი.
საშუალოდ 8 ბალზე მეტი სხვას არავის აქვს, თუმცა ბარემ ათეულის სხვა წევრებსაც ჩამოვთვლით:
6. ფრანკ რიბერი (ბაიერნი, 7,93); 7. ნეიმარი (ბარსელონა, 7,89); 8. ალექსის სანჩესი (არსენალი, 7,84); 9. ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი, 7,83); 10. ნალდო (ვოლფსბურგი, 7,81).
ათეულს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი. რამე ხომ არ გეუცნაურებათ? თან კი და თან უკვე აღარც - სიაში ერთი ფეხბურთელიც არ არის იტალიის ჩემპიონატიდან, მაგრამ ალბათ, იმასაც მივეჩვიეთ, რომ სერია A-ში კაშკაშა ვარსკვლავები თითქმის აღარ თამაშობენ. არადა, მხოლოდ "ვოლფსბურგს" ორი წარმომადგენელი ჰყავს.
ბუნდესლიგაში კი ათეულის 4 წევრი თამაშობს - სამი ესპანეთშია, ორი ინგლისში და ერთიც საფრანგეთში. სიაში ფრანგები, ბელგიელები და ბრაზილიელები 2-2 არიან, თითო კი არგენტინას, პორტუგალიას, ჰოლანდიას და ჩილეს წარადგენს.
გერმანელები, ესპანელები, იტალიელები და ინგლისელები მოვისაკლისეთ! მეტსაც გეტყვით - პირველი იტალიელი სიაში ანდრეა პირლო (იუვენტუსი, 7,53) 47-ე ადგილზეა, ხოლო პირველი ინგლისელი - ფილ ჯონსი (მანჩესტერ იუნაიტედი, 7,46) მხოლოდ 63-ე (!) ადგილზეა.
ბომბარდირები და ასისტენტები
გთავაზობთ ტოპ-5 საუკეთესო ევროპული ლიგის ყველაზე პროდუქტიულ ფეხბურთელთა სიას. მიუხედავად იმისა, რომ გუნდების ნაწილმა 26 მატჩი გამართა და არა 30-30, სია მაინც, ასე თუ ისე, ობიექტური დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.ბომბარდირები
ფეხბურთელი გოლი თამაში გუნდი
1. მესი 32 28 ბარსელონა
2. რონალდო 31 25 რეალი
3. ლაკაზეტი 23 26 ლიონი
4. დ. კოშტა 19 23 ჩელსი
5. ა. მაიერი 19 25 აინტრახტი
6. კეინი 19 26 ტოტენჰემი
7. რობენი 17 21 ბაიერნი
8. იბრაჰიმოვიჩი 17 21 პსჟ
9. ნეიმარი 17 24 ბარსელონა
10. აგუერო 17 25 სიტი
ასისტენტები
ფეხბურთელი პასი თამაში გუნდი
1. ფაბრეგასი 16 26 ჩელსი
2. დე ბრუინი 16 26 ვოლფსბურგი
3. მესი 15 28 ბარსელონა
4. პაიე 12 29 მარსელი
5. რონალდო 11 25 რეალი
6. ლ. სუარესი 9 19 ბარსელონა
7. დი მარია 9 21 მანჩესტერი
8. ჩერიშევი 9 24 ვილიარეალი
9. კოკე 9 24 ატლეტიკო
10. თ. მიულერი 9 25 ბაიერნი
11. იუნუზოვიჩი 9 25 ვერდერი
12. ბენზემა 9 26 რეალი
13. ფ. ვასკესი 9 27 პალერმო
გოლი + პასი
ფეხბურთელი ქულა თამაში გუნდი
1. მესი 47 (32+15) 28 ბარსელონა
2. რონალდო 42 (31+11) 25 რეალი
3. ლაკაზეტი 28 (23+5) 26 ლიონი
4. დე ბრუინი 25 (9+16) 26 ვოლფსბურგი
5. რობენი 24 (17+7) 21 ბაიერნი
6. აგუერო 23 (17+6) 25 სიტი
7. ტევესი 23 (16+7) 26 იუვენტუსი
8. ბენზემა 22 (13+9) 26 რეალი
9. დ. კოშტა 22 (19+3) 23 ჩელსი
10. კეინი 22 (19+3) 26 ტოტენჰემი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"