რაულ გონსალესი - გალაქტიკო "კოსმოსში"

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი ლეგენდა, ექსგალაქტიკო რაულ გონსალეს ბლანკო კარიერას ამერიკაში აგრძელებს, კერძოდ კი "ნიუ იორკ კოსმოსში" და ბუცების ლურსმანზე დაკიდებას ჯერჯერობით სულაც არ აპირებს.

27 ივნისს რაული 38 წლის გახდება, მაგრამ დიდი გეგმები აქვს, რომლებზეც თავად გაგვესაუბრება...

- თქვენ ლა ლიგაში და ბუნდესლიგაში თამაშობდით, მონაწილეობა მიიღეთ ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე... რამ მიგიზიდათ "ნიუ იორკ კოსმოსში", რატომ გადაწყვიტეთ ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში გადაბარგება?
- თამაშის გაგრძელების სურვილმა. გარდა ამისა, იმ საინტერესო პროექტმა, რომელიც "კოსმოსს" აქვს და რომლის წევრობაც შემომთავაზეს. ასევე, ახალგაზრდულ
აკადემიასთან მუშაობის უფლება და საშუალება მომცეს.

საქმის კეთებასთან ერთად, თამაში ბრწყინვალეა და აქ ამის შანსი მაქვს. შემიძლია, ჩემი გამოცდილება და ცოდნა ახალგაზრდებს გავუზიარო და გუნდს დავეხმარო. პლუს ვითამაშო, რასაც კვლავ დიდი შემართებით ვაკეთებ და სიამოვნებას ვიღებ.

მთლიანობაში იდეა მომეწონა და შევეცდები, გუნდსაც დავეხმარო და მთლიანად ქვეყანასაც იმ სახეობის პოპულარიზაციაში, რომელსაც აქ "სოკერის" სახელით იცნობენ. ამერიკაში ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს და ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება.

- ალბათ ნიუ იორკში ცხოვრების სურვილიც ერთ-ერთი მიზეზი იყო არა?
- დიახ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ჩემო ოჯახისთვის ნიუ იორკის დარ ბრწყინვალე ქალაქში ცხოვრებისა. ეს იდეალური ადგილია ჩემი შვილების მომავლისთვისაც.

მე რამდენჯერმე ნამყოფი აქამდეც ვიყავი. რაც არ უნდა გჭირდებოდეს, რისი მიღწევაც არ უნდა გსურდეს, რომელი სფეროთიც არ უნდა იყო დაინტერესებული, აქ ყველაფერს იპოვნი და ყველანაირი შესაძლებლობა თუ შანსი გაქვს. უკვე დაახლოებით 3 თვეა აქ ვართ და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ, ინტეგრირებულად. ადაპტაცია არ გაგვჭირვებია და დიდი ინტერესით ველოდებით მომავალს. ყოველი კვირის გასვლასთან ერთად ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდული აკადემიის საქმეებში ჩაერთეთ, მომავალში მწვრთნელობასაც ხომ არ აპირებთ?
- ჯერ არ გადამიწყვეტია, თუ როგორ და რა სახით თუ სტატუსით ვიმუშავებ კონკრეტულად. ჯერჯერობით ჩემ მთავარ მიზნად და ამოცანად თამაში და გუნდის ასე დახმარება რჩება. მინდა, რომ გულშემატკივრებმა ჩვენი ყურებით ისიამოვნონ და ისინი წარმატებებით გავახაროთ.

შევეცდებით, კლუბის ბრწყინვალე წარსული გავაცოცხლოთ. აკადემიის საქმეებში უფრო აქტიურად მოგვიანებით ჩავერთვები, როდესაც სათამაშო კარიერას დავასრულებ. ჩემ დროს ახალგაზრდებს დავუთმობ და მათ დავეხმარები, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია, ეს მწვრთნელის რანგში იქნება თუ ასისტენტის. ვნახოთ, ჯერ მაინც სამწვრთნელო ლიცენზია მაქვს ასაღები. პირველ რიგში, მსურს ჩემი გამოცდილება იმაში გამოვიყენო, რომ სწორი მეთოდებით ვიმუშავოთ და ახალგეზრდებმა თამაში მაქსიმალურად კარგად გაიგონ და სიამოვნება მიიღონ.

- ანუ მწვრთნელობას მაინც არ გამორიცხავთ?
- დღესდღეობით ვერც იმას გეტყვით, რომ ეს მოხდება და ვერც იმას, რომ არ მოხდება (იცინის). დავიცადოთ და მომავალი გამოაჩენს. ფეხბურთი ჩემი ვნება და სიყვარულია. ამჟამად ფიზიკურად საკმარისად კარგ კონდიციაში ვარ და თამაშის გაგრძელებას ვაპირებ. როდესაც კარიერის დასრულებას გადავწყვეტ, მერე ვნახოთ.

ყატარში ყოფნის დროსაც თამაშის პარალელურად აკადემიის საკითხებში ვიყავი ჩართული და აქაც დაახლოებით იგივე სტილში იქნება ყველაფერი. თუ რას გავაკეთებ მომავალში ეს უახლოეს 1-2 წელიწადზეა დამოკიდებული.

- როგორც 37 წლის ფეხბურთელს ვარჯიში განსხვავებული მეთოდით გიწევთ?
- საკუთარ თავს უნდა მოუარო. სწორად იკვებო, შესაბამისი დიეტა დაიცვა, იმდენი ხანი დაისვენო, რამდენიც საჭიროა და ენთუზიაზმით იყო. ასევე, გამიმართლა იმაში, რომ სერიოზული ტრავმები არ მიიღია და ისევ კარგ ფორმაში ვარ. თანაც ისეთ ჩემპიონატში ვარ, სადაც ახალ გამოცდილებას მივიღებ და გრაფიკიც ისეთია, რომ საკუთარ შესაძლებლობებს გამოვცდი და ფორმაში ვიქნები.

- როდესაც "კოსმოსში" მოხვედით, 7-ნომრიანი მაისურა უკვე დაკავებული იყო, მაგრამ წინა მფლობელმა იგი დაგითმოთ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ნომერი?
- მადრიდის "რეალში" მქონდა პატივი, რომ 7-ნომრიანი მაისურით წლების განმავლობაში მეთამაშა და ეს არის ნომერი, რომელიც სხვადასხვა გუნდებში არაერთ დიდ მოთამაშეს სცმია. "შალკეშიც" და ყატარშიც ამ ტრადიციას ვაგრძელებდი.

ხოლო "კოსმოსში" ის დაკავებული დამხვდა, სხვა ესპანელის, აიოვე გარსიას მიერ. როდესაც მწვრთნელმა გამოაცხადა, რომ გუნდში ვირიცხებოდი, აიოვემ თქვა, რომ სიამოვნებით დამითმობდა 7 ნომერს და მისი ეს სასიამოვნო ჟესტი, სიამოვნებით მივიღე და მადლობა გადავუხადე. ასევე ვუთხარი, რომ თუ ას სურდა ამ ნომრით თამაში, მე პრობლემა არ მქონდა და სხვა ნომერს ავიღებდი.

- პრობლემა ფანებისთვის იქნებოდა, რომლებიც ალბათ ვერც გიცნობდნენ სხვა ნომრით...
- (იცინის) დიახ, მათთვის ალბათ ჯობდა, რომ ისევ 7 ნომერი მცმოდა, რადგან ისე ცოტა უცნაური იქნებოდა. თუმცა საბოლოო ჯამში მთავარი კარგი თამაშია, თორემ ჩემი ამ ნომერთან ასოციაცია 20 წლის მერეც იქნება და ალბათ ყოველთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოფილი ლეგენდები არ არსებობენ.
Raul
13:54 22-04-2015
0

სიახლეები პოპულარული