მათ "სამეფო კლუბის" შანსი ვერ გამოიყენეს...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდია. მის შემადგენლობაში უამრავ ვარსკვლავს უთამაშია. არიან ისეთი ვარსკვლავებიც, სხვადასხვა დროს "სამეფო კლუბში" რომ ირიცხებოდნენ, თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს...

ისმაელ ურსაისი
ტანმაღალი ფორვარდი ჩვენ ბილბაოს "ატლეტიკიდან" და ესპანეთის ნაკრებიდან გვახსოვს. 2000-იანი წლების დასაწყისში ისმაელი ესპანეთის გამორჩეული შემტევი გახლდათ. არადა, ურსაისი 90-იანი წლების დასაწყისში "რეალში" ირიცხებოდა, თუმცა იქ მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩაატარა.

სეკრეტარიუ
პორტუგალიელმა მარჯვენა მცველმა სახელი "პორტუსა" და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში კარგი თამაშით გაითქვა. არადა, 1996 წელს ის "რეალმა" შეიძინა. ნახევარი სეზონის შემდეგ მადრიდელებმა ამ პოზიციაზე
იტალიელი ვარსკვლავი, კრისტიან პანუჩი იყიდეს. ერთი წლის შემდეგ სეკრეტარიუ "პორტუს" დაუბრუნდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

ზე რობერტო
ბრაზილიელი ნახევარმცველი კვლავ აგრძელებს კარიერას. მისი პიკი იმ დროს დაემთხვა, როცა სამხრეთამერიკელი "ლევერკუზენში" ასპარეზობდა. ამ გუნდთან ერთად ის ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივიდა, მერე კი "ბაიერნთან" ერთად ოთხჯერ მოიგო ბუნდესლიგა. 1996 წელს ზე რობერტოს პირველი ევროპული კლუბი "რეალი" იყო, თუმცა მან ძირითადში დამკვიდრება ვერ შეძლო და მალევე წავიდა.

სესარ ნავასი
"რუბინის" მცველი ახალგაზრდობაში ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა. მას სისტემატურად იწვევდნენ ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში. მან რამდენიმე წელი "სამეფო კლუბის" სისტემაში გაატარა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ერთხელაც არ უთამაშია. ესპანეთში იცავდა "მალაგას" და "რასინგის" ღირსებას.

ხავი გარსია
"ზენიტის" საყრდენი პირველად "რეალში", 2004 წელს გამოჩნდა. მაშინ მან გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრაც ჩაატარა. 2007 წელს "რეალმა" გარსია "ოსასუნაში" გაყიდა, თუმცა შემდეგ უკან გამოისყიდა. ამის მიუხედავად, ფეხბურთელი მაინც ვერ დამკვიდრდა "სამეფო გუნდში", რის შემდეგაც ჯერ "ბენფიკას მიაშურა, მერე კი - "მანჩესტერ სიტის".

ხუანფრანი
"ატლეტიკოს" სიმბოლომ "რეალი" 2006 წელს დატოვა. მან "თეთრებში" რამდენიმე წელი გაატარა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მატჩების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა ჩაატარა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მარჯვენა მცველისთვის, მოეგო ევროპის ჩემპიონატი, ესპანეთის პირველობა, ევროპის ლიგა და ეთამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ხოსე ხურადო
შეიძლება, ბევრისთვის რთული წარმოსადგენია, მაგრამ ერთ დროს "რეალში" მოსკოვის "სპარტაკის" ცენტრალური ნახევარმცველიც ირიცხებოდა. 2005-06 წლების სეზონში ხურადომ "სამეფო კლუბის" მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა. ამის შემდეგ იყო "ატლეტიკო", "შალკე", ბოლოს კი "სპარტაკი".

კიკე კასილია
ერთ დროს ის "რეალში" იკერ კასილიასთან ერთად იყო. ამბიციური გოლკიპერი ძირითად გუნდში ვერაფრით დამკვიდრდა და წავიდა "ესპანიოლში". დღეს ის ამ გუნდის უდავო ლიდერია.

ხუან მატა და ალვარო ნეგრედო
ორივე ეს ფეხბურთელი "რეალის" სისტემის ნაწილი იყო. ახლა ამის წარმოდგენა ძალიან რთულია, მაგრამ ფოტო ყველაფერზე მეტყველებს.

ბორხა ვალერო
2000-იანი წლების შუაში ბორხა "რეალში" თამაშობდა. ფაბიო კაპელოს ფორმაციის გუნდში მან მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და ევროპას მიაშურა, სადაც "ვესტ ბრომვიჩის" მაისურა მოირგო. ამის შემდეგ წარმატებით ითამაშა "ვილიარეალში", დღეს კი "ფიორენტინას" ერთ-ერთი ლიდერია.

ხავიერ სავიოლა
გაგახსენდათ, ალბათ, რომ 2007-09 წლებში სავიოლა "სამეფო კლუბში" ირიცხებოდა. მან ხომ არაერთი გუნდი გამოიცვალა. ორი სეზონის განმავლობაში ხავიერმა "რეალში" ოცდაათამდე მატჩი ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო.

დანი პარეხო
როგორც "რეალის" არაერთმა აღზრდილმა, ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერც მან შეძლო. დღეს პარეხო "რეალში" აღარავის ახსოვს. სამაგიეროდ, ის ახლა "ვალენსიას" ერთ-ერთი ლიდერია.

ჟულიან ფობერი
ის "რეალის" ყველა დროის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად ითვლება. რატომღაც, 2009 წელს ეს ფეხბურთელი "სამეფო კლუბმა" იჯარით აიყვანა "ვესტ ჰემიდან". როგორც კი ბურთს ფობერი მიიღებდა, გულშემატკივრები "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაუთავებლად უსტვენდნენ.

მარკოს ალონსო
"რეალის" აღზრდილმა ფლანგელმა მცველმა ნორმალური კარიერა გაიკეთა. მან ითამაშა "ბოლტონსა" და "სანდერლენდში", ახლა კი "ფიორენტინასთან" ერთად მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.

სამუელ ეტოო
"რეალის" ყველაზე დიდი შეცდომა. 1997-2000 წლებში "სამეფო კლუბში" იყო, სადაც მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. მოგვიანებით, "ბარსელონას" ლიდერად იქცა და დიდებული საფეხბურთო კარიერაც გაიკეთა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ადებაიორი არენდით იყო რეალში.
gio-s
19:03 26-04-2015
0
შახინი, ადებაიორი....
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული