ბავშვთა ფეხბურთის იტალიური სარკმელი

AutoSharing Option
ევროპის ქვეყნებში ბავშვთა ფეხბურთს დიდ ყურადღებას უთმობენ. მომავალი თაობების აღსაზრდელად კლუბები თუ ფეხბურთის ფედერაციები ძალ-ღონეს არ იშურებენ და შედეგსაც იმკიან მდიდარი საფეხბურთო ისტორიის სახით. ამ მხრივ გამონაკლისს არც ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი იტალია წარმოადგენს.

რუბრიკის სტუმრები არიან პოპულარული იტალიური სპორტული გაზეთის "გაძეტა დელო სპორტის" მიმომხილველი მასიმო ჩეკინი და ქალაქ პრატოს ბავშვთა კლუბ "ზენიტის" წარმომადგენელი ვინჩენცო დორსი.


რა გვითხრა აბეტემ
2009 წელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯანკარლო აბეტე "ლელოს" ბავშვთა ფეხბურთზეც ესაუბრა. აბეტემ გვითხრა: "ჩვენ ყურადღებით ვმუშაობთ
საფეხბურთო სკოლებთან. იტალიაში დაახლოებით 7000 საფეხბურთო სკოლა, ანუ კარგად ორგანიზებული საფეხბურთო გარემოა, სადაც ბავშვებს გარკვეულ დონემდე ზრდიან და ავითარებენ. ეს მოიცავს პერიოდს 5-დან 14 წლის ჩათვლით. დაახლოებით 700 000 იტალიელი ბავშვი 10 წლის ასაკიდან თამაშობს სხვადასხვა გუნდში.

ჩვენი უმთავრესი მიზანი დამწყები ფეხბურთელების პროფესიონალად ჩამოყალიბებაა, რაც სამომავლოდ წარმატების საფუძველი უნდა გახდეს."


50-იანი წლების კომუნისტური სიამაყე
იტალიურ საფეხბურთო სკოლებს შორის ჯანსაღი კონკურენციაა. სამრეწველო ქალაქ პრატოში ფეხბურთით დაინტერესება ისეთივე დიდია, როგორც დანარჩენ იტალიაში.

ვინჩენცო დორსი: "ბავშვთა საფეხბურთო სკოლა "ზენიტი" 1958 წელს დაარსდა. XX საუკუნეში პრატო კომუნისტური იდეების ქალაქი იყო. სკოლას სახელი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" პატივსაცემად დაერქვა. დამაარსებლის ვინაობა უცნობია. სკოლას დღეს დავიდე მორსიანი ხელმძღვანელობს და აქ 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები მეცადინეობენ.


მაგალითად, ზესტაფონი
იტალიის მსგავსად, საქართველშიც არაერთი სამრეწველო ქალაქია. ქართული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენთან პატარა ფეხბურთელების უმრავლესობა დედაქალაქზე მოდის. პრატოელებს ეამაყებათ, რომ წლების წინ ვიერი "ზენიტში" ვარჯიშობდა.

ისევ ვინჩენცო დორსის მოვუსმინოთ: "პრატოში 250 ათასი მცხოვრებია და 15 საფეხბურთო სკოლა ფუნქციონირებს. ფეხბურთს 6-დან 14 წლამდე ასაკის 1500 ბავშვი თამაშობს (მაგალითად, ზესტაფონში 70 ათასი მცხოვრებია. ფეხბურთს კი 6-დან 21 წლამდე ასაკის 400 ბავშვი და ახალგაზრდა თამაშობს). სწავლის გადასახადი "ზენიტში" 6 თვეში 350 ევროა. ვარჯიშებიც ასაკისთვის შესაბამისი დატვირთვით მიმდინარეობს. მშობლები სკოლის ცხოვრებაში საკმად აქტიურად არიან ჩართულნი."


გრანდები და ბამბინოები
- მასიმო, "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი ხართ, წერთ დედაქალაქური "რომასა" და ეროვნული ნაკრების შესახებ. ბავშვთა ფეხბურთზე თუ გიმუშავიათ?
- არა, ჩემი სამუშაო მხოლოდ "რომა" და ეროვნული ნაკრებია. ბავშვთა ფეხბურთში ღრმად ჩახედული არ ვარ.

- საქართველოში საფეხბურთო სკოლებში გადასახადი დაახლოებით 50-80 ლარია. იტალიაში სწავლა რა ღირს?
- სკოლებზეა დამოკიდებული. როგორც ვიცი, ერთი სეზონი დაახლოებით 400-500 ევრო ღირს.

- იტალიის წამყვან საფეხბურთო ქალაქებსა და პერიფერიებს შორის ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მხრივ დიდი განსხვავებაა?
- დიახ, დიდ ქალაქებში ბავშვები გაცილებით ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. პერიფერიებში კი უმეტესად ფეხბურთით სიამოვნებასა და გართობაზე აკეთებენ აქცენტს. მათთვის შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

- ფედერაცია ბავშვთა ფეხბურთს თუ აკონტროლებს?
- დიახ, რეორგანიზაცია და სიახლეების შეტანა ხშირად ხდება. ამ საქმით დაკავებულნი არიან იტალიური ფეხბურთის ცნობილი სახეები: ბაჯო, რივერა, საკი...

- ცნობილი საფეხბურთო კლუბები: "მილანი", "ინტერი", "იუვენტუსი", "რომა", რამდენად ზრუნავენ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე?
- ბავშვთა ფეხბურთს "რომა" უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე "მილანი" და "ინტერი". გრანდები აქცენტს უფრო უცხოელ ფეხბურთელებზე აკეთებენ. მათ სხვა მიზნები აქვთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული