ჩაუძირავი ზეპ ბლატერი

AutoSharing Option
ბოლო დღეების კატაკლიზმების მიუხედავად, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის წევრებმა მოქმედ პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს მისცეს ხმა. არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუეინმა უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე.

პირველ ტურში ბლატერმა და ალ-ჰუსეინმა ვერ შეძლეს გამარჯვებისთვის საჭირო მინიმუმის შეგროვება, მაგრამ შვეიცარიელის უპირატესობა ძალიან დიდი იყო - 133 ხმა 73-ის წინააღმდეგ. კიდევ სამი ბიულეტენი გაუქმებულად გამოცხადდა. დაინიშნა მეორე ტური, სადაც ყველაფერს, უბრალოდ, უმრავლესობა გადაწყვეტდა.

პირველი ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ პრინცმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა. ბლატერი მეხუთე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. მისი უფლებამოსილება
2019 წლამდეა ძალაში, რომლის ამოწურვის მომენტში შვეიცარიელი 83 წლის იქნება.

ხმის მიცემის უფლება ჰქონდა ფიფას უკლებლივ ყველა წევრს - 209 ეროვნულ ფედერაციას. პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 140 ხმა სჭირდებოდა. აშშ-ის დელეგაციის წინადადება - ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა - დელეგატთა უმრავლესობამ უარყო. როგორც ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ გამოაცხადა, პროცედურა, ტრადიციულად, ფარული იქნებოდა.

* * *
არჩევნებამდე ბლატერმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეძლებს, გადაჭრას ბოლო დროს წარმოქმნილი პრობლემები, თუ მას მეხუთედ გამოუცხადებენ ნდობას.

"იმ გარემოებათა ფონზე, რომელშიც კონგრესი მიმდინარეობდა, იმ მოვლენების შემდეგ, რასაც ოთხშაბათს ჰქონდა ადგილი, გაიმართა საყოველთაო დებატები. როგორ დავიწყოთ დაუყოვნებლივ წინ მოძრაობა? ფიფას რთული პერიოდი აქვს. ვერ ვიტყოდი, რომ უპრეცედენტოდ რთული, რადგან მსგავსი რამ ადრეც მომხდარა, მაგრამ გასული კვირის მოვლენებმა სერიოზული ზიანი მიაყენა კონგრესისა და მთლიანად ფეხბურთის რეპუტაციას. ჩვენ შევეცდებით ამის გამოსწორებას", - აღნიშნა ბლატერმა.

ფიფას პრეზიდენტის თქმით, ორგანიზაცია ვერ დაუშვებს, რომ მისი რეპუტაცია შეილახოს. ვინც ამის უკან დგას და ვინც ამ ყველაფერშია დამნაშავე - ცალკეული პირები არიან და არა მთელი ორგანიზაცია და დაამატა, რომ იღებს პასუხისმგებლობას კორუფციულ სკანდალებზე, მაგრამ სურს, გაიზიაროს ის ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად.

"ეს ნდობის, საქმისადმი ერთგულებისა და რწმენის საკითხია. მოდით, ერთად დავიჯეროთ ეს და დავიწყოთ ბრძოლა. მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდეს, ერთად დავაბრუნოთ ფიფა დადებითი განვითარების გზაზე. ფიფა - ეს თქვენ ხართ", - ემოციურად დაასრულა თავისი გამოსვლა ბლატერმა.

* * *
კონგრესმა ფიფაზე უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ ჩაიარა. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საკუთარი მოთხოვნები წამოაყენეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. "ის უნდა წავიდეს. არ შეიძლება ასეთი სოლიდური ორგანიზაციის რიგებში მომხდარი სერიოზული დარღვევების ფონზე ისე მოაჩვენო თავი ყველას, თითქოს არაფერი ხდება", - განაცხადა კემერონმა. მერკელის თქმით, ფიფას მუშაობა მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს: "მოსყიდვები და კორუფცია უნდა დამარცხდეს და რაც შეიძლება მალე".

ასევე, ბლატერის გადადგომის საკითხი წამოაყენა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ. "მე ვთხოვე თანამდებობის დატოვება. საკმარისია, ზეპ, - ვუთხარი მას. მომისმინა, მაგრამ მიპასუხა, რომ უკვე ძალიან გვიანია", - განაცხადა ფრანგმა.

ფრანგის ორგანიზაციამ კონგრესის გადადება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომის ბოიკოტით იმუქრებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც გადაიფიქრა.

* * *
იოზეფ ბლატერი ფიფას პრეზიდენტი 1998 წელს გახდა, რომელმაც ამ პოსტზე ბრაზილიელი ჟოაო აველანჟი შეცვალა. საერთაშორისო ფედერაციის სტრუქტურაში კი 1975 წლის ზაფხულში მოხვდა, როცა ფიფას სპორტულ დირექტორად დანიშნეს.

საინტერესოა, რომ კარიერის დასაწყისში ბლატერს, პრაქტიკულად, შეხება არ ჰქონია ფეხბურთთან. პირველი სერიოზული თანამდებობა 1959 წელს მიიღო - ვალეს კანტონაში ერთ-ერთ ტურისტულ ფირმაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოსტზე დაინიშნა. პირველი სპორტული ორგანიზაცია კი შვეიცარიის ჰოკეის ფედერაცია გახდა, სადაც გენერალურ მდივნად მუშაობდა.

ბლატერი მონაწილეობდა მსოფლიოს ცხრა ჩემპიონატის ორგანიზებაში, მათ შორის, ბოლო ოთხში - ფიფას პრეზიდენტის რანგში. მისი მმართველობის პერიოდში პირველად გაიმართა მუნდიალი აზიასა (იაპონია და კორეა, 2002 წელი) და აფრიკაში (სამხრეთი აფრიკა, 2010).

ინგლისი ბოიკოტს ახსენებს
ბლატერის მეხუთედ არჩევის შემდეგ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი გრეგ დაიკი რუსეთში გასამართ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოიკოტზე ალაპარაკდა, ოღონდ ინგლისელებს მარტო არ სურთ მოქმედება.

"როგორც გავიგე, ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ და მთელმა ლათინურმა ამერიკამ ბლატერის წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს ორი უდიდესი საფეხბურთო რეგიონია. რეალურად, სწორედ ეს არის მსოფლიოს ჩემპიონატი.

ინგლისი მარტო არ მოაწყობს ბოიკოტს, რადგან ფიფა ამაზე, უბრალოდ, თვალს დახუჭავს, მაგრამ თუ უეფა გამოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპული ქვეყნების მონაწილეობის წინააღმდეგ, ჩვენ ამ წამოწყებას მხარს დავუჭერთ", - განაცხადა დაიკმა The Guardian-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმოგიდგენიათ რა დონის კორუფციაა ფიფაში,ვინც ხმა ბლატერს მისცა,ყველა კორუმპირებულია,ძაღლი ძაღლის ტყავს არ ხევს
პაატა
22:48 01-06-2015
0
ცუდად დაასრულებს ფეხბურთის მკვლელი!
del piero 10
15:54 01-06-2015
0

სიახლეები პოპულარული