მარუან ფელაინიმ საფრანგეთის ნაკრები დაარბია

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სტად დე ფრანსზე" დაახლოებით 70 ათასი მაყურებელი მივიდა და მშვენიერი სანახაობაც იხილა, მაგრამ ვაი, რომ უმეტესობისთვის ეს სანახაობა დიდი სიხარულის მომტანი არ გახლდათ, რადგან უმეტესობა, ცხადია, საფრანგეთს ქომაგობდა, რომელიც 54-ე წუთზე 1:4-ს აგებდა...

არადა, წინა 18 მატჩიდან ევრო 2016-ის მასპინძლებს მხოლოდ 2 ჰქონდათ წაგებული - მუნდიალზე მომავალ მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან და ამხანაგური შეხვედრა ბრაზილიასთან. არადა, ვერც იმას ვიტყვით, დიდიე დეშამმა გინდა თუ არა, სარეზერვო შემადგენლობით ითამაშაო. "მამლები" საბრძოლო 11-ეულით იყვნენ მინდორზე და ამაზე თუ მიდგა საქმე, ერთი-ორი ფეხბურთელი მარკ ვილმოტსმაც
დაასვენა. ბელგიის ნაკრებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რატომ სარგებლობს სიმპათიური და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გუნდის სტატუსით.

ბელგიელთა ერთ-ერთი მეტსახელი "წითელი ეშმაკებია" (როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის"). შესაბამისად, "ორგზის ეშმაკმა" მარუან ფელაინიმ "ლურჯებს" წითელი აუნთო - უნივერსალურმა ჯარისკაცმა ჯერ თავით გაიტანა, მერე ფეხით, შემდეგ რაჯა ნაინგოლანს მიუგორა, რომელმაც უზადო დარტყმა შემოგვთავაზა და ბოლოს პენალტიც მოიპოვა. ერთი სიტყვით, ფელაინიმ ფენომენალური მატჩი ჩაატარა და თავისი ნაკრების ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა.

ფრანგების მხრიდან კი, უფრო შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა იაქტიურეს - ნაბილ ფეკირმა და დიმიტრი პაიემ გოლები გაიტანეს, ხოლო პოლ-ჟორჟ ნტეპ დე მადიბამ საგოლე პასი გააკეთა. კამერუნული ფესვების მქონე ფრანგი მინდორზე მე-80 წუთზე გავიდა, მაგრამ ექსოსერელმა, ამჟამად კი "რენის" 22 წლის შემტევმა ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა მაინც მოასწრო.

"ფიზიკურად დაგვჯაბნა გუნდმა, რომელმაც მთელი სიმძლავრითა და შემართებით ითამაშა. მეტოქე საოცრად ეფექტური და პროდუქტიული იყო - კარში ზუსტად 5-ჯერ დაარტყა და 4-ჯერ გაიტანა. ხალხს, რაც უნდა, შეუძლია ის თქვას, მაგრამ ბელგია ფიფას რეიტინგში მე-2 ადგილზე შემთხვევით არ არის. თავის მართლებას არ ვცდილობ, უბრალოდ, ფაქტს აღვნიშნავ. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა უფრო ცოცხლად იმოქმედეს, პირველი ნახევარი კი ჩავაგდეთ.

სათქმელია ისიც, რომ ბელგია მეორე სართულზეც ძალიან ძლიერია. მას მერე, რაც მეტოქემ მეოთხე გოლი გაიტანა, თითქოს, ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ არ დავნებდით და შემართებით გავაგრძელეთ თამაში. ეს არის ის პოზიტივი, რომლის დანახვაც მატჩიდან შეიძლება. თუმცა, რასაკვირველია, უკეთ უნდა ვითამაშოთ. მეორე მხრივ, ამ მარცხის გამო საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ" - თქვა დეშამმა.

მარკ ვილმოტსი: "ეს იყო მატჩი, რომელშიც ჩვენი შესაძლებლობები და პოტენციალი მაქსიმალურად გამოვავლინეთ. ვუტევდით, თავს კარგად ვიცავდით და თითქმის მთელი 90 წუთი წარმატებით ვთამაშობდით პრესინგს. მატჩის ბოლო წუთებმა გამოაჩინა, რომ ეს სწორი მიდგომა იყო, რადგან როგორც კი ცოტა მოვდუნდით, გოლები გავუშვით. მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ, მშვენივრად ვითამაშეთ და ჩვენთვის ეს გამარჯვება ბევრს ნიშნავს. ადვილი არ არის, საფრანგეთში ჩამოხვიდე და მოიგო.

ორთაბრძოლებისას უფრო ძლიერები ვიყავით და დამაგვირგვინებელ ფაზაში დიდებულად გამოვიყურებოდით. ჩემმა ბიჭებმა ნახევარდაცვაში დუელი მოიგეს და ჩვენ ათი ან მეტი შანსი შევქმენით, მეტოქეს კი თითქმის არაფრის საშუალება არ მივეცით 88-ე წუთამდე. ყველას დავაკვირდი, ბევრი ცვლილება გავაკეთე და დავინახე, რომ მთელი შემადგენლობა, მთელი გუნდი მზად არის და შემართულია".

ფრანგების მორიგი სპარინგ-პარტნიორი ალბანეთი იქნება, რომელსაც დეშამის გუნდი 13 ივნისს ესტუმრება, ხოლო შემდეგ სექტემბრამდე "მამლები" დაისვენებენ. ბელგიელებს კი 12-ში სწორედ საფრანგეთში გასამართი ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო მატჩი ელოდებათ უელსში. 5 ტურის მერე ეს ნაკრებები 11-11 ქულით ლიდერობენ, მათ უკან მდგარ ისრაელს კი 9 ქულა აქვს. ასე რომ, მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია - გარეთ ბეილი ედენ აზარის წინააღმდეგ.

საფრანგეთი-ბელგია 3:4
გოლები: 0:1 ფელაინი (17), 0:2 ფელაინი (42), 0:3 ნაინგოლანი (50), 1:3 ვალბუენა (53-პენ.), 1:4 აზარი (54-პენ.), 2:4 ფეკირი (89), 3:4 პაიე (90+1)
საფრანგეთი (4-2-1-3): ლორისი - სანია, ვარანი, კოშელნი, ტრემულინა - მატუიდი, კაბაი (46. პაიე) - სისოკო - ვალბუენა (73. ფეკირი), გრიზმანი (46. ლაკაზეტი), ჟირუ (80. ნ"ტეპი)
ბელგია (4-2-1-3): კურტუა - ალდერვეირელდი, ლომბერტსი, დენაიერი (85. დენდონკერი), ვერტონგენი - ნაინგოლანი, ვიტსელი (81. დემბელე) - ფელაინი (77. შადლი) - მერტენსი (59. ფერეირა-კარასკო), აზარი, ბენტეკე (59. ლუკაკუ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული