იტალია VS პორტუგალია - სეზონის ბოლო აკორდი

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში სანაკრებო თემა ყურადღების ცენტრშია და ბუნებრივია, რომ ჯერ კიდევ აქტიურად განიხილება "სკუადრა აძურას" გასვლითი მატჩი ხორვატიასთან და ფრე, რომელიც უფრო დადებით შედეგად შეფასდა, ვიდრე უარყოფითად.

მით უმეტეს, იტალიას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ოთხი მაქვს აქვს დარჩენილი და აქედან სამი საკუთარ მოედანზე, მათ შორის ერთი კი მალტის ეროვნულ ნაკრებთან. მოკლედ, "აძურას" ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ საუკეთესო ორ გუნდში იყოს და პლეი ოფის გარეშე მოხვდეს საფრანგეთში დაგეგმილ ევროფორუმზე - ეგ კი არა, დიდია შანსი, იტალიამ ხორვატია ჩააჩოჩოს
პირველი ადგილიდან.

უმაყურებლო ფეხბურთს თავისი პლუსებიც ჰქონია - მაგალითად, ძალიან კარგად გვესმოდა თუ როგორ უძღვებოდა ანტონიო კონტე შეგირდების თამაშს და როგორ კარნახობდა მათ თითოელ ნაბიჯს - თითქოს ბავშვებთან, დამწყებ ფეხბურთელებთან ჰქონდა საქმე და უმაღლესი კლასის პროფესიონალებთან. რაც მთავარია, კონტეს თითოეულ მითითებას ფეხბურთელები ზედმიწევნით ასრულებდნენ;

"ანტონიო ცენტრში" - დაიყვირებდა კონტე და კანდრევაც მაშინვე ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწევდა; "პაროლო დააზღვიე" - და საყრდენი მარკოც იმ წამსვე უკან ჩადიოდა, რათა წინა აწეული ცენტრალური მცველი, ან მცველები დაეზღვია. "გრაციანო, მეტი იმოძრავე" - მუდმივი შეძახილები პელეს და მოწოდება, რომელიც მატჩის ბოლო ნახევარ საათში გახშირდა: "შედეგი დაივიწყეთ და ითამაშეთ, ითამაშეთ"...

ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო, იტალიამ კი ითამაშა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამაშით, მეტოქეს აჯობა. სტუმრები უფრო დიდ ხანს აკონტროლებდნენ ბურთს, უფრო მეტჯერ დაარტყეს მეტოქის კარის ჩარჩოში, ჩააწოდეს მეტი კუთხური და ყველა სხვა პარამეტრში აჯობეს ბევრისგან ფავორიტად შერაცხულ ხორვატიას.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მატჩის არბიტრმა სტეფან ელ შაარავის 100%-იანი გოლი არ ჩათვალა, რასაც მოჰყვა კიდეც ხორვატთა სწრაფი შეტევა და გოლი, რომელიც მარიო მანჯუკიჩმა მეტად საეჭვო ვითარებაში გაიტანა და თუ სადმე უნდა დაფიქსირებულიყო თამაშგარე, ეს სწორედ მარიოს გოლი იყო და არა "პატარა ფარაონის". მოკლედ, მსაჯებს იტალია შემოეჩაგრათ, მაგრამ კონტეს შეგირდებმა ქულას მაინც გამოკრეს ხელი, რომელიც დადებით შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

დღეს, 16 ივნისს 22:30 საათზე შვეიცარიაში იტალია პორტუგალიას ამხანაგურად დაუპირისპირდება და ამით, დასრულდება კიდეც სეზონი.

გამომდინარე იქიდან, რომ "სკუადრა აძურას" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ხორვატებთან მატჩამდეც დაშავდა და მატჩის დროსაც, ანტონიო კონტე მოახლოებულ თამაშს პრაქტიკულად განახევრებული შემადგენლობით ხვდება. ქვემოთ, იმ 24 ფეხბურთელს გაგაცნობთ, რომლებიც კონტეს განკარგულებაში არიან...

მეკარეები: სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), პადელი (ტორინო)

მცველები: აჩერბი (სასუოლო), ასტორი (რომა), ბონუჩი (იუვენტუსი), დარმიანი (ტორინო), დე შილიო (მილანი), მორეტი (ტორინო), პასკუალი (ფიორენტინა), რანოკია (ინტერი)

ნახევარმცველები: ბერტოლაჩი (ჯენოა), ბონავენტურა (მილანი), მარკიზიო (იუვენტუსი), პაროლო (ლაციო), პირლო (იუვენტუსი), სორიანო (სამპდორია), კანდრევა (ლაციო), ვასკესი (პალერმო)

თავდამსხმელები: ელ შაარავი (მილანი), გაბიადინი (ნაპოლი), იმობილე (დორტმუნდი, გერმანია), მატრი (იუვენტუსი), პელე (საუთჰემპტონი, ინგლისი), სანსონე (სასუოლო).

იტალიის ნაკრებს ანტონიო კონტეს თავკაცობით ჯერ თამაში არ წაუგია და მწვრთნელი, ყველანაირად შეეცდება, რომ სტატისტიკა არც სეზონის ბოლო მატჩში გაიფუჭოს. მართალია, თამაში ამხანაგურია და პრაქტიკულად ყველას მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება, მაგრამ "გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, სასტარტო შემადგენლობა, არსებული რესურსიდან გამომდინარე, ოპტიმალურთან მიახლოებული იქნება.

კარს სალვატორე სირიგუ დაიცავს, რადგან ჯანლუიჯი ბუფონმა ხორვატიაში ტრავმა მიიღო და პორტუგალიასთან თამაშს ვერ შეძლებს. დაცვის ფლანგებს სავარაუდოდ მატია დე შილიო და მატეო დარმიანი გაამაგრებენ, ცენტრში კი დიდი ალბათობით, ლეო ბონუჩის და ანდრეა რანოკიას ვიხილავთ. ნახევარდაცვაში კლაუდიო მარკიზიოსთან და მარკო პაროლოსთან ერთად, ალბათ ანდრეა ბერტოლაჩი გაირჯება, ანდრეა პირლო კი ამჯერად თადარიგში დარჩება.

ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ჩირო იმობილე იქნება და არა გრაციანო პელე, ფლანგებზე კი ანტონიო კანდრევას და მანოლო გაბიადინის ვიხილავთ. ამჯერად, თადარიგში დარჩება სტეფან ელ შაარავი, რომელიც სავარაუდოდ, მეორე ნახევარში ჩაერთვება თამაშში.

ბუნებრივია, ეს მხოლოდ პროგნოზებია და კონტე შემადგებლობას მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გააცხადებს.

ისიც ვთქვათ, რომ მატჩს დანაკლისით ხვდება პორტუგალიის ეროვნული ნაკრებიც - პირენეელებს კრიშტიანო რონალდო არ ეყოლებათ და ამით, ყველაფერია ნათქვამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წერა არ იცი ავტორო? რა იყო ლინგვოთი თარგმნე?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული