ჩილე VS არგენტინა - ხუთ-ხუთი მიზეზი, მეტოქეების სასარგებლოდ

AutoSharing Option
შაბათს, 4 ივლისს, თბილისის დროით ღამის 12:00 სთ-ზე კოპა ამერიკის მთავარი აკორდი, ფინალი დაიწყება - ტურნირის მასპინძელი ჩილეს ნაკრები ერთ-ერთ ფავორიტ არგენტინას ხვდება.

არგენტინის შესაძლო გამარჯვების 5 მიზეზი
1. ლიონელ მესი
როდესაც გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გყავს, ნებისმიერი ტურნირის მოგება შეგიძლია. მართალია მესი ჯერჯერობით, ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით და თან ჩილესთვის, ვინ იცის, უარესი იყოს, რადგან ლეო მთელ ძალას ფინალისთვის ინახავს.

ის, რომ ფორმაშია ამაზე წინა სეზონიც მოწმობს, როდესაც "ბარსელონასთან" ერთად ჰეთ თრიკი შეასრულა. მესის ხერარდო
"ტატა" მარტინოც უფრო მარჯვენა ფლანგზე ათამაშებს, ლუის ენრიკეს დარად. ჯერჯერობით, მის აქტივში "მხოლოდ" 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. იგი ისე თამაშობს, როგორც ნაკრებს სჭირდება, თავადაც კმაყოფილია და მწვრთნელიც. როდის აფეთქდება კი ვინ იცის, იქნებ ეს სწორედ სანტიაგოში "ნასიონალზე" მოხდეს.

2. არგენტინას მესის გარეშეც გააქვს
"ალბისელესტესთვის" მესის აქტიურობა აუცილებელი პირობა სულაც არ არის იმისთვის, რომ გოლები გაიტანოს, რაზეც სტატისტიკაც მოწმობს - 3 გოლი სერხიო აგუერომ შემოგვთავაზა, თანაც ერთი მატჩი გამოტოვა. გონსალო იგუაინმა ჯამში სულ 95 წუთი ითამაშა და ორჯერ შეაგდო. "მანჩესტერ იუნაიტედში" პრობლემური წლის მიუხედავად ,კარგად გამოიყურება ანხელ დი მარია და მასზეც 2 ბურთი მოდის.

შეტევაში აქტიურობა მცველებსაც შეუძლიათ, რაც მარკოს როხომ დაადასტურა და ერთი ხავიერ პასტორემაც შეაგდო, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება. გარდა ამისა, მეტოქის კარზე მუდამ დაგეშილები არიან ესეკიელ ლავეცი და კარლოს ტევესი, რომლებიც თავის შანსს ელოდებიან.

3. სტაბილურობა და ბალანსი
მარტინო ჭკვიანი კაცია, დისციპლინაც უყვარს და სტაბილურობაც. თითქოს, მან სიტუაციაც დააბალანსა და ოპტიმალურ შემადგენლობასაც მიაგნო და ტაქტიკასაც, რაც ამდენი ვარსკვლავის ყოლის პირობებში ადვილი სულაც არ არის. ტურნირის დაწყებიდან დღემდე, ტატა მაქსიმალურად ერიდებოდა სერიოზული ცვლილებების გაკეთებას. იგი ძირითადად 4-3-3-ით თამაშობს. ის, რომ გუნდს ერთი ბირთვი ჰყავს, სახე და სტილი აქვს და სტაბილურად მიუყვება არჩეულ გზას, წარმატების საწინადრია.

4. სირთულეებთან გამკლავების უნარი
არგენტინას ტიტული დიდი ხანია, არ მოუგია, არადა მუდამ ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს. ამის მიზეზი ბევრის აზრით "გამარჯვებულის მენტალიტეტის" არქონა იყო ხოლმე. "ალბისელესტეს" ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და სირთულეებთან შეჭიდებისა და მათი დაძლევის უნარი დაეკარგა. ფაქტია, ახლა ასე აღარ არის, არგენტინა წინა ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, ხოლო ახლა კოპა ამერიკას ფინალშია და დიდი დრამაც გადაიტანა. ეს გუნდს დამატებით თავდაჯერებას შეჰმატებდა.

5. ჩილეს მთავარი ტესტი
არგენტინა ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე ჩილე და თანაც მასპინძლებმა ბევრად უფრო იოლი გზა გაიარეს ფინალამდე, ვიდრე მარტინოს გუნდმა. ასე რომ, "ლა როხას" ნამდვილი გამოცდა სწორედ ფინალი იყო. ჩილეს ჯგუფიც უფრო მარტივი ჰქონდა და აქამდე ჩატარებული 5 მატჩიდან 4 კი მოიგო, მაგრამ აქედან 3 მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით, მაგრამ მთავარი გამოცდა ჩილეს ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვს, გამომცდელი კი ძალიან მკაცრია.

ჩილეს შესაძლო გამარჯვების 5 მიზეზი
1. ედუარდო ვარგასი
ყველა ნაკრებს ჰყავს ხოლმე ფეხბურთელი, რომელიც კონკრეტულ ტურნირზე იმაზე მეტს გვთავაზობს, ვიდრე ელიან. ვიცით, რომ კარგი მოთამაშეა, მაგრამ ასე კარგად თუ ითამაშებდა, ამას არ ველოდებით ხოლმე. სწორედ ასეთია ედუარდო ვარგასი, რომელიც ახლა ბომბარდირთა დავაში ლიდერობის 4 გატანილი გოლით. ედუ მინდორზე მართლაც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვის და ბოლომდე იხარჯება. ის ყველგანაა და არც საჯარიმოს თავდამსმხელი გახლავთ, ყველა წერტილიდან შეუძლია გატანა.

2. ხორხე ვალდივია
შესაძლოა, არტურო ვიდალისა და ედუარდო ვარგასის ქარიზმასთან გაჯიბრება რთულია, ისევე, როგორც ალექსის სანჩესის სტატუს-სახელთან. თუმცა დაკვირვებული თვალი და ფეხბურთის გურმანები შეამჩნევდნენ, რომ ჩილესთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა ხორხე ვალდივიაა. ამ ძალიან ტექნიკურ და ჭკვიან ფანტაზისტად მინდორზე ისეთი პასები ხატვა შეუძლია, რომელთანაც ნებისმიერი მეტოქე უძლურია ხოლმე. თუ ვალდივიას თამაში მისდის, ჩილეს შეჩერება ძალიან რთულია.

3. სანტიაგო და "ესტადიო ნასიონალი"
საშინაო პუბლიკა, რომ დიდ როლს ითამაშებდა ეს წინასწარაც ვიცოდით. თუკი ოდესმე ჩილეს რაიმე სერიოზული წარმატებისთვის მიუღწევია მსოფლიოს ჩემპიონატზე, ესეც საშინაოზე და საერთოდ იქ სხვაგვარი გულშემატკივრობა იციან.

ფანები მოლოდინს არ გვიცრუებენ და ისედაც ამ უდიდესი მუხტის მქონე გუნდს, ქოქავენ და ქოქავენ. გარდა ამისა, მათ დააჩქარეს ჩილეს ძრავის არტურო ვიდალის საპყრობილედან დროზე ადრე გაშვება. ისინი დარწმუნებულნი არიან თავისი გუნდის ტრიუმფში და ეს თავდაჯერება მოთამაშეებზეც გადადის, რომლებიც დიდ მხარდაჭერას გრძნობენ.

4. აროგანტული სტილი
ჩილე ლაღ-შემტევ ფეხბურთს თამაშობს. სპორტულად აგრესიულია და ნებისმიერ მეტოქესთან პირველი ნომრობა უნდა. აქამდე ჩატარებულ შეხვედრაში გუნდმა 13 გოლი გაიტანა და მხოლოდ 4 გაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინამ თითქმის ამის ნახევარი მხოლოდ პარაგვაის შეუგდო ნახევარფინალში, ჯამში ჩილეზე ნაკლები აქვს გატანილი.

მასპინძლებმა კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა და 6 ყვითელი ბარათი მიიღო, 1 კი წითელი. შემართება ძალიან ძლიერი იარაღია და სამპაოლი შეეცდება ეს გამოიყენოს, თანაც ისე, რომ ბიჭებს ზედმეტი არ მოუვიდეთ და ვინმემ მსაჯს თავი არ გააგდებინოს.

5. არის არგენტინა მზად?
ხერარდო მარტინოს გუნდი ჯერ ბოლომდე თავის ჭკუაზე არ გადაულაგებია. ერთის მხრივ, არგენტინას უფრო რთული გზა ჰქონდა ფინალამდე და უფრო ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩილე მატჩიდან-მატჩამდე უმატებდა და თამასით ნებისმიერ მეტოქეს საგრძნობლად სჯობდა.

არგენტინამ კი "ის ფეხბურთი", მხოლოდ პარაგვაისთან ნახევარფინალში აჩვენა. გადაჭედილ "ნასიონალზე" თამაში ძალიან რთულია, ჩილე იმ შეცდომებს არგენტინელებს არ აპატიებს, რომლებსაც ისინი ალაგ-ალაგ უშვებდნენ და პარგვაისთან კარგი თამაში ნიშნავს კი იმას, რომ მწვრთნელმა ხარვეზები ბოლომდე გამოასწორა? მზად არის არგენტინა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მოხდებოდა ეს თამაში ქართულ არხებს გადმოეცა ან რუსთავი 2 ს ან პირველს ან იმედს მგონი საკმარისი ფინანსები აქვთ გადმოცემისთვის ბევრ ქვეყანაში გადასცემენ ჩვენ რატომ უნდა ჩამოვრჩეთ?
ემზარი
18:12 04-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული