"პორტუ": როგორ ვიშოვოთ მილიონები

AutoSharing Option
"პორტუს" ევროპულ ფეხბურთში ანალოგი არ ჰყავს. ეს გუნდი გამორჩეულია იმით, რომ ყიდულობს ტალანტებს და მერე მათ ძალიან ძვირად ყიდის. ფაქტია - "ბებერ კონტინენტზე" არ არსებობს ასეთი გამართული საკლუბო მენეჯმენტი. გაყიდო 9 ფეხბურთელი და მათ ნაცვლად მიიღო 338 მილიონი ევრო, ნამდვილად არ არის პატარა ამბავი.

რიკარდო კარვალიო
"ჩელსიში" 2005 წელს გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 30 მილიონი ევრო შეადგინა. წლების განმავლობაში შესანიშნავი სეზონები ჩაატარა ლონდონურ გუნდში. ახლა "მონაკოშია". კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. მთელი კარიერის განმავლობაში ითვლებოდა ჟოზე მოურინიოს უსაყვარლეს მოთამაშედ.

დანილო
"რეალში" 2015 წელს გადავიდა, 31,5
მილიონ ევროდ. იყო "პორტუს" ლიდერი. "სამეფო კლუბში" ძირითადში თამაშს უწინასწარმეტყველებენ. ბრაზილიის ნაკრებში დაიმკვიდრა ადგილი. "კოპა ამერიკაზე" "სელესაოს" სუსტ თამაშს ბევრი, ნეიმარის დისკვალიფიკაციასთან ერთად, სწორედ დანილოს ტრავმასაც აბრალებს.

პეპე
2008 წელს მივიდა "რეალში" 30 მილიონ ევროდ. მიუხედავად ძალიან ხისტი სათამაშო სტილისა, "სამეფო კლუბისათვის" შეუცვლელ ფეხბურთელად ითვლება. ძლიერია ორთაბრძოლებში. არც საკუთარ თავს ინდობს და არც მოწინააღმდეგეებს. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერთაგანი.

ანდერსონი
ბრაზილიელი საყრდენი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2008 წელს გამოჩნდა. "წითელმა ეშმაკებმა" ამ ფეხბურთელში 31,5 მილიონი ევრო გადაიხადეს. სანახევროდაც ვერ გაამართლა იმედები, რასაც მას უკავშირებდნენ. მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი ტალანტი ვერ დამკვიდრდა "წითელ ეშმაკებში" და გუნდის დატოვება მოუხდა.

ჯექსონ მარტინესი
კოლუმბიელი ფორვარდი დიდხანს ემსახურა "პორტუს" და გუნდთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო. ამ ზაფხულს მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა 35 მილიონ ევროდ. მარტინესს ურთულესი მისია აკისრია. მან სრულფასოვნად უნდა შეცვალოს დედაქალაქურ გუნდში ტურინის "იუვენტუსში" ახლახან გადასული ხორვატი, მარიო მანჯუკიჩი.

რადამელ ფალკაო
2013 წელს გადავიდა "ატლეტიკოში", 40 მილიონ ევროდ. მადრიდელთა უპირობო ლიდერად იქცა და სრულად გაამართლა მის სანაცვლოდ დახარჯული თანხა. "ატლეტიკოს" შემდეგ უჭირს თავისი თამაშის ჩვენება. მაინცდამაინც წარმატებული ვერ იყო "მონაკოში" და ცუდი სეზონი ჰქონდა "მანჩესტერში". მომავალი სეზონიდან გოლების გატანას "ჩელსიში" ეცდება.

ელიაკიმ მანგალა
2014 წელს გადავიდა "მანჩესტერ სიტიში", 40 მილიონ ევროდ. ჰქონდა რამდენიმე კარგი მატჩი, თუმცა ჯერ ბოლომდე ვერ ამართლებს გაცემულ ავანსებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი სეზონი.

ხამეს როდრიგესი
2014 წელს ის "პორტუმ" 45 მილიონ ევროდ გაყიდა "მონაკოში". ხამესი წამსვე იქცა სამთავროს გუნდის ლიდერად, რის შემდეგაც გადავიდა მადრიდის "რეალში". კოლუმბიელი ნახევარმცველი არც "სამეფო კლუბში" დაიკარგა. მან ჯოჯოხეთურ კონკურენციას გაუძლო და გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოიპოვა ადგილი.

ჰალკი
ბრაზილიელი ვარსკვლავი 2012 წელს გადავიდა "ზენიტში", 55 მილიონ ევროდ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი აღმოჩნდა რუსული მილიონების ფაქტორი. ჰალკს აღარ ეძახიან ბრაზილიის ნაკრებში. ის დღეს სანკტპეტერბურგული გუნდის გამოკვეთილი ლიდერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული