რონალდო, მესი და სხვები - ევროპის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის 10 იბრძვის

AutoSharing Option
15 ივლისს უეფამ გამოაქვეყნა 2014/15 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის მებრძოლი ათი მოთამაშის სია.

ბუნებრივია, სიაში არიან ლიონელ მესიც და კრიშტიანო რონალდოც, ანუ ამ პრიზის მოგების ყველაზე რეალური კანდიდატები.

უეფა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს 28 აგვისტოს გამოაცხადებს, მანამდე კი ნომინანტთა ეს გაცხრილული სია შემოგვთავაზა. სიაში ჩემპიონთა ლიგის 8 ფინალისტია.

როგორც წინა წლებში, უეფას წევრი 54 ქვეყნის ჟურნალისტები ასახელებენ მათი აზრით საუკეთესო 5-5 ფეხბურთელს. პირველადგილოსანი 5 ქულას იღებს, მეორე - ოთხს და ასე შემდეგ. ათი ფეხბურთელი, რომელთაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს, მეორე
ეტაპზე გადავიდა, რომელთაგანაც გაირკვევა სამი ფინალისტი.

სამი ფინალისტის ვინაობა (ალბათ, აქედან ორი უკვე ცნობილია) თბილისის სუპერთასის მეორე დღეს, 12 აგვისტოს გამოცხადდება. შემდეგ კი სპეციალურად შექმნილი ჟიური გადაწყვეტს, ამ სამი ფეხბურთელიდან რომელი უფრო იმსახურებს კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას.

გამარჯვებული 28 აგვისტოს, მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გამოცხადდება.

ნომინანტები არიან:

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია)
*2014/15 წლების სეზონში ზედიზედ 5-ჯერ შეინახა კარი მშრალად. დაეხმარა "იუვეს", ზედიზედ მეოთხედ მოეგო სკუდეტო.
*ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. უკაპიტნა "იუვეს" და ფინალიდან ექვს დღეში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის პირველობაზე (საკვალიფიკაციოს ჩათვლით) 50-ედ დაიცვა ეროვნული ნაკრების ღირსება.

ედენ აზარი (ჩელსი, ბელგია)
*2010 წლის მერე "ჩელსიმ" პირველად მოიგო პრემიერლიგა, აზარმა კი 14 გოლი გაიტანა.
*ინგლისის ფეხბურთელთა ასოციაციამ დაასახელა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად.

ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა)
*ესპანეთში ტელმო ზარას რეკორდი დაამხო, "ბარსელონას" შემადგენლობაში 58 გოლი გაიტანა სეზონში.
*გუნდთან ერთად მოიგო სამი ტიტული.
*რონალდოსთან და ნეიმართან ერთად, გახდა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი 10 გოლით.

ნეიმარი (ბარსელონა, ბრაზილია)
*ჩემპიონთა ლიგის თანაბომბარდირი 10 გოლით, გაიტანა ფინალურ მატჩშიც.
*გუნდთან ერთად მოიგო სამი ტიტული.
*გოლები გაიტანა მეოთხედფინალურ, ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებში ჩემპიონთა ლიგაზე.

პოლ პოგბა (იუვენტუსი, საფრანგეთი)
*"იუვენტუსმა" სკუდეტო მოიგო, ნახევარმცველმა კი ჩემპიონატში 8 გოლი გაიტანა. ეს მისი კარიერის რეკორდია.

კრიშტიანო რონალდო (რეალი, პორტუგალია)
*ლა ლიგის ბომბარდირი 48 გოლით, ჩემპიონთა ლიგის თანაბომბარდირი 10 გოლით.
*"გრანადასთან" მატჩში 5 გოლი გაიტანა, ზედიზედ სამ შეხვედრაში შეასრულა ჰეთ-თრიკები.

ლუის სუარესი (ბარსელონა, ურუგვაი)
*ინგლისში დაბრუნება "სიტის" კარში გოლებით აღნიშნა.
*ნეიმართან და მესისთან ერთად, "ბარსელონასთვის" 122 გოლი გაიტანა სეზონში.

კარლოს ტევესი (იუვენტუსი, არგენტინა)
*იტალიის ჩემპიონატში 20 გოლი გაიტანა და სკუდეტოს მოგებაში ლომის წილი დაიდო.
*არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის ფინალში გააღწია.

ანდრეა პირლო (იუვენტუსი, იტალია)
*ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩში ფანტასტიკური ჯარიმა გაიტანა "ოლიმპიაკოსის" კარში.
*ზედიზედ მესამედ დასახელდა იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელად.

არტურო ვიდალი (იუვენტუსი, ჩილე)
*სკუდეტო "იუვემ" მისი გოლით დაიბევა "სამპდორიას" კარში.
*მოიგო კოპა ამერიკა ჩილეს ნაკრებთან ერთად.

წინა წლების გამარჯვებულები იყვნენ: ლიონელ მესი (2011), ანდრეს ინიესტა (2012), ფრანკ რიბერი (2013) და კრიშტიანო რონალდო (2014).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დღეს ცნობილი გახდა ESPY 2015–ის (წლის საუკეთესო სპორტსმენი) გამარჯვებულის ვინაობა, სადაც 5 სხვადასხვა სპორტის წარმომადგენელი იყო წარდგენილი.

წლის საუკეთესო არაამერიკელი სპორტსმენი არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი გახდა.

მისი კონკურენტები იყვნენ: ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ფორმულა 1-ის პილოტი ლუის ჰამილტონი და გოლფის მოთამაშე ლიდია კო. პორტუგალიელმა მეხუთე ადგილი დაიკავა.
saba
17:02 16-07-2015
0
პოგბას რეალთან გოლია რ გაუტანია

2 - მოროტა
1 - ტევესი

გაასწორეთ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული