PRO & CONTRA: "ბარსელონას" და "სევილიის" ძლიერი და სუსტი მხარეები

AutoSharing Option
თბილისურ სუპერთასს ერთი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს - "ბარსელონა". და მაინც, სადაც ფეხბურთია, იქ პროგნოზი მთავარი ვერაფრით იქნება, რადგან ფეხბურთი იმიტომ გვიყვარს, რომ ის სანახაობას და, არცთუ იშვიათად, სენსაციებსაც გვჩუქნის.


ალბათ, მხოლოდ "ბარსელონას" მრავალრიცხოვან ქომაგს თუ გაეხარდება თბილისური სუპერმატჩის ასეთი სცენარი: კატალონიური კლუბი იმთავითვე ახვევს სათამაშო სტილს თავის მოწინააღმდეგეს და იოლად იმარჯვებს. სანახაობისთვის კი უკეთესი - ინტრიგის ბოლომდე შენარჩუნება იქნება.

ვეცადოთ, ორივე გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები გამოვკვეთოთ...

ბარსელონა
პლუსები
ამ გუნდს იმდენი დადებითი
მხარე აქვს, იქნებ მთელი ჟურნალის ფორმატი არ გვეყოს მათ ჩამოსათვლელად. ჩვენ მხოლოდ იმ გარემოებებზე შევჩერდეთ, რომლებიც განსაკუთრებით ჩანს.

"ბარსელონა" დღეს ყველაზე ლამაზად თამაშობს ფეხბურთს და ყველაზე კარგად ფლობს ბურთს. კატალონიელთა შეტევა დიდებულად გამოიყურება და მათი ყოველი იერიში მოწინააღმდეგის კარზე პოტენციურ საგოლე საფრთხეს შეიცავს.

მართლაც, როგორ გინდა, გაუმკლავდე იმ გუნდის იერიშებს, რომლის ღირსებასაც ერთდროულად იცავენ ლიონელ მესი, ლუის სუარესი და ნეიმარი. ეს შემტევი ტრიო, უბრალოდ, შეუჩერებელია. თუმცა "სევილიას" გაუმართლა - ნეიმარი თბილისში ვერ ჩამოვიდა..

იოლი წარმოსადგენია, როგორი თამაში წავა თბილისში: კატალონიელები თავიდანვე დაინადავლებენ ბურთს და ტერიტორიას, მეტოქეს ძალას გამოაცლიან ბევრი სირბილით და უბურთოდ გადაადგილებით.

შეიძლება მავანმა ეს აზრი არ გაიზიაროს, მაგრამ "ბარსელონას" თამაშში ერთ-ერთი მთავარი პლუსი ისაა, რომ გუნდს ავტომატიზმამდე აქვს დახვეწილი პრესინგის ხელოვნება და ყველა მატჩში დიდებულად იყენებს მას.

გარდა ამისა, არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელის ამპლუას - ამ გუნდის ყველა მოთამაშემ დიდებულად "იცის" ბურთი. ეს "ბარსას" თამაშში ტექნიკური არსენალის მრავალფეროვნებას განაპირობებს.

მინუსები
თუ შეიძლება "ბარსელონას" მინუსი ჰქონდეს? ამ კითხვას, ალბათ, ბევრი დასვამს. ბუნებაში სრულყოფილი არაფერია და რადგანაც მასალის ფორმატი ამას გვავალდებულებს, ჩვენც ვცადოთ.

ალბათ, არ ვიქნებით ორიგინალურები, თუ დავწერთ, რომ "ბარსელონას" სუსტი რგოლი დაცვაა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებითია და ჩვენც ამ შედარებებით ვწერთ.

როცა მოწინააღმდეგე შეტევისთვის იცლის (უნდა ითქვას, რომ ამას არცთუ ხშირად ახერხებს), კატალონიელთა უკანა ხაზი უნაკლოდ სულაც არ გამოიყურება. აქედან დასკვნაც: თუ "სევილია" თბილისში დაცვაში გამოიკეტება, ის, უბრალოდ, განწირული იქნება წარუმატებლობისთვის.

ერთიც: ლუის ენრიკემ "ბარსელონა" შეაჩვია ჩავის გარეშე თამაშს, მაგრამ აქამდე კატალონიელი გენიოსი გუნდთან ერთად იყო, ახლა კი ის ძალიან შორსაა, ყატარში...

სევილია
პლუსები
დიდი გამოცდილება, მცოდნე მწვრთნელი, სათასო ტურნირების სტრატეგიის ცოდნა და დალაგებული თამაში - ესაა "სევილიის" დადებითი მხარეების მოკლე ჩამონათვალი.

ესპანეთში ამბობენ, რომ ანდალუსიელები არასოდეს ნებდებიან და ეს მართლაც ასეა - გუნდს არაერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გადაურჩენია ბოლო წამებზე.

ჯერ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი არ დასრულებულა და "სევილიამ" უკვე არაერთი შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა. მომავალ სეზონში მის ღირსებას დაიცავენ ახალწვეულები - ადილ რამი, სტივენ ნზონზი, ჩირო იმობილე, მიკაელ კრონ-დელი და ყველაზე დიდი იმედი, უკრაინის ნაკრების ლიდერი - იევჰენ კონოპლიანკა, რომლისთვის ბრძოლაც "სევილიამ" ძლივს მოუგო "ლივერპულს".

მინუსები
უნაი ემერის წინაშე მართლაც ურთულესი ამოცანა დგას - მან უმოკლეს ხანში უნდა შეათამაშოს ამდენი ფეხბურთელი. ჩვენი აზრით, ეს პრობლემა განსაკუთრებით თავს იჩენს სეზონის პირველ შეხვედრაში.

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ გუნდი დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა კარლოს ბაკამ. კოლუმბიელი ფეხბურთელი ამიერიდან "მილანისთვის" გაიტანს. ბაკა კლუბის მთავარმეგოლე იყო და მისი შეცვლა იოლი არ იქნება.

ვნახოთ, რამდენად გაართმევენ თავს ამ მისიას კევინ გამეირო და გუნდის ახალწვეული ჩირო იმობილე, რომელიც "ტორინოში" ჩატარებული დიდებული სეზონის შემდეგ "დორტმუნდში" ულაპარაკოდ ჩაფლავდა.

ერთიც: "სევილია" აუცილებლად გამოავლენს თბილისში თავის ხასიათს და ბევრს იუხეშებს "ბარსას" წინააღმდეგ. სხვანაირად ანდალუსიელები, უბრალოდ, ვერ შეაჩერებენ კატალონიელთა იერიშებს. ძალიან ხშირად "სევილია" ერთობ ხისტად თამაშობს, ამას კი მსაჯისგან სანქციები მოსდევს...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული