დრიბლინგი: სხვა პირლო სად არის?!

AutoSharing Option
"სასუოლო"? "კიევო"? იტალიაში აღლუმი უსახელო კლუბებს მიჰყავთ. "მარადმწვანე" ჩემპიონი კი ახალი პირლოს ძიებაში ბალასტით გაივსო.

ამას გარდა: ინგლისში ბალოტელი მიტროვიჩმა შეცვალა, "ხიხონი" უკვე გადარჩენილია. ფაქტობრივად.

მოკლედ, ახალი სეზონი გახურდა და "დრიბლინგის" დროც დადგა.

იტალია
ტურინის დროით ტორინოს დროა
ორშაბათს, "ტორინოს" მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ ამაყად აღიარა, რომ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი თავის სმარტფონში მთავარ ფოტოდ აქვს დაყენებული. ჩვენ კი შეგვიძლია თამამად დავამატოთ, რომ ვენტურას ტელეფონის ბექგრაუნდ-ფოტო მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში არ შეიცვლება.

საქმე იმაშია, რომ ორი ტურის შემდეგ სერია A-ს სწორედ
"ტორინო", "კიევო", "სასუოლო" და "პალერმო" ლიდერობენ. ჰოოო, "ინტერიც", რა თქმა უნდა. უბრალოდ, ამ ჩამონათვალში "ინტერის" ადგილი რაღაცნაირად არც არის.

სამაგიეროდ, მოქმედი და ზედიზედ ოთხგზის ჩემპიონი "იუვენტუსი" ქვემოთაა. სულ ქვემოთ. 0 ქულა პირველი ორი თამაშის შემდეგ - "იუვეს" ასეთი რამ ბოლოს იმ დროს დაემართა, როცა იტალიის მთავარ ლიგას სერია A-ც კი არ ერქვა - კერძოდ, 1912 წელს.

ამასთან, ტურინელებმა "რომასთან" მატჩის პირველ 45 წუთში მეტოქის კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს - ბოლოს ასეთი რამ "ბებერ ქალბატონს" 11 წლის წინათ დაემართა.

პრინციპში, "რომასთან" სხვა რამ არც იყო მოსალოდნელი, რადგან ნახევარდაცვაში სტეფანო სტურარო და სიმონე პადოინი საფეხბურთო ორგიებს რომ ვერ მოაწყობენ და "გაზაფხულს რომ ვერ მოიყვანენ", ეს ბავშვმაც კი იცის ტურინში (და არა მარტო ტურინში, რაღა თქმა უნდა).

"რომა" კი ნაღდად მოსაწონი იყო - განსაკუთრებით ნაინგოლანი, პიანიჩი და რომაელთა ახალწვეული თავდამსხმელი ედინ ჯეკო, რომელმაც იტალიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

"კარლოს ტევესის ან არტურო ვიდალის დარი კანიბალების შესაცვლელად ათეულობით მილიონი უნდა დახარჯო, აი, ანდრეა პირლოს კი ვერ შეცვლი", - ასე შეაფასა "იუვენტუსის" დღევანდელი დღე რომაელთა ლიდერმა დანიელე დე როსიმ.

"იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ კი თქვა, იტალიის ჩემპიონატი 100-მეტრიანი გარბენი არ არის, ეს მარათონია და ყველას გაფრთხილებთ, "იუვეს" ჩამოწერა ნაადრევიაო. მაქსი, რა თქმა უნდა, მართალია, თუმცა თუ ტურინელებმა უახლოეს ტურებში მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გამოიკეთეს, ალეგრი თუ ვერ მიხვდა, მიახვედრებენ, რომ ნებისმიერი მარათონი რამდენიმე ასეული მეტრისგან შედგება.

სამსუნგი თუ აიფონი?
ნეაპოლში ფეხბურთი სიგიჟემდე რომ უყვართ, ეს ყველამ იცით. ცნობილია ისიც, რომ ნეაპოლში არ უყვართ, როცა მათ მასხრად იგდებენ.

"სამპდორიასთან" პირველ ტაიმში "სან პაოლოზე" დიდი ოვაციები და აპლოდისმენტები იყო, მეორე ტაიმში კი - ლანძღვა, გინება და ფურთხება ნეაპოლურად. საქმე იმაშია, რომ "ნაპოლიმ" პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, თამაში კი 2:2 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლიმ" ბოლო 15 წელიწადში ყველაზე ცუდი სტარტი აიღო, ამ კლუბის ახალ მწვრთნელ მაურიციო სარის დარდი დიდად არ ეტყობოდა და ასეთი რამ თქვა:

"მწვრთნელის შეცვლა დაახლოებით იგივეა, რაც ტელეფონის შეცვლა. ზოგი "აიფონიდან" "სამსუნგზე" გადადის და ამ უკანასკნელს მეორე დღესვე ფანჯრიდან ისვრის, რადგან "სამსუნგის" არაფერი გაეგება.

პირადად მე სწორედ "აიფონი" მქონდა, ახლა "სამსუნგი" მაქვს და პრობლემას ვერ ვხედავ, რაც იმას ნიშნავს, რომ გახსნილი ვარ."

...ასე რომ, "ნაპოლის" ძვირფასო ტიფოზებო, ნუ ინერვიულებთ - ვინც "აიფონის" შემდეგ "სამსუნგს" გაუგო, მას "ნაპოლისთვის" წარმატებების მოტანაც შეეძლება.

ჰონდას ნინძები დაესიზმრა
როგორც ჩანს, "მილანის" იაპონელ შემტევ ჰონდას "ემპოლისთან" 2:1-ზე მოგებული მატჩის წინა ღამეს ისეთი სიზმრები ესიზმრა, "როსონერის" თავკაც სინიშა მიხაილოვიჩს რომ არ მოეწონებოდა.

საქმე იმაშია, რომ მიხაილოვიჩმა წინა დღეს თქვა, ჰონდა "ემპოლისთან" მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ითამაშებს, თუ მას ღამით ისევ ნინძები ან სამურაები დაესიზმრებაო.

ეგრეც იყო, რადგან ჰონდას "ემპოლისთან" 90 წუთი სკამი "ახეხინეს".

ინგლისი
ეშმაკი სალივანი
"ვესტ ჰემის" მფლობელი დევიდ სალივანი ცუდი ბიზნესმენი ნამდვილად არ არის, ახლა კი კინოინდუსტრიაშიც სცადა ბედი. სწორედ მან დააფინანსა ფილმი განგსტერებზე, რომელსაც "The Rise of the Krays" ეწოდება და რომლის ჩვენებაც ინგლისის კინოთეატრებში ორშაბათს დაიწყო.

სალივანმა, რა თქმა უნდა, ხმამაღალი განცხადებებიც გააკეთა - ეს ყველა დროის ყველაზე მაგარი ინგლისური ფილმი იქნება განგსტერების შესახებო.

ფილმი, რა თქმა უნდა, გამოჩნდა ცნობილ პორტალ IMDB-ზეც, სადაც, პირველმა სამმა "იუზერმა" ამ ფილმს 10-დან 10 ბალი დაუწერა. კომენტარებს არ იკითხავთ? ეს ფილმი კლასიკა გახდებაო და ეგეთები. ასე რომ, დაივიწყეთ "გაქცევა შოუშენკიდან" და გადაყარეთ "ნათლიას" კასეტები და დისკები, სალივანის ფილმი ყოფილა, რაც ყოფილა.

უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ თუ ამ ფილმის სერიოზული ფანების პროფილებზე დააკლიკებთ, ისეთ ნიქნეიმებს აღმოაჩენთ, როგორებიცაა davidsullivansoffice და davesullivan-01061.

მოკლედ, ეს ჩვენი დევიდი დიდი ვერაფერი გოთვერანი აღმოჩნდა.

ბალოტელი II
"ნიუკასლ იუნაიტედში", რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ალეკსანდარ მიტროვიჩის სახით მთლად დალაგებულ კაცს არ ყიდულობდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, გაითვალისწინეს ყველა ის "გვერდითი მოვლენა", რაც სერბის ტრანსფერს მოყვებოდა.

ინგლისში გადასვლამდე მიტროვიჩის ანგარიშზე 35 ყვითელი ბარათი და ოთხი გაძევება. ეს ყველაფერი ოთხ წელიწადში და, თანაც, მიტროვიჩი ცენტრფორვარდია. თუმცა სერბი იმდენად ნიჭიერ თავდამსხმელად მიიჩნევა, რომ "ნიუკასლმა" მის სანაცვლოდ 18.5 მილიონი ევრო გადაიხადა.

...და როგორია მიტროვიჩის სტარტი "ნიუკასლში"? პირველ ტურში 11 წამში გააფრთხილეს, მეორე ტურში 2 წუთში მისცეს ყვითელი ბარათი, ახლა კი, "არსენალთან" კოკლენს ცუდად დაპროგრამებული რობოტივით მოექცა და 15 წუთში მოედნიდან გააძევეს.

მოდით, შევაჯამოთ: 131 წუთი მოედანზე, 6-ჯერ დაჯარიმდა, 2 გაფრთხილება და 1 წითელი ბარათი. ცხადია, რომ მიტროვიჩი გოლებსაც გაიტანს, ჩვენი "დრიბლინგისთვის" კი ის ისედაც მისწრებაა - მარიო ბალოტელი ინგლისში ვინმეს ხომ უნდა ჩაენაცვლებინა...

ესპანეთი
ხიხონი გადარჩენილია
დავიდ დე ხეას ჩაშლილ ტრანსფერზე ინტერნეტში უკვე იმდენი დაიწერა და ისეთი შარჟები შეიქმნა, აქ არაფრის დამატებას აღარ აქვს აზრი. ახლა მხოლოდ ისღაა გასარკვევი, "ვინდოუს 95" "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფისში აქვთ დაყენებული, თუ მადრიდის "რეალის" ოფისში.

ამაზე საინტერესო ისაა, რომ "ხიხონს" თეორიულად უკვე განაღდებული აქვს ელიტაში დარჩენა. როგორ? საქმე ისაა, რომ ორი ტურის შემდეგ ამ კლუბს გოლი ჯერაც არ აქვს გაშვებული.

ეს რეკორდი ნამდვილად არაა - ასეთი რამ პრიმერადივიზიონში აღზევებულ კიდევ 7 სხვა გუნდსაც აქვს მოხერხებული.

მთავარი ისაა, რომ იმ შვიდიდან არც ერთი არ ვარდებოდა ელიტიდან. ასე რომ, "ხიხონში" შეუძლიათ, ჩაცივებული შამპანური გახსნან - მერე იქნებ, გუნდის წინა ხაზიც მოვიდეს აზრზე.

ცნობისათვის, "ხიხონს" გატანილი გოლების გრაფაშიც ნული უწერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
:D:D:D:D: მაგარი ვიცინე:)))
კაი იყო. ამ რუბრუკას რომ ვკითხულობ, სულ კარგ ხასიათზე ვდგები ხოლმე :D:D:D
Raul
15:49 16-09-2015
0
ეგრე, საღოლ მადლობას ნიშნავს და ჩვენ ყოჩაღის პონტში ვიყენებთ. მთავარია როგორ გამოიყენება ქართულში.
nodari
14:29 03-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული