დრიბლინგი: დიკ ადვოკაატი, ლუი ვან გაალი და შიშველი გოგონები

AutoSharing Option
ფოტოზე: დიკ ადვოკაატი და ლუი ვან გაალი გოგონებთან ერთად
"ბებერი ქალბატონის" კრემაცია
კვირას ნეაპოლში "იუვენტუსი" დაიტირეს. ნეაპოლელმა ტიფოზებმა, რომლებიც, როგორც იცით, ტურინული კლუბის მიმართ განსაკუთრებით გამძაფრებული ზიზღით გამოირჩევიან, ქალაქის კედლებზე ასეთი შინაარსის ნეკროლოგები გამოაკრეს: "ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ "ბებერმა ქალბატონმა" დაგვტოვა. "იუვენტუსი" 26 სექტემბერს, "სან პაოლოზე" დავასაფლავეთ. ნეაპოლელები თანაგრძნობას ვუცხადებთ ტურინელებს."

...და ამის მერე კიდევ იტყვის ვინმე, სამხრეთიტალიელებს ჩრდილოელები არ უყვართო. შაბათს კი, "სან პაოლოზე", მთელი მატჩის განმავლობაში "სერია B, სერია B'-ს სკანდირებდნენ. სამართლიანადაც, რადგან "იუვე", "იუვეს" გარდა, ყველაფერს ჰგავდა.

ტურინულ
კლუბს ექვსი ტურის შემდეგ მხოლოდ 5 ქულა აქვს და 7 ბურთი აქვს მიღებული. შედარებისთვის, წინა სეზონში "იუვენტუსმა" მე-7 გოლი მხოლოდ მე-16 ტურში გაუშვა.

"ბურთი მრგვალია და ხანდახან გვერდით ხტება", - ასეთი კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ "იუვეს" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ, რომელსაც ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი არ დაეთანხმა: "ბურთი ყოველთვის მრგვალი არ არის, ხანდახან ბურთში კურდღელი ზის ხოლმე", - აღნიშნა "მაესტრომ".

ცნობისათვის, ტრაპი ახლა ერთ-ერთი კომენტატორია.

"ფიორენტინა": პირველად ბატისტუტას შემდეგ...
რობერტო მანჩინიმ ბევრი იწუწუნა თუ ცოტა, სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე საათებით ადრე ფელიპე მელოს ტრანსფერიც გაჩარხა. მართალია, ამ უკანასკნელს დიდი ხანია, სახელი გაფუჭებული აქვს (ჯერ კიდევ "იუვეში" თამაშისას წახდა) და ეს ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი, პირველ რიგში, წითელ-ყვითელ ბარათებთან ასოცირდება, მაგრამ "ინტერს" ჯერჯერობით ადგება.

"ზოგიერთ ფეხბურთელს დღემდე არ ესმის, რომ ფეხბურთი ბალეტი არ არის. ვისაც მოედანზე უხეში კონტაქტი არ უყვარს, წავიდეს და ჩოგბურთი ითამაშოს", - თქვა მელომ რამდენიმე დღის წინათ. უმჯობესია, ბრაზილიელმა ასეთი ლექციები თანაგუნდელ ჰანდანოვიჩს უკითხოს, რომელიც კვირას ბურთთან კონტაქტსაც კი გაურბოდა და ფლორენციის "ფიორენტინას" "სან სიროზე" 4:1 გამარჯვების საშუალება მისცა.

ცნობისათვის, ამ მოგების შემდეგ "ფიორენტინა" იტალიის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში მოექცა და, სხვათა შორის, ეს არის ფლორენციელთა პირველი ლიდერობა 1999 წლის თებერვლის შემდეგ. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მაშინ "ფიორენტინას" მწვრთნელი ზემოთ ნახსენები ჯოვანი ტრაპატონი გახლდათ, თავდასხმაში გაბრიელ ბატისტუტა თამაშობდა, მის უკან - მანუელ რუი კოშტა, კიდევ უფრო უკან - პასკუალე პადალინო, კარში კი ფრანჩესკო ტოლდო იდგა.

დიკი და ლუი წარსულიდან
დიახ, დიახ, დარწმუნებულები ვართ, თქვენც გაქვთ არქივში ისეთი ფოტოები, "ფეისბუკზე" არასდროს რომ არ დადებთ. ცნობილი ადამიანები კი ფიქრობენ, რა კარგია, რომ 20 წლის წინ "ფეისბუკი" და "ინსტაგრამი" არ არსებობდაო.

ერთ-ერთმა ინგლისურმა გაზეთმა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "სანდერლენდის" მატჩის წინ გამოაქვეყნა ფოტო, რომელსაც, ორი აზრი არ არსებობს, ან ლუი ვან გაალის სახლის სარდაფში მიაგნეს, ანაც დიკ ადვოკაატის სახლის სხვენზე.

ფოტოზე ვხედავთ ორივე ჰოლანდიელს ორ შიშველ ქალბატონთან ერთად. სადაა სიშიშვლე? დააკვირდით, გოგონები მოხატულები არიან.

Sportall.Ge

ადვოკაატმა თავი იმართლა, მაშინ, როცა ამ ფოტოს ვიღებდით, გოგონები ოთახში შიშვლები დაგვხვდნენო. ფაქტია, რომ ეს ფოტო 70-იანი წლების უხარისხო საშინელებათა ფილმიდან ამოჭრილ კადრს ჰგავს და აღარც კი ვიცით, რა უფრო საინტერესოა ამ ფოტოზე - ვან გაალის სიფათი, ადვოკაატის ვარცხნილობა, თუ...

კაი კაცი: ჰანგელანდი
ფეხბურთშიც კი, სადაც დიდი ფული ტრიალებს, ხანდახან მართლა კარგი ამბებიც ხდება ხოლმე. აი, მაგალითად, კვირის გმირი უდავოდ "კრისტალ პალასის" მცველი ბრედ ჰანგელანდია.

რამდენიმე წლის წინათ მან საკუთარ ქორწილში საჩუქრებზე უარი თქვა და ყველას, ვისაც მისთვის პატივისცემა უნდოდა, ფული დაადებინა და შეგროვებული თანხა, 45 000 ფუნტი სტერლინგი, კამბოჯის ერთ-ერთ სკოლაში გადარიცხა.

ახლა კი, "ჩარლტონ ატლეტიკთან" ლიგის თასის მატჩის შემდეგ, როცა მისმა თანაგუნდელებმა სტადიონი უძვირფასესი სპორტული ავტომობილებით დატოვეს, თავად ჰანგელანდი ფეხით წავიდა რკინიგზის სადგურზე და სახლისკენ მატარებლით გაეშურა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ბრედ ჰანგელანდი მატარებლის მოლოდინში
პაპა ხუან კარლოსი
გახსოვთ ხუან კარლოს ვალერონი? წესით, უნდა გახსოვდეთ და თუკი გახსოვთ, მაშინ მისი ბრწყინვალე პასებიც გეხსომებათ, როი მაკაის და დიეგო ტრისტანს რომ ამარაგებდა იმ "დეპორტივოში", რომელიც არა მარტო ესპანეთში, არამედ ევროპაშიც კი ბრწყინავდა.

გასულ უქმეებზე, "ბარსელონასა" და "ლას პალმასის" შეხვედრაში, მე-60 წუთზე მოედანზე სწორედ ხუან კარლოს ვალერონი გამოვიდა. სწორედ ის ხუან კარლოსი!

Sportall.Ge
ფოტოზე: 40 წლისა და 101 დღის ასაკის ხუან კარლოს ვალერონი

მართალია, უკვე ძალიან ბებერია საიმისოდ, რომ "ბარსელონასთან" მატჩი შეეტრიალებინა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ 40 წლისა და 101 დღის ასაკის ვალერონი მეხუთეა იმ მოხუცებს შორის, ვისაც ლა ლიგის ისტორიაში მოედანზე ბურთი გაუგორებია.

ვალერონი "ლას პალმასში" 2013 წლიდან თამაშობს და ეს ის გუნდია, სადაც 1995 წელს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. მაშინ ვალერონი ისეთი გიგანტების წინააღმდეგ თამაშობდა, როგორებიც კლარენს ზეედორფი, კრისტიან ვიერი, ფერნანდო რედონდო, ფერნანდო იერო, მიხაელ რაიციგერი იყვნენ. ძველი თაობა, ერთი სიტყვით.

ცნობისათვის, ვალერონს ნამდვილად აქვს იმის შანსი, რომ ყველა დროის ყველაზე ბებრებს შორის წინ წაიწიოს: მეოთხე ადგილზე დონატოა (40 წელი, 173 დღე). აი, პირველი ადგილისთვის გაბრძოლება კი გაუჭირდება, რადგან ლიდერი ჰარი ლავი 48 წლისა და 6 თვის იყო, როცა ესპანეთის ჩემპიონატში, "რეალ სოსიედადის" შემადგენლობაში ითამაშა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი სტატია როგორც ყოველთვის ბრავო ავტორ !!!!!
irakli arqania
30 სექტემბერი 2015 16:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული