ფიფა: ვის აირჩევს საფეხბურთო სამყარო? [ნაწილი I]

AutoSharing Option
2016 წლის 26 თებერვალს ფიფას რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და გავიგებთ, თუ ვინ უხელმძღვანელებს მსოფლიოს უმაღლეს საფეხბურთო ორგანოს უახლოესი 4 წლის განმავლობაში.

ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა იმ 7 კანდიდატის გვარი დაასახელა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. გავეცნოთ კანდიდატებს.

მიშელ პლატინი
უეფას პრეზიდენტი, რომელიც ფიფას საპრეზიდენტო არჩევნების მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა ჯერ საკითხავია, შეძლებს თუ არა მიშელ პლატინი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

საქმე იმაშია, რომ პლატინი კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს და ფიფას ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ ზეპ ბლატერთან ერთად, 90 დღით საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალეს. 26
თებერვალს 90 დღე გასული იქნება, მაგრამ არაა გამორიცხული, მიშელ პლატინის სასჯელი გაუხანგრძლივდეს და ასეთ შემთხვევაში, მისი არჩევნებში მონაწილეობა გამოირიცხება.

თავად პლატინი თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალის აბსურდულობიდან გამომდინარე, ფიფას არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. აქვე ვთქვათ, რომ პლატინის, ბლატერთან ერთად, 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გათეთრებაში ედება ბრალი.

ჯანი ინფანტინო
ამჟამად უეფას გენერალური დირექტორი და მიშელ პლატინის მარჯვენა ხელი. ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც პლატინის საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალეს და მისი არჩევნებში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მიზანი ნათელია - თუ პლატინიმ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღო, ჯანი ინფანტინო სწორედ მიშელის სასარგებლოდ მოხსნის თავის კანდიდატურას, მაგრამ, თუ პლატინის სასჯელი გაუხანგრძლივეს და არჩევნების გარეშე დატოვეს, მისი წარმომადგენელი სწორედ ინფანტინო იქნება და სენიორ ჯანის გამარჯვება სწორედ ფრანგი ფუნქციონერის გუნდის გამარჯვება იქნება.

ჯანი ინფანტინო შვეიცარიაში, იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. პროფესიით დიპლომატია, ფლობს რამდენიმე ენას, 2009 წლიდან კი უეფას გენერალური დირექტორია. ინფანტინო რეგულარულად უძღვება ჩემპიონთა ლიგის წილისყრებს და მეტწილად, სწორედ აქედან ახსოვთ ფეხბურთის მოყვარულებს.

შეიხი სალმანი
49 წლის შეიხი სალმანი ბაჰრეინელია, 2013 წლიდან კი აზიის საფეხბურთო კონფედერაციის ხელმძღვანელია. ცნობილი ამბავია, რომ შეიხ სალმანის წარმატებები საფეხბურთო სამყაროში მის მიმართ ზეპ ბლატერის განსაკუთრებული სიმპათიით გახლავთ განპირობებული.

აზიის საფეხბურთო კონფედერაციის არჩევნებში სალმანს ბლატერმა აქტიურად დაუჭირა მხარი და არც დღეს მალავს, რომ შეიხი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ღირსეული კანდიდატია. ამიტომ საფეხბურთო ექსპერტები საფუძვლიანად მიიჩნევენ, რომ სალმანი მისტერ ზეპის იდეების გამგრძელებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ შეიხს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ადამიანთა უფლებების დაცვის განხრით მუშაობენ. სალმანი ამ მიმართულებით რამდენიმე სკანდალში გაეხვა და მას შემდეგ არასამთავრობოები არ სწყალობენ.

ფიფა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანთა უფლებების დაცვას, რასიზმთან ბრძოლას და "ფეარ პლეის" პრინციპებს, სალმანის რეპუტაცია კი მის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი
ფიფას ვიცე-პრეზიდენტია 2011 წლიდან, თუმცა მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად მაისში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებისას გაიზარდა, როდესაც ზეპ ბლატერის მთავარ კონკურენტად მოგვევლინა და მასთან მხოლოდ მეორე ტურში წააგო.

მაშინ პრინცმა ალიმ 73 ხმა მოაგროვა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა გასამარჯვებლად, თუმცა შემდეგ ვერც მისტერ ზეპმა გაუძლო წნეხს და 2016 წლის 26 თებერვალს რიგგარეშე ყრილობა დანიშნა. მაისის არჩევნების დასრულების შემდეგ პრინცმა ალიმ მოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი სიტყვა წარმოთქვა:

"მე დავმარცხდი, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მეყო გამბედაობა, რომ მებრძოლა ცვლილებებისთვის".

39 წლის ალი ბინ ალ ჰუსეინი იორდანელია - საფეხბურთო მოღვაწეობა საკუთარ ქვეყანაში დაიწყო და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. შემდეგ იყო დასავლეთ აზიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, 2011 წელს კი, როგორც აღვნიშნეთ, ფიფას ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.

ტოკიო სეკსვეილი
62 წლის სამხრეთაფრიკელი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი თავის ქვეყანაში. 1948-90 წლებში სამხრეთ აფრიკაში რასები დანაწევრებულნი იყვნენ, შავკანიანები კი უმდაბლეს ფენას წარმოადგენდნენ და მათ მიმართ ხორციელდებოდა მრავალი სახის დისკრიმინაცია - მათ შორის, მათ არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება არჩევნებში.

ტოკიო სეკსვეილი იყო თანასწორობისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გამოჩენილი მებრძოლი, რისთვისაც 13 წელი ციხეში გაატარა. სეკსვეილს ხშირად მოიხსენიებენ ნელსონ მანდელად და დღეს უკვე გმირად შერაცხული სხვა თანასწორობისთვის მებრძოლი სამხრეთაფრიკელების გვერდით.

ამჟამად ტოკიო სეკსვეილი სამხრეთ აფრიკის ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია და არაერთი საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი გახლავთ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სეკსვეილმა ბიზნესს მიჰყო ხელი და დღეს მულტიმილიონერია. აქამდე საფეხბურთო სამყაროსთან მჭიდრო კავშირები არ ჰქონია, თუმცა ამან არ შეუშალა ხელი, რომ ფიფას საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებულიყო.

ჟერომ შამპანი
57 წლის ფრანგი დიპლომატი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ფიფაში სხვადასხვა პოსტზე. 1999-2002 წლებში ფიფას პრეზიდენტის მრჩეველი იყო ტურნირების საორგანიზაციო საკითხებში; 2002-05 წლებში გენერალური დირექტორის მოადგილე გახლდათ, შემდეგი 2 წელიწადი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაატარა, 2007-დან 2010 წლამდე კი ფიფას საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი გახლდათ.

საერთოდ, საფეხბურთო სამყაროში 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტიდან მოხვდა, სადაც თავი წარმატებული მუშაობით გამოიჩინა.

მსოფლიოს უმაღლესი საფეხბურთო ორგანო შამპანმა 2010 წელს დატოვა, მიზეზად კი ზეპ ბლატერთან უთანხმოება დაასახელა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ამის შემდეგ იწყება მუსიე ჟერომის მეტად უცნაური საქმიანობა არაღიარებული ქვეყნების სპორტულ ასოციაციებთან - მაგალითად, შამპანი იყო პალესტინის ფეხბურთის ფედერაციისა და ოლიმპიური კომიტეტის მრჩეველი; შემდეგ ანალოგიური როლი დაეკისრა კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციასა და თურქული კვიპროსის საფეხბურთო ასოციაციაში.

ჟერომ შამპანს 2015 წლის ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ კანდიდატად დარეგისტრირება ვერ შეძლო, თუმცა შანსი 2016 წლის 26 თებერვალს მიეცემა.

მუსა ჰასან ბილიტი
ლიბერიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც პირველი გახლდათ, ვინც რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოხატა. მუსა ბილიტი მიიჩნევს, რომ აფრიკულ ფეხბურთს აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდეს და არაერთხელ უთქვამს, რომ მისი საფეხბურთო მოღვაწეობა სწორედ ამ იდეის რეალიზებას ემსახურება.

ამ ფონზე, უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ბილიტის მუდმივად რთული ურთიერთობები ჰქონდა აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციასთან, რაც მის ისედაც მცირე შანსებს ფიფას საპრეზიდენტო არჩვენებში კიდევ უფრო მიზერულს ხდის.

მუსა ბილიტის კანდიდატურა არც არააფრიკულ ქვეყნებში იწვევს სიმპათიას, რადგან როგორც თავშივე აღვნიშნეთ, მისი საფეხბურთო ფილოსოფია ყოველთვის აფრიკული პატრიოტიზმით იყო გაჯერებული და დღეს, ახალ პლატფორმაზე გადასვლა და ნეიტრალური პოზიციების დაჭერა არცთუ დამაჯერებლად გამოსდის. და მაინც, მუსა ბილიტი ერთ-ერთი კანდიდატია და გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

გეგმები და შანსები
26 თებერვლამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტად ორ კანდიდატს მიიჩნევენ: მიშელ პლატინის და პრინც ალის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრინცი ალი მაისის არჩევნებშიც მონაწილეობდა, 73 ხმა აიღო და ზეპ ბლატერს ღირსეული კონკურენცია გაუწია.

აქვე ვთქვათ, რომ ფიფაში სულ 209 საფეხბურთო ასოციაციაა გაწევრიანებული, რომლებიც აკეთებენ კიდეც არჩევანს. მოკლედ, პრინცი ალი ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია და შესაბამისად, მისი გეგმები საფეხბურთო სამყაროში აქტიური განხილვის საგანია.

რას აპირებს პრინცი ალი გამარჯვების შემთხვევაში? - ძირითადად, გამჭირვალეობაზე აკეთებს აქცენტს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ფიფას ეგიდით გაკეთდება, საზოგადოებისთვის ბოლომდე ღია იქნება:

"ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც გამოძიების ჩატარება მოითხოვა 2018 და 2022 წლების მუნდიალების მასპინძლობის მინიჭებასთან დაკავშირებით. მე ზეპ ბლატერი არ დამიდანაშაულებია, უბრალოდ, გამოძიების ჩატარება მსურს, რათა სიმართლე გაირკვეს. ფიფა ყოველთვის ჩაკეტილი ორგანო იყო და დროა, რომ ყველა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

შემუშავებული მაქვს 10-წლიანი გეგმა, რომლის განმავლობაში მსოფლიოს უმაღლესი საფეხბურთო ორგანო ყველაზე ღია ორგანიზაცია იქნება და სპორტის უპირველესი სახეობის მოყვარულებს პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩებათ. ჩვენი მუშაობის დევიზი უნდა იყოს:

გამჭვირვალობა, დემოკრატიული პრინციპები და ევოლუცია, ანუ განვითარება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფიფას 209-ვე ასოციაცია თანაბარ პირობებში ჩადგეს და არავინ დაიჩაგროს".

თუ მიშელ პლატინის სასჯელი არ გაუხანგრძლივეს, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტი სწორედ ის იქნება. რა განაპირობებს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის და შემდეგ ფუნქციონერის ასეთ წარმატებულ კარიერას? - პლატინი არათუ თანასწორობის და დემოკრატიული პრინციპების მომხრეა, ის სულაც პატარა საფეხბურთო ქვეყნების ინტერესების დამცველია და სწორედ ამ გზით გახდა უეფას პრეზიდენტი.

პატარა ქვეყნები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ბობოლები, ხმა კი ყველას ერთი აქვს და თანაბარი ძალის - ამიტომ კანდიდატისთვის მომგებიანია, რომ სწორედ ნაკლებად განვითარებული საფეხბურთო ქვეყნების გულები მოიგოს.

მუსიე მიშელმა საარჩევნო დაპირებები შეასრულა და ჯერ ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე განახორციელა რეფორმები, რის შედეგადაც პატარა ქვეყნების კლუბებს გაუხსნა უფრო ფართო გზა ევროტურნირებისკენ, შემდეგ კი სანაკრებო ფეხბურთსაც გადასწვდა და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაზარდა.

შედეგად, კონტინენტის პირველობაზე მოხვდნენ ჩრდილოეთი ირლანდია, ისლანდია, ალბანეთი, უელსი - ანუ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც აქამდე არ ეძლეოდათ დიდ საფეხბურთო ფორუმებზე ასპარეზობის საშუალება.

იგივე მოხდა ევროპალიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ჯგუფურ ეტაპებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ აზერბაიჯანულ, ყაზახურ, ალბანურ და სხვა ნაკლებად განვითარებული საფეხბურთო ქვეყნების კლუბებს.

პლატინი ანალოგიურ რეფორმებს ჰპირდება სრულიად საფეხბურთო მსოფლიოს და რა გასაკვირია, რომ მას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. პლატინის მთავარი პრობლემა მისი კორუფციულ გარიგებაში დადანაშაულება, იმიჯის შელახვა და 90-დღიანი დისკვალიფიკაციაა.

თუ სასჯელი გახანგრძლივდა, მის ადგილს უკვე ჯანი ინფანტინო დაიკავებს - ეს უკვე სხვა რეალობა იქნება და მიუხედავად იმისა, რომ ინფანტინო სწორედ პლატინის გუნდის წევრია და მისი კანდიდატად დარეგისტრირების უმთავრესი მოტივი ცხადზე უცხადესია, ვეჭვობთ, რომ პლატინის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდება.

მოკლედ, პლატინი ფავორიტად მოჩანს, მაგრამ თუ მის ნაცვლად კანდიდატი ჯანი ინფანტინო იქნება, შესაძლოა, ამან ძალთა ბალანსი პრინც ალის სასარგებლოდ შეცვალოს.

სხვა კანდიდატებს გამარჯვების მცირე შანსი აქვთ, მაგრამ არჩევნებზე მათ შესაძლოა, გადამწყვეტი სიტყვა თქვან. მაგალითად, შეიხმა სალმანმა აზიის კონფედერაციის ქვეყნების ხარჯზე, შესაძლოა, 30-40 ხმა მოაგროვოს და შემდეგ საკუთარი კანდიდატურა რომელიმე კონკურენტის სასარგებლოდ მოხსნას.

ცნობილია ისიც, რომ ჟერომ შამპანს მეგობრული ურთიერთობა აქვს პრინც ალისთან - თავის დროზე, ისინი ერთად დაუპირისპირდნენ ბლატერს და შესაბამისად, შამპანის ხმები ალის ყულაბაში უნდა მოვიაზროთ.

მოკლედ, ორი კანდიდატი გამოკვეთილია, მაგრამ 26 თებერვლამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს - მით უმეტეს, საპრეზიდენტო კანდიდატებს საარჩევნო პროგრამები აქვთ წარსადგენი, მიშელ პლატინის ბედი კი ჯერ გაურკვეველია...

(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩრ.ირლანდია,ისლანდია და უელსი პლატინის რეფორმების გამო კი არ მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატზე არამედ იმიტომ რომ ფეხბურთი ითამაშეს და სხვა გუნდებს აჯობეს.მაგ ლოგიკით საქართველოც ევროპაზე უნდა იყოს რეზიც კარგად უგებდა პლატინის...
Givi
05:45 05-11-2015
0

სიახლეები პოპულარული