ევროუქმეების შემდეგ. სტატისტიკა და ფაქტები: დარჩა სამი დაუმარცხებელი

AutoSharing Option
ვაგრძელებთ ახალ რუბრიკას, რომელშიც უქმეებზე ევროპის საუკეთესო ლიგებში მომხდარ ყველა საინტერესო ფაქტსა და სტატისტიკას შემოგთავაზებთ.

5 საუკეთესო ევროპულ ლიგაში მხოლოდ სამი გუნდი დარჩა, რომელთაც ამ სეზონში არ წაუგიათ; ჯეიმი ვარდი ცოტა ხნის წინათ სრულიად უცნობი ფეხბურთელი იყო, ახლა კი პრემიერლიგის რეკორდის გამეორებამდე ორი ტური რჩება; კრიშტიანო რონალდომ ესპანეთში ყველა გუნდს გაუტანა, რომელსაც ეთამაშა...

ლა ლიგა
* მადრიდის "რეალი" 5 წამყვან ევროპულ ჩემპიონატში, "ბაიერნისა" და "პარი სენ-ჟერმენის" დარად, წაუგებელია.

* "დეპორტივოს" ჩემპიონატში 8 მატჩია, "ატლეტიკო" არ დაუმარცხებია - 2 ფრე, 6 წაგება.

* "ატლეტიკოს" საჯარიმოს გარედან 6 გოლი აქვს გატანილი, რაც საუკეთესო შედეგია.

* მადრიდის "რეალმა" "ლას პალმასისგან" გოლი გაუშვა და სათქმელია, რომ "სამეფო გუნდი" ბოლო იყო შემორჩენილი ტოპ-5 ევროპულ ჩემპიონატში, რომელსაც საშინაო თამაშებში აქამდე გაშვებული არ ჰქონდა.

* ლა ლიგაში კრიშტიანო რონალდოსთვის "ლას პალმასი" 30-ე მეტოქე გახლდათ და მან 30-ესაც გაუტანა.

* "ბარსელონას" სერხი რობერტომ ერთ მატჩში ორი საგოლე პასი პირველად გააკეთა.

* ვიგოს "სელტას" ესპანეთის ჩემპიონატში უკვე 10 საგარეო შეხვედრაა, არ წაუგია - 6 მოგება, 4 ფრე.

* დევიდ მოიესის ხელში "სოსიედადმა" ზედიზედ ორი საშინაო მატჩი პირველად წააგო.

* "რაიო ვალეკანოს" დამარცხებამდე "ეიბარს" მადრიდული გუნდები 5 მატჩის მანძილზე არ წაუქცევია (1 ფრე, 4 წაგება). ამ გუნდებს შორის უმაღლეს ლიგაში გამართულ მატჩებში წყვილში მასპინძელმა პირველად მოიგო.

* ჟან-სილვენ ბაბენი ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც "ესპანიოლს" თავით გაუტანა ამ სეზონში.

* "ესპანიოლის" ბოლო 4 გოლისას საგოლე გადაცემების ავტორი მარკოს ასენსიო იყო.

* ალენ ჰალილოვიჩმა ამ სეზონში ხიხონის "სპორტინგის" იმაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა, ვიდრე გუნდის რომელიმე სხვა ფეხბურთელმა - 2 გოლი, 3 პასი.

* ბოლო 3 ტურში "ბილბაოს" რიგებში არიც ადურისმა 3 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, ინიაკი ვილიამსის მონაგარი 3 გოლი და 1 პასია, ხოლო რაულ გარსიას აქტივში - ორგზის ასისტენტობა და ერთის გატანა. ბასკები "ბეტისის" კარს 23-ჯერ დაემუქრნენ, ამ სეზონში ასე არავინ შეუწუხებიათ.

* "ბარსელონას" გასულ ტურებში მხოლოდ 20 ფეხბურთელი ჰყავს გამოყენებული, რაც ყველა სხვა გუნდზე დაბალი მაჩვენებელია.

* მარსელოს რონალდოსთვის 7 საგოლე პასი აქვს ლა ლიგაში გაკეთებული, აქედან 6 "სანტიაგო ბერნაბეუზე".

ბუნდესლიგა
* ფრანკფურტის "აინტრახტს" უკვე 9 მატჩია, ბუნდესლიგაში პარასკევის შეხვედრა არ მოუგია - 5 ფრე, 4 წაგება.

* "აინტრახტთან" მატჩი ჯერომ ბოატენგისთვის ბუნდესლიგაში მე-200 გახლდათ, ხოლო ფილიპ ლამისთვის "ბაიერნის" მაისურით გამართული 450-ე შეხვედრა იყო. 1965 წლის მერე დღემდე ლამზე მეტი თამაში მხოლოდ 9 ფეხბურთელს აქვს ჩატარებული. თავიანთი "იუბილარი" ფრანკფურტელებსაც ჰყავდათ - შტეფან აიგნერმა მე-100 მატჩი გამართა.

* "აინტრახტს" ბუნდესლიგაში "ბაიერნისთვის" უკვე 10,5 საათია, არ გაუტანია. თუმცა ეს პირველი ქულაა მიუნხენელებთან 2011 წლის აპრილის მერე (6 წაგების შემდეგ).

* პიერ-ემერიკ ობამეიანგს მიმმდინარე ჩემპიონატში 16 გოლში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული. 13 მან თავად გაიტანა, ხოლო 3-ჯერ თავისიანებს უპასა. იგი "დორტმუნდის" ბოლო 12 გოლიდან 10-ში მონაწილეობდა.

* "კიოლნს" უკვე 8 მატჩია, უშუალოდ ბუნდესლიგაში "ჰოფენჰაიმთან" არ წაუგია (4 მოგება, 4 ფრე), ამაზე დიდი სერია უმაღლეს ლიგაში ამჟამად მყოფ გუნდებს შორის "თხებს" არავისთან აქვთ.

* ბუნდესლიგაში ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში რაფაელმა 10 გოლი შექმნა. მსგავსი შედეგით მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკი დაიკვეხნის.

* "შალკეს" ჟოელ მატიპი და მისი 6 წლით უფროსი ძმა მარვინი ("ინგოლშტადტი") ოფიციალურ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ პირველად წარდგნენ.

* საწყისი 10 ტურის მერე 29 გოლი "დორტმუნდის" ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

* იულიან ვაიგლი "დორტმუნდის" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში ყველა შეხვედრაში ითამაშა. 17-ჯერ იგი ძირითადში იყო, ხოლო 4-ჯერ შეცვლაზე შევიდა.

* "ვერდერის" ენტონი უჯას გუნდის უკანასკნელი 5 გოლიდან 4 აქვს გატანილი.

* "ინგოლშტადტის" 7-ივე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელს აქვს გატანილი.

* ჰენრიკ მხითარიანმა ამ სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. წინა სეზონში მას 42 თამაშში 5 გოლი ჰქონდა.

* ლეროი ზანემ "შალკეს" ბოლო 6 გოლიდან 4-ში მიიღო მონაწილეობა და ბუნდესლიგური 14 ბურთიდან 6-ში. ეს გუნდში საუკეთესო შედეგია. ზანეს გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებულ 25 მატჩში 7 გოლი უგროვდება. მის მამას, სულეიმანს, 7 ბურთისთვის 26 თამაში დასჭირდა... ის ურჩევნია მამულსა...

* ანდრე შუბერტს "გლადბახის" მწვრთნელად დანიშვნის მერე ჯერ ქულა არ დაუკარგავს. მან 6 მატჩიდან 6-ივე მოიგო და ვილი ენტენმანის რეკორდი გაიმეორა.

* იოშინორი მუტო მეორე იაპონელი ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა. პირველი ტაკაჰარა გახლდათ, რომელმაც ეს 2006 წელს მოახერხა.

* "კიოლნის" გოლკიპერმა ტიმო ჰორნმა 57 დარტყმა მოიგერია, რაც საუკეთესო შედეგია.

* "დორტმუნდის" 9 ფეხბურთელი უფრო მეტჯერ შეეხო ბურთს, ვიდრე "ვერდერის" რიგებში ამ კომპონენტში საუკეთესო მოთამაშე (50 შეხება). ყველაზე მეტჯერ ეს იულიან ვაიგლმა გააკეთა (125).

* შტეფან კისლინგს ბუნდესლიგაში ჩატარებულ 20 შეხვედრაში "ვოლფსბურგის" კარში 11 გოლი აქვს გატანილი. უფრო მეტჯერ (14) მას მხოლოდ "შტუტგარტი" ჰყავს დამწუხრებული, ასევე 20 შეხვედრაში.

* ნიკლას ბენდტნერმა პირველად გაიტანა "ვოლფსბურგის" სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის მერე. წინა 8 ბურთი "მგლებისთვის" მან შეცვლაზე შემოსვლის შემდგომ შეაგდო.

* ჩიჩარიტოს, ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 4 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

* 2004 წლის დეკემბრის მერე "ჰანოვერს" "ჰამბურგთან" სტუმრად არ მოეგო და ბოლო-ბოლო, ეს სერია (10-მატჩიანი) შეწყვიტა.

სერია A
* ტურინულ დერბის "ტორინო" ცხრილში "იუვენტუსზე" წინ შეხვდა. ბოლოს ასეთი რამ 1993 წელს დაფიქსირდა. "ტორომ" ზედიზედ მეორე სეზონში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წააგო "იუვენტუს სტედიუმზე".

* პოლ პოგბამ სერია A-ში მისი მე-100 მატჩი გოლით აღნიშნა.

Sportall.Ge

* "იუვენტუსს" უკვე 5 გოლი აქვს საჯარიმოს გარედან დარტყმებით გაშვებული. ეს "მილანთან" ერთად "საუკეთესო" მაჩვენებელია.

* "იუვეს" მიერ "ტორინოს" კარში გატანილი ბოლო 10 გოლიდან 5 84-ე წუთის მერე გავიდა.

* "ინტერისა" და "რომას" მატჩის პირველ ტაიმში 10-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა დაარტყა კარისკენ: 6-მა რომაელმა და 4-მა მილანელმა.

* ამ სეზონში "ინტერმა" სერია A-ს 6 მატჩი მოიგო ანგარიშით 1:0. მილანელებმა 11 მატჩიდან 9-ში ერთი ბურთი შეაგდეს.

* "ფიორენტინას" მხრიდან ამ სეზონში უკვე 10 სხვადასხვა ფეხბურთელს აქვს გატანილი გოლი. ამ მხრივ, ფლორენციელები მხოლოდ "რომას" (12) ჩამორჩებიან.

* ხუმა ბაბაქარმა იმ 4 შეხვედრიდან 3-ში, როდესაც "იების" ძირითადში მოხვდა, გოლის გატანა შეძლო.

* "ფროზინონესთან" მატჩში "ფიორენტინას" ბურთის ფლობა 73,4% ჰქონდა. სერია A-ს ამ სეზონში ამხელა მაჩვენებელი არც ერთ კლუბს არ ჰქონია.

* მატია დესტრომ 834-წუთიანი პაუზის მერე გაიტანა.

* მიმდინარე ჩემპიონატში "ნაპოლიმ" უკვე მეორე 0:0 ითამაშა. წინა ორი სეზონისას კი თითოში მხოლოდ თითოჯერ დააფიქსირა უგოლო ფრე.

* მე-11 ტურში სამი 0:0 ვიხილეთ, არადა, წინა 10 ტურში სულ 2 უგოლო ფრე იყო.

* ბოლო 35 საჩემპიონატო შეხვედრიდან "ლაციოს" "მილანი" ოდენ 3-ჯერ ჰყავს დამარცხებული. არადა, ამ წაგებამდე რომაელებს ამ სეზონში შინ ხუთივე თამაში მოეგოთ და მხოლოდ ერთი გოლი გაეშვათ.

* ექსრომაელ ფილიპ მექსეს 68 წამი დასჭირდა, რომ სეზონში ბურთთან პირველივე შეხებით გაეტანა "ლაციოსთვის". მთლიანად "როსონერიმ" კი "ლაციოს" კარში პირველი სამი ზუსტი დარტყმა გოლებით დაასრულა.

* კარლოს ბაკას მეტოქეთა კარში 9-ჯერ აქვს დარტყმული და 6 გოლი უგროვდება.

* სამირ ჰანდანოვიჩმა "რომას" წინააღმდეგაც დიდებული მატჩი ჩაატარა. მისი "სეივების" პროცენტული მაჩვენებელი 84%-ია, რაც ამ სეზონის საუკეთესო შედეგია.

* "რომამ" და "მილანმა" მხოლოდ თითოჯერ შეძლეს კარის მშრალად შენახვა. ამის გაკეთება ყველა სხვა გუნდს უფრო მეტჯერ გამოუვიდა.

პრემიერლიგა
* "ჩელსიმ" მე-11 შეხვედრაში მე-6 მარცხი იგემა. ჟოზე მოურინიოს "ლურჯების" თავკაცის პოსტზე სეზონში 6 თამაშზე მეტი არასოდეს წაუგია.

* "ლივერპულმა" "ჩელსისთან" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 1989 წლის მერე, "სტემფორდ ბრიჯზე" 2 გოლზე მეტი პირველად გაიტანა.

* ფილიპე კოუტინიომ 710-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა პრემიერლიგაში.

* 2008 წელს "მიდლსბრომ" "მანჩესტერ სიტის" 8:1 მოუგო და მას მერე "ჩელსი"-"ლივერპულის" შეხვედრაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ორივე გუნდის მხრიდან გაიტანა ბრაზილიელმა მოთამაშემ.

* 29 წლის ჯეიმს მილნერმა თავისი მე-400 პრემიერლიგური მატჩი ჩაატარა და მესამე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა უეინ რუნისა და გარეთ ბერის მერე, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია.

* "მანჩესტერმა" ვერ მოიგო, მაგრამ არც წააგო. გუნდს უკანასკნელი 7 შეხვედრიდან 1 მარცხი აქვს და აქედან 4 შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა.

* "კრისტალ პალასს" "წითელ ეშმაკებთან" ბოლო 6 საჩემპიონატო თამაშიდან მხოლოდ ერთში აქვს გოლი გატანილი.

* "არწივებს" პრემიერლიგაში "მანჩესტერი" არასოდეს დაუმარცხებიათ - 3 ფრე, 10 წაგება.

* "სიტის" "ნორვიჩთან" 15 პრემიერლიგური მატჩიდან ოდენ 2 აქვს წაგებული. "იადონებს" უკვე მიჯრით 4 მარცხი აქვთ. მათმა ფეხბურთელმა რასელ მარტინმა კი კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო.

* "ნორვიჩის" წინააღმდეგ ჩატარებულ 7 შეხვედრაში იაია ტურეს მონაგარი 3 გოლი და ამდენივე საგოლე პასია.

* კევინ დე ბრუინს ამ სეზონში 7 პრემიერლიგურ შეხვედრაში ამდენივე გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 4 გაიტანა, 3 გაატანინა.

* "სიტიმ" კუთხურებიდან უკვე 4 ბურთი შეაგდო, რაც ჩემპიონატის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

* 2012 წლის აგვისტოში ოლივიე ჟირუს პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა. იქიდან მოყოლებული, დღემდე მას თავით ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 15.

* მესუთ იოზილის დებიუტი კი 2013 წლის სექტემბერში შედგა და იქიდან დღემდე, მან ყველაზე მეტი (22) საგოლე გადაცემა გააკეთა.

* "სუონსის" უკვე 4 საშინაო მატჩია არ მოუგია (2 ფრე, 2 წაგება). ეს გარი მონკის პერიოდში ყველაზე ცუდი შედეგია. 2013 წლის მაისის მერე პირველად, უელსელებმა მიყოლებით ორი საშინაო თამაში დაამთავრეს ნულზე

* "ლესტერის" უკანასკნელი 17 გოლიდან 15 მეორე ტაიმებზე მოდის. კლაუდიო რანიერის გუნდს 10 ქულა აქვს ისეთ სიტუაციებში აღებული, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა.

* ჯეიმი ვარდიმ ზედიზედ მე-8 ტურში გაიტანა. რეკორდის გამეორებამდე მას მომავალ ორ ტურში გატანა აკლია.

Sportall.Ge

* "ევერტონი"-"სანდერლენდის" მატჩში (6:2) უფრო მეტი გოლი გავიდა, ვიდრე ამ კლუბების წინა 5 პრემიერლიგურ დაპირისპირებაში (7).

* არუნა კონე გახდა მეხუთე კოტდივუარელი (არუნა დინდანე, დიდე დროგბა, სალომონ კალუ, იაია ტურე), რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში ჰეთ თრიკი შეასრულა. ამ მაჩვენებლით კოტ დ'ივუარი საუკეთესო აფრიკული ქვეყანაა. კონეს მესამე გოლი მიმდინარე პრემიერლიგაში მე-300 გახლდათ.

* "სანდერლენდმა" ბოლო 12 მატჩიდან 11-ში კარი მშრალად ვერ შეინახა.

* ჯერმინ დეფოს "ევერტონის" წინააღმდეგ "გუდისონ პარკზე" ნათამაშები ბოლო 8 მატჩიდან 5-ში გატანილი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული