ახალი ვარსკვლავები: ფეხბურთელები, რომელთაც ამ სეზონში გაიბრწყინეს

AutoSharing Option
ჯესი ლინგარდი, ჯეიმი ვარდი, ანტონი მარსიალი, ნოლიტო, სერხი რობერტო, ბორხა ბასტონი, კინგსლი კომანი და სხვები ის ფეხბურთელები არიან, აქამდე ბევრი რომ არ იცნობდა. ეს სეზონი ჯერ მათია.

ევროპულ სტადიონებზე ისინი ბრწყინავენ და მათზე თხრობა საინტერესოა.

ჯესი ლინგარდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
ბევრისათვის მოულოდნელად, ჯესი ლინგარდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და მნიშვნელოვანი გოლების გატანასაც დაეჩვია. შემთხვევითი არ არის, რომ 22 წლის ფეხბურთელს პირველად უხმეს ინგლისის ნაკრებში. ეს უკვე დიდი ამბავია.

ის კვირას შეუერთდა ქვეყნის პირველი გუნდის რიგებს მაიკლ კერიკისა და ჯეიმი ვარდის
ტრავმების შემდეგ. შესაძლოა, სამშაბათ საღამოს მან "უემბლიზე" ითამაშოს საფრანგეთთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში. ჯესი სამი წლის განმავლობაში უნაყოფოდ ეძებდა შანსს "ოლდ ტრაფორდზე", რომელიც ახლა მიიღო და გამოიყენა.

ლინგარდი ამ დროისათვის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისათვის მიმდინარე სასტიკ ბრძოლას უგებს "იუნაიტედის" 25 მილიონიან შენაძენს, მემფის დეპაის. მან პირველი პრემიერლიგური გოლი "ვესტ ბრომვიჩს" გაუტანა. "იუნაიტედმა" 2:0 მოიგო.

ჯეიმი ვარდი (ლესტერი)
სამი წლის წინ ვარდი ინგლისის ქვედა ლიგებში აგორებდა ბურთს. დღეს ის ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ეროვნული გუნდის თავდამსხმელია. მან ზედიზედ გაიტანა 9 პრემიერლიგურ მატჩში და ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როი ჰოჯსონს არჩევანი არ დაუტოვა.

"ლესტერი" მესამე ადგილზეა და ამაში ვარდის წვლილი უდიდესია - 12 გოლი ამდენივე შეხვედრაში. შესაძლოა, ევროპის მომავალ ჩემპიონატზე ის ინგლისის ნაკრების შეტევების ლიდერი იყოს.

ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნაიტედი)
ლუი ვან გაალის დაჟინებით აგვისტოში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჭაბუკ ფრანგ შემტევში 36 მილიონი გირვანქა თუ მეტი გადაიხადა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე განხორციელებულმა გარიგებამ ძალიან ბევრი დააეჭვა.

საქმე სულ სხვანაირად წავიდა. მარსიალი უკვე იქცა "იუნაიტედის" ერთ-ერთ ლიდერად და პრემიერლიგაში 5 გოლიც შეაგდო. მათ შორის გამოსარჩევია "ლივერპულთან" მატჩში მისი დიდებული დრიბლინგი.

მარსიალი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ლუი ვან გაალის პირველ დიდ აღმოჩენად ინგლისურ გრანდში. უეინ რუნისთან ერთად მას შეუძლია "იუნაიტედს" არაერთი დიდი წარმატება მოუტანოს.

დელე ალი (ტოტენჰემი)
ეს ფეხბურთელი ამ ზაფხულს 5 მილიონ გირვანქად შეუერთდა "ტოტენჰემს" "დონსიდან". უმოკლეს ხანში იქცა ინგლისური კლუბის ნახევარდაცვის ერთ-ერთ ლიდერად. ალის უკვე იწვევენ ინგლისის ეროვნულ ნაკრებში, სადაც 3 მატჩი ჩაატარა.

19 წლის საყრდენი, "ტოტენჰემისა" არ იყოს, შესანიშნავ ფორმაშია. მისი პასის კულტურა, ინტელექტუალური თამაშის მანერა და პასის კულტურა "დეზებს" ძალიან მოუხდათ. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დელე კიდევ მოუმატებს.

ნოლიტო (სელტა)
"რეალისა" და "ბარსელონას" გარდა მიმდინარე სეზონში პრიმერაში ყურადღებას "სელტაც" იპყრობს. 10 თამაში და 7 გოლი - ესპანელ შემტევს სტატისტიკას ვერავინ დაუწუნებს. ნოლიტო მთელ რიგ შეხვედრებში დიდებულია.

მაგალითად, ის შეუდარებელი გახლდათ "ბარსელონასთან" საშინაო შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 4:1 მოიგო. თავის დროზე მან ბარსელონაში" ითამაშა. ამბობენ, რომ კატალონიელებს ესპანეთის ნაკრების 29 წლის შემტევის დაბრუნება სურთ.

ბორხა ბასტონი (ეიბარი)
23 წლის ბორხამ, ვინც მადრიდის "ატლეტიკოში" მიივიწყეს, მეორე სუნთქვა იპოვა მას შემდეგ, რაც მადრიდელებმა ის "ეიბარში" გაანათხოვრეს. "ეიბარს" სეზონის დაწყების წინ ყველა უძლიერესთა რიგების დატოვებას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ გუნდი ამ დროისათვის მეექვსე ადგილზეა.

ბორხამ 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ის პრიმერას საუკეთესო მოთამაშე გახდა ოქტომბრის თვეში. ეს შემთხვევით არ მომხდარა და ამას ხელი შეუწყო "ლას პალმასის", "სევილიასა" და "ბარსელონას" კარში გატანლმა გოლებმა.

ბორხა გასულ სეზონშიც შესანიშნავი იყო. მან სეგუნდა დივიზიონში 23 გოლი გაიტანა "სარაგოსას" შემადგენლობაში, თუმცა მისმა გუნდმა პლეი ოფი წააგო "ლას პალმასთან" და ვერ აღზევდა.

სერხი რობერტო (ბარსელონა)
მტრებიცა და მოყვარეებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი, სერხი რობერტო შესანიშნავ ფორმაშია. "ლა მასია" კიდევ ბლომად უზრდის "ბარსას" ტალანტებს. ზაფხულში ლუის ენრიკემ კინაღამ გაუშვა გუნდიდან სერხი რობერტო, მაგრამ მერე გადაწყვიტა, მისთვის მეორე შანსი მიეცა.

ამ თვის დასაწყისში "ბარსელონამ" 2:0 მოუგო "ხეტაფეს". ეს სერხი რობერტოს თამაში იყო. მან ორი დიდებული პასი გაჩარხა. სერხის ყველანაირი საშუალება გააჩნია, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე გაიბრწყინოს.

რიკარდო საპონარა (ემპოლი)
სეზონის დასაწყისში "ემპოლის" ლიდერი შესანიშნავია. მისმა დიდებულმა გარჯამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ისეთ კლუბებს გაუჩინა, როგორებიც არიან "იუვენტუსი", "ნაპოლი" და "ევერტონი".

23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ორი წლის განმავლობაში უნაყოფოდ ეძებდა შანსს "მილანში" და ბოლოს "სან სირო" დატოვა. იტალიას ეს შესანიშნავი საყრდენი აუცილებლად გამოადგება ევროპის მომავალ ჩემპიონატზე.

მაქსიმილიანო მორალესი (ატალანტა)
"ატალანტას" საუკეთესო სეზონები ზურგს უკან აქვს, მაგრამ ეს ვერაფერს აკლებს ამ გუნდის არგენტინელი გამთამაშებლის ბრწყინვალებას. მან ორჯერ გაიტანა და შექმნა ხუთზე მეტი გოლი. ეს საშუალებას აძლევს "ატალანტას" ცხრილში მისთვის მისაღები პოზიცია დაიკავოს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მორალესი სიმაღლით ძალიან პატარაა. ფეხბურთს კარგად მხოლოდ მოსული ბიჭები როდი თამაშობენ.

ედერი (სამპდორია)
საკვირველი სულაც არ არის, რომ არგენტინელი ვარსკვლავი, გონსალო იგუაინი სერია A-ს ბომბარდირობს, მაგრამ 9 გოლით სხვა კაცის ხილვა იქ უბრალო ამბავი არ არის. ეს კაცი ედერია.

ბრაზილიელი, ვინც იტალიის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ნაკრების მაისურა ჩაიცვა, შესანიშნავ ფორმაშია. მისი კარგი თამაში "სკუადრა აძურას" ევროპის ჩემპიონატზე.

იოშინორი მუტო (მაინცი)
იაპონურ ლიგაში შესანიშნავი თამაშის შემდეგ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ლონდონის "ჩელსის" გაუჩნდა. აზიელისათვის "არისტოკრატებმა" 4 მილიონი გირვანქაც კი გაამზადეს, მაგრამ იაპონელმა აირჩია "მაინცი", სადაც მეტი სათამაშო პრაქტიკა ელოდა.

მუტომ კარგი შედეგი მიიღო - 11 მატჩში 6 გოლი. მან "აუგსბურგთან" ჰეთ თრიკი შეასრულა და გახდა პირველი იაპონელი მოთამაშე, ვინც ბუნდესლიგაში ეს შეძლო.

ლეროი სანე (შალკე)
მართალია, მიმდინარე სეზონს "შალკე" არასტაბილურად ატარებს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით 19 წლის ლეროი სანეზე. თინეიჯერის შესანიშნავმა გარჯამ არაერთი გრანდი დააინტერესა. მათ შორის - "ლივერპული".

სანეს შეტევის მთელ ფრონტზე შეუძლია თამაში და მისთვის პრობლემას არც იერიშების დაგვირგვინება წარმოადგენს. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოახიმ ლიოვი ფეხბურთელზე მაღალი აზრისაა. მან თქვა, რომ სანეს "სპეციფიკური ნიჭი" აქვს.

კინგსლი კომანი (ბაიერნი)
ბევრი არაა ფეხბურთელი, რომელიც ამ დროისათვის ევროპის საუკეთესო კლუბში, "ბაიერნში" დამკვიდრდება, მაგრამ კინგსლი კომანმა ეს შეძლო. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ "იუვენტუსმა" შეცდომა დაუშვა, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი გერმანულ გრანდში გაანათხოვრა.

პეპ გვარდიოლა "პარი სენ-ჟერმენის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილში დიდ ნიჭს ხედავს და კინგსლიც ბოლომდე ამართლებს მის ნდობას.

მიში ბაჩუაი (მარსელი)
13 მატჩი და 9 გოლი - იქმნება შთაბეჭდილება, რომ "მარსელში"მხოლოდ ბელგიელი ფორვარდი თამაშობს. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ყიდვა "ჩელსის", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" სურთ.

ბაჩუაის იწვევენ ბელგისს ნაკრებში, სადაც 23 წლის ფორვარდი ურიგოდ სულაც არ გამოიყურება.

ვაბი ხაზრი (ბორდო)
საგოლე პასების დიდოსტატმა, წარმოშობით ტუნისელმა ფეხბურთელმა საფრანგეთის ჩაკეტილ ჩემპიონატში უკვე შეაგდო 5 გოლი. ის "ბორდოში" უდავოდ საუკეთესოა და წესით, მალე პრემიერლიგის რომელიმე გუნდში უნდა ვიხილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ედერი 15 ნოემბერს დაიბადა 1986 :)
მანუჩარ
18:39 21-11-2015
0
ფეხბურთში ახალგაზრდას რომელ ასაკს ეძახთ თავი ვერ დავადგი :) ნოლიტო 28 წლისაა :)
მანუჩარ
18:37 21-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული