ინგლისური "მარსელიეზა" და ფრანგული THANK YOU [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ნოემბერს "უემბლიზე" 71 ათასზე მეტი მაყურებელი მივიდა. სტადიონი საფრანგეთის დროშის ფერებში იყო "შეღებილი" და პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონით დაწყებული, ჩვეულებრივი ინგლისელი ქომაგით დამთავრებული, ყველანი ფრანგებთან ერთად მღეროდა "მარსელიეზას".

ერთი სიტყვით, ინგლისელებმა ფრანგებს შესანიშნავი დახვედრა მოუწყვეს და "უემბლიზე" სევდიანთან ერთად, ოპტიმიზმითა და პოზიტივით გაჟღენთილი ატმოსფერო სუფევდა. ფრანგებისთვის მშობლიური და სიტუაციისთვის შესაფერისი დევიზიც იქვე იყო - თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. ყველა ერთიანი გახლდათ
თავად მატჩის მიმდინარეობაზე ბევრი სათქმელი არაფერია და მთავარი დეტალები გამოვარჩიოთ.

ცხადი გახლდათ, რომ ტრაგედიით ყველაზე მეტად დაზაფრული ფრანგები ამხანაგური მატჩისთვის
ბოლომდე ხასიათზე ვერ იქნებოდნენ, თანაც, დიდიე დეშამი გარკვეულ ექსპერიმენტებს ატარებს, როი ჰოჯსონისა არ იყოს. დიდიმ ატემ ბენ არფა ძირითადში დააყენა.

შეცვლაზე შეუშვა კინგსლი კომანიც, ვინც შესაშურ ფორმაშია. მწვრთნელს მექსიკურ "ტიგრესში" გადახვეწილი ანდრე-პიერ ჟინიაკიც არ დავიწყებია. "სენტ ეტიენის" კაპიტანი ლოიკ პერენი განაცხადში გახლდათ, მაგრამ არ შემოსულა.

სამაგიეროდ, ლასანა დიარა და ანტუან გრიზმანი შევიდნენ შეცვლებზე, რაც იმის გამოა გამოსარჩევი, რომ დიარას ახლო ნათესავი გოგონა ტერაქტისას 129 დაღუპულს შორისაა, ხოლო გრიზმანის და "ბატაკლანის" თეატრში კონცერტს ესწრებოდა და ტერორისტების შემოჭრის მერე გაქცევა მოახერხა.

გრიზმანი მინდორზე ანტონი მარსიალის ნაცვლად შემოვიდა და ცუდი ის არის, რომ მარსიალი შესაცვლელი შეიქნა.

იგი ექიმებმა გაიყვანეს, თავად ფეხბურთელი ტკივილისგან იკლაკნებოდა და ერთი შეხედვით, ტრავმა საკმაოდ სერიოზული ჩანდა, რაც დეშამის გარდა და შესაძლოა, უფრო მეტადაც, ლუი ვან გაალისთვის არის სანერვიულო ამბავი, რადგან ახალგაზრდა ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლისთანავე იქცა გუნდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად.

თუმცა, მედიკოსების თქმით, სავარაუდოდ, დაზიანება მძიმე არ იქნება. მაინც დაველოდოთ ექიმების საბოლოო სიტყვასა და დიაგნოზს.

მარსიალისა და ინგლისის კაპიტანმა უეინ რუნიმ თავისი მორიგი გოლი გაიტანა და იქამდე დელე ალის გაატანინა, ინგლისელებმა 2:0 იმარჯვეს. ახალგაზრდა ტოტენჰემელმა მორიგი შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იგი "ლომებთან" ერთად საფრანგეთში გაემგზავრება.

კიდევ ერთი მანჩესტერელი ჯესი ლინგარდი ჰოჯსონმა კი გამოიძახა, მაგრამ ამჯერად არ ათამაშა. სამაგიეროდ, ერთი ტაიმით კარში ჰარტის ნაცვლად ჯეკ ბატლენდი დააყენა და მინდორზე შეუცვლელად დატოვა კიდევ ერთი ახალი სახე, ალის თანაკლუბელი ერიკ დაიერი.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, ფეხბურთის ასოციაციამაც ძალიან კარგად იმუშავა. ჩვენ ჩვენი პატივისცემა, თანადგომა და მხარდაჭერა გამოვხატეთ" - თქვა ჰოჯსონმა, რომელიც თავისი ბიჭების ბურთაობითაც კმაყოფილი გახლდათ.

"ის, რაც მათ ჩვენთვის გააკეთეს, ძალიან ბევრს ნიშნავს. ასეთი თანადგომისა და დახვედრისთვის ინგლისს მადლობა უნდა გადავუხადოთ" - აღნიშნა "მამლების" კაპიტანმა უგო ლორისმა.

დიდიე დეშამი: "ჩვენ გვინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადოთ განცხადებებისთვის, ქმედებებისა და ყველაფრისთვის, რითაც სოლიდარობა გამოხატეს. ემოციური დღეებია და ძალიან ამაყები და მადლიერები ვართ. არა მხოლოდ "უემბლი", არამედ მთელი ერი გვიჭერდა მხარს".

მადლობა ინგლისელებს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ, "ეკიპმაც" გადაუხადა, რომელიც მეორე დღეს პირველ გვერდზე გაკეთებული ასეთი წარწერით გამოვიდა - THANK YOU.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული