დრიბლინგი: რომაული პორნოგრაფია

AutoSharing Option
რომაელთა გასაჭირ
07, 14, 15 - ეს არის რომაული არდადეგები ჩემპიონთა ლიგაში, რომელსაც საფეხბურთო კლუბი "რომა" პერიოდულად იწყობს ხოლმე.

დავწვრილმანდეთ? 2007 წლის აპრილი: 1:7 "მანჩესტერ იუნაიტედთან". 2014 წლის ოქტომბერი: 1:7 მიუნხენის "ბაიერნთან".

და ახლა, წინა კვირაში, რომაელები მხოლოდ და მხოლოდ "ბარსელონას" ფეხბურთელების კეთილგანწყობას უნდა უმადლოდნენ იმას, რომ ისევ 1:7 ან უფრო დიდი ანგარიშით არ დამარცხდნენ. თუმცა ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში მაინც სასტიკად შეურაცხმყოფელი იყო: 1:6.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"0:6 ძალიან მძიმე ასატანია. ეს უდიდესი სირცხვილია!" - აღნიშნა მატჩის შემდეგ "რომას" სპორტულმა დირექტორმა ვალტერ
საბატინიმ და დიახ, არც ჩვენ გვეშლება და არც მას. 0:6 იმიტომ თქვა, რომ იმ ერთადერთ გოლს, რომელიც რომაელებმა, კერძოდ კი, ედინ ჯეკომ მატჩის 91-ე წუთზე გაიტანეს, საბატინი, უბრალოდ, არ თვლის. ან რა ჩასათვლელია.

"რომას" გულშემატკივრები (ვინ მოთვლის, მერამდენედ) უკიდურესად შეურაცხყოფილები არიან, თუმცა ზოგიერთი მათგანი მომხდარს მაინც იუმორით მიუდგა.

"რომას" "ფეისბუქის" გვერდზე და სხვადასხვა საიტზე ასეთი შინაარსის კომენტარები გამოჩნდა: "რომას" გულშემატკივრები პორნოსაიტებს პირდაპირ Gangbang განყოფილებაში გადავყავართ", "Je suis Romanista", "ვინც ბოლოს იტანს, ის იგებს" და ა.შ.

საბედნიეროდ, "რომას" თავკაცმა რუდი გარსიამ შედარებით ჭკვიანური კომენტარი გააკეთა: "საბოლოო ჯამში, სატურნირო ცხრილისთვის სულ ერთი იყო, ერთ ბურთს მივიღებდით თუ ექვსს!" - თქვა მან. კი, გარსია ცამდე მართალია, რადგან "რომა" მაინც მეორე ადგილზე დარჩა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში, ხუთი ტურის შემდეგ, 16 გოლი აქვს გაშვებული, რაც "რომაზე" ბევრს აფიქრებინებს, "ასტანააო"...

თუმცა რომაელთა უბედურება ამით არ დასრულებულა. "ბარსელონასთან" კოლაფსს იმ ბერგატმოს "ატალანტასთან" მარცხი (0:2) მოჰყვა (თანაც საკუთარ მოედანზე), რომელსაც გასვლით მატჩებში 459-წუთიანი უგოლო სერია ჰქონდა.

მთელ ამ ორომტრიალში ყველაზე უცნაური ისაა, რომ საკმარისია, "რომამ" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩში შინ ბატე-ს მოუგოს, რომ გარსიას ბიჭები მერვედფინალში მაინც გავლენ - 16 მიღებული ბურთით (თუ, რა თქმა უნდა, ბატე-სგანაც არ გაუშვეს).

14-წუთიანი ფრენა ლონდონიდან ნორვიჩამდე
ლონდონის "არსენალს" პრემიერლიგის გასვლით მატჩებში შორს მოგზაურობა ისედაც არ უწევს ხოლმე ხშირად, გასულ უქმეებზე კი არსენ ვენგერს თავისი შეგირდები ნორვიჩში უნდა ჩაეყვანა. ეს ქალაქი ლონდონთან საკმაოდ ახლოსაა. რამდენად ახლოს?

სადღაც 100 მილში. ეს იმას ნიშნავს, რომ "არსენალს" ავტობუსით ან მატარებლით სადღაც 2 საათი დასჭირდებოდა, მაგრამ ლონდონელებმა ავტობუსი ან მატარებელი იუკადრისეს და ნორვიჩში გასამგზავრებლად თვითმფრინავი იქირავეს.

ამრიგად, პარასკევს ბაზიდან აეროპორტისკენ გაემგზავრნენ, იქიდან კი თვითმფრინავი ზუსტად 100 მილის მოშორებით მდებარე ნორვიჩისკენ გაფრინდა. რამდენ ხანს იფრინეს ვენგერმა და მისმა შეგირდებმა? მაქსიმუმ 14 წუთი.

საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებდა ამაზე ლეგენდარული ჰოლანდიელი "მეთოფე" დენის ბერგკამპი, რომელიც, მოგეხსენებათ, არასდროს დაფრინავდა...

ჯერარდის ფლირტი
იმ ლიგაში, სადაც სტივენ ჯერარდი თავისას ისწორებს, ახლა შესვენებაა. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ "ლივერპულის" ლეგენდა ინგლისში დაეხეტება და პრემიერლიგასთან ფლირტს არ ერიდება.

პირველი მეოცნებენი, რაღა თქმა უნდა, "ლივერპულის" ქომაგები არიან, მაგრამ არის კი იმის ნიშნები, რომ სტივი "ენფილდზე" დაბრუნდეს?

ისე რა. ფაქტია, რომ ჯერარდი "ლივერპულის" ბაზას ესტუმრა და ყოფილი თანაგუნდელების ვარჯიშს უცქირა და თავადაც ივარჯიშა. ამასთან, ცხადია, იურგენ კლოპიც გაიცნო - სტივმა და იურგენმა ერთმანეთს მხარზე ხელი დაჰკრეს. ამის შემდეგ ჯერარდი ერთ-ერთი ტელეკომპანიის სპორტულ თოქ-შოუში გამოჩნდა, სადაც ასეთი რამ თქვა:

"მოვიტყუები, რომ ვთქვა, პრემიერლიგა და "ლივერპული" არ მენატრება-მეთქი".

ჰოდა, ამ ყველაფრის შემდეგ ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ "სტივი ჯი" ენფილდზე დაბრუნდება. თანაც, კლოპის ამბავი ხომ იცით...

ბეილს "ლამბომ" ტაკო ატკინა
გარეთ ბეილი ამიერიდან სუპერსპორტული ავტომობილებით აღარ ივლის. უელსელმა თქვა, რომ "ლამბორგინი" და "სხვა ამგვარი მანქანები" საჯდომს სტკენს და გარდა ამისა, მუხლსაც უნდა მოუფრთხილდეს.

ამიტომაც გააუქმა მან კონტრაქტი ექსკლუზიური ავტომობილების გამქირავებელ ფირმა Vivendi Super Car Club-თან, რომლისგანაც ბეილი ბრიტანეთში ყოფნისას "ლამბორგინის" ან "ფერარის" ქირაობდა ხოლმე და ამ კლუბს წელიწადში 30 000 ფუნტს უხდიდა.

ამიერიდან ბეილი უარს ამბობს სუპერსპორტული მანქანებით გადაადგილებაზე - ოღონდ არა ფასის გამო, არამედ იმიტომ, რომ იტალიური სუპერქარები მისთვის ზედმეტად არაკომფორტულია.

გარდა ამისა, ბეილი ამბობს, რომ მისი ძვირფასი მუხლი ვერ იტანს დიდხანს უკიდურესად მოხრილ მდგომარეობაში ყოფნას, რადგან ეს სისხლის მიმოქცევას უშლის ხელს. "რეალის" უელსელმა ვარსკვლავმა ახლახან მადრიდული კლუბის გენერალურ სპონსორ "აუდისგან" ახალთახალი Audi Q7 მიიღო, რომელშიც ფეხებსაც კარგად გაშლის და არც უკანალი ეტკინება...

პრემიერი კომენტატორად
წარმოიდგინეთ, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაში რომ თამაშობდეს და, მაგალითად, მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩის კომენტატორად ირაკლი ღარიბაშვილი რომ მოგვევლინოს... უტოპიაა? რომელი უფრო: "დინამო" ჩემპიონთა ლიგაში თუ ღარიბაშვილი კომენტატორად? სულ ერთია. ის, რაც ჩვენთან ასე არარეალურია, ესპანეთში ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი გახლავთ.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი ოთხშაბათს, ერთ-ერთი რადიოს (!) პირდაპირ ეთერში ფერნანდო მორიენტესთან ერთად მოთავსდა და "რეალის" ყოფილ გოლეადორთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საღამო წაიყვანა.

რაც ყველაზე საინტერესოა, ესპანეთის პრემიერი ფეხბურთის ნამდვილი გურუ და დიდი ექსპერტი აღმოჩნდა, არაფერი გამოჰპარვია და გუნდების ტაქტიკურ სქემებზეც კი საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა.

იქვე იყო პრემიერის 10 წლის ვაჟიც, რომელსაც მხოლოდ ერთხელ ჰკითხეს აზრი. მოდერატორს სურდა, გაეგო, როგორ მოსწონს პრემიერის ვაჟს კომპიუტერული თამაშის, ფიფა 2015-ის კომენტატორები - რაც უნდა იყოს, მაგ თამაშში ერთ-ერთი კომენტატორი ჩემი კოლეგააო. ბიჭი მიკროფონს მიეძალა და ისე ჩასძახა, როგორც პრემიერ-მინისტრის შვილს შეეფერება:

"უკეთესებიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ". რახოის სიცილი წასკდა, მაგრამ რახოი ჯუნიორმა იქვე დაამატა: "მინდა ვთქვა, რომ ის კომენტატორები ნამდვილი ნაგვები არიან".

აი, აქ კი ვეღარ მოითმინა რახოი უფროსმა და შვილს თავში ორჯერ პედაგოგიურად წაუთაქა. თუმცა ის ბავშვი ცამდე მართალია. არ გჯერათ? ერთხელ მაინც ითამაშეთ ესპანური "ფიფა" და დარწმუნდებით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეეჰ ბეილ,ბეილ...ეგ კიდე საკითხავია,რომელი უფრო გტკენს ტაკოს,"ლამბორგინი"თუ ბარსა...
burnuta
13:24 02-12-2015
0
Rajoi prezidentia da ara premieri daimaxsovred
temo
17:09 02-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული