სამწვრთნელო კარუსელი 2016: სახალისო, მაგრამ ლოგიკური პროგნოზები

AutoSharing Option
თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელი ხშირად იცვლის სამუშაო ადგილებს. როდესაც კლუბის მესვეური სატრანსფერო ფანჯრისას, რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს ხარჯავს, ბუნებრივიცაა, რომ შედეგის მიღება უმოკლეს დროში სურს. თუმცა მოლოდინი ხშირად არ მართლდება და შედეგად, ვიღებთ მწვრთნელთა გაუთავებელ როტაციას და თანაც, ისეთი სისწრაფით, რომ ხანდახან თვალის მიდევნებაც კი გვიჭირს.

რა ამბები დატრიალდება ამ თვალსაზრისით 2016 წელს? - ვერც წინასწარმეტყველების ნიჭზე დავდებთ თავს და ვერც ასტროლოგიაში ვერკვევით, მაგრამ ლოგიკას შეგვიძლია მივყვეთ და გარკვეული ვარაუდები შემოგთავაზოთ.

ბუნებრივია, რომ ყველა ეს პროგნოზი ვერ გამართლდება და ჩვენი გათვლებიც
უფრო სახალისოა, ვიდრე სერიოზული...

წყალი არ გაუვა
კარლო ანჩელოტი რომ მიუნხენის "ბაიერნს" გაწვრთნის, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია და ამას წყალი არ გაუვა. იტალიელი სპეციალისტი გერმანულ გრანდს უკვე შეუთანხმდა და მომდევნო სეზონიდან ბუნდესლიგაში გამოცდის თავს.

თუმცა ანჩელოტი მიუნხენში უფრო იმისთვის მიჰყავთ, რომ არა იმდენად ბუნდესლიგა, რამდენადაც ჩემპიონთა ლიგა მოიგოს - ეს ბუნებრივიცაა, რადგან ვერცხლის სინი მიუნხენურმა გიგანტმა შესაძლოა, ლუი ვან გაალის თავკაცობითაც, ან სულაც უმწვრთნელოდ ასწიოს.

სად წავა გვარდიოლა?
"ბაიერნს" კარლო ანჩელოტი გაწვრთნის, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანულ კლუბს პეპ გვარდიოლა დატოვებს. მაინც სად გააგრძელებს კარიერას ესპანელი სპეციალისტი? - შეგვიძლია სამი ვარიანტი განვიხილოთ: პსჟ, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი", თუმცა ყველაზე ძვირად მაინც "სიტის" ვარიანტი ფასობს.

დიახ, დიდი ალბათობით, გვარდიოლა უკვე შეთანხმებულია "ქალაქელებთან" და სწორედ მანჩესტერში გააგრძელებს კარიერას.

როგორც "ბაიერნის" ერთ-ერთმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, გვარდიოლამ უკვე იცის, თუ სად გააგრძელებს კარიერას და ეს საგულისხმო ინფორმაციაა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პეპს შეთანხმება "იუნაიტედთან" ჰქონდეს მიღწეული; საფრანგეთის ჩემპიონატი პრემიერლიგას ვერ გაუტოლდება და ამიტომ "სიტი" ოპტიმალური ვარიანტია.

მოკლედ, ანჩელოტი "ბაიერნში" და გვარდიოლა - "მანჩესტერ სიტიში".

სად წავა პელეგრინი?
სად გააგრძელებს კარიერას "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელი თავკაცი მანუელ პელეგრინი? - არის რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, ერთ-ერთი "ვალენსიაა", მაგრამ უფრო ძვირად მაინც მადრიდის "ატლეტიკოს" ვარიანტი ფასობს.

მიმდინარე სეზონის ბოლოს დადგება სწორედ ის დრო, როდესაც დიეგო სიმეონე გადაწყვეტს, რომ "ატლეტიკოში" რესურსი ბოლომდე ამოწურა და შესაბამისად, ახალ გამოწვევას მიიღებს.

სიმეონეზე ქვემოთ მოგახსენებთ, აი, "ატლეტიკოსთვის" კი საუკეთესო ვარიანტი სწორედ პელეგრინი აღმოჩნდება, რომელსაც ესპანეთში არაერთი წელი უმუშავია, "ვილიარელში" კი განსაკუთრებით კარგად წარმოჩინდა.

სად წავა სიმეონე?
დიეგო სიმეონე კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს, საიდანაც ჟოზე მოურინიო დაითხოვეს და დროებით მწვრთნელად გუს ჰიდინკი დანიშნეს. ჰოლანდიელი ლონდონში სეზონის ბოლომდე გაქაჩავს, ზაფხულში კი ვაკანტურ ადგილზე საუკეთესო კანდიდატი სწორედ არგენტინელი მწვრთნელი იქნება.

რომან აბრამოვიჩი სიმეონეს კოლოსალურ ხელფასს შესთავაზებს და ხერმან ბურგოსთან ერთად, თავისთან წაიყვანს. "ჩელსი" მებრძოლი გუნდია და ვეჭვობთ, რომ სიმეონე ძალიან მოუხდება ლონდონურ კლუბს - ერთი ეგაა, რომ ბურგოსი არ ჰგავს არისტოკრატს...

სად წავა მოურინიო?
გუს ჰიდინკი ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთის ან რომელიმე მსგავსი ქვეყნის ნაკრებს ჩაიბარებს ან შესაძლოა, გროზნოს "ტერეკის", ან "ანჟის" მწვრთნელად მოგვევლინოს. თუმცა გაცილებით საინტერესოა, თუ სად გააგრძელებს კარიერას ჟოზე მოურინიო - ყველაზე რეალური ვარიანტი "მანჩესტერ იუნაიტედია", სადაც ლუი ვან გაალი დღეებს ითვლის და სკამსაც მალე გაათავისუფლებს.

ვან გაალი სეზონის ბოლომდე ვერ გაატანს, მას დროებით რაიან გიგზი შეცვლის. აი, ზაფხულში კი გუნდს მოურინიო ჩაუდგება სათავეში. თუმცა, რატომ ზაფხულში? - ჟოზე შესაძლოა, შუა სეზონში შეუდგეს ახალ საქმეს, რადგან სრულიად თავისუფალია და საინტერესო წინადადებას ელოდება. "იუნაიტედის" ფანები ითხოვენ მოურინიოს და სავარაუდოდ, ისინი მიიღებენ მას.

სად წავა ვან გაალი?
ლუი ვან გაალი სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთებს განცხადებას და 2016 წელს ის უსაქმოდ იქნება. უფრო სწორად, ლექციებს წაიკითხავს სხვადასხვა უნივერსიტეტში და იმასაც გაამხელს, თუ რა ჩანაწერებს აკეთებდა თავის ბლოკნოტებში.

ვან გაალი სიტყვას 2017 წელს გატეხს, რადგან სამწვრთნელო საქმიანობა მოენატრება და რომელიმე ჰოლანდიურ გუნდს ჩაიბარებს - მაგალითად, "ფეიენოორდს" ან პსვ-ს, მაგრამ იქაც მალევე ჩაფლავდება.

სად წავა ბენიტესი?
ჩიხში შევედით, რადგან ლუი ვან გაალი 2016 წელს არც ერთ კლუბში არ მივა და შესაბამისად, ლოგიკური ჯაჭვიც დაირღვა - თუმცა, გადავწვდეთ პირდაპირ მადრიდს, სადაც რაფაელ ბენიტესია განწირული და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, აუცილებლად დატოვებს "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტს.

სად წავა ბენიტესი? - დიდი ალბათობით, "ვალენსიას" დაუბრუნდება, სადაც სამწვრთნელო კარიერის საწყის წლებში იღვწოდა და სწორედ იქიდან დაიწყო მისი აღმასვლა. ბენიტესი "ვალენსიაში" ძალიან უყვართ და მის დაბრუნებაზე უარს არ იტყვიან, რაფას კი უკეთესი წინადადება, უბრალოდ, არ ექნება.

სად წავლენ ნევილები და ვინ მივა "რეალში"?
ნევილები ვერსად ვერ წავლენ, რადგან მთელი წლის განმავლობაში არც ერთი წინადადება არ ექნებათ.

რაც შეეხება მადრიდის "რეალს", ამ გუნდის მწვრთნელობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი უდავოდ ჟოზე მოურინიოა, მაგრამ ის უკვე "მანჩესტერ იუნაიტედში" "გავუშვით" და დარჩა ზინედინ ზიდანის კანდიდატურა.

დიახ, ბენიტესის გათავისუფლების შემდეგ "რეალს", სავარაუდოდ, ზიზუ ჩაუდგება სათავეში და შეეცდება, რომ გახდეს "რეალის" პეპ გვარდიოლა, ან გნებავთ, ლუის ენრიკე. მოკლედ, "სამეფო გუნდის" მომავალი მესაჭე ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელია, იმის იქით განჭვრეტა კი ჩვენს ძალებს ჯერჯერობით აღემატება...

ვინ მივა "მილანში"?
"რეალის" ახალგაზრდული გუნდის ბედზე ნუ გვამკითხავებთ და უმჯობესია, რომ იტალიაში გადავბარგდეთ, სადაც ასევე იქნება სამწვრთნელო ცვლილებები.

სინიშა მიხაილოვიჩი სეზონის ბოლომდე იწვალებს "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ ზაფხულში მაინც გაუშვებენ, მის ადგილს კი, სავარაუდოდ, რობერტო დონადონი დაიკავებს. ეს უკანასკნელი "ბოლონიის" თავკაცია, გუნდი ღრმა კრიზისიდან ამოაძვრინა და სეზონის ბოლოს სატურნირო ცხრილის შუაგულშიც გაჭედავს, რაც დიდ წარმატებად ჩაითვლება.

დონადონი ძველი "მილანისტაა". ასეთი წარმატებისა და მიხაილოვიჩის არასტაბილურობის ფონზე, ის იოლად მიიღებს შეთავაზებას ადრიანო გალიანისგან და უსიტყვოდ დათანხმდება.

ვინ მივა "რომაში"?
სინიშა მიხაილოვიჩის მსგავსად, სეზონის ბოლომდე იწვალებს რუდი გარსია, ზაფხულში კი დატოვებს "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტს.

დიდი ალბათობით, "ჯალოროსის" ახალი დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი იქნება, რომელიც ადრე მუშაობდა დედაქალაქურ გუნდში და ერთობ წარმატებითაც. სპალეტი დიდი ხანია, უმუშევარია და საინტერესო წინადადებას ელოდება, ის კი არაერთხელ თქვა, რომ "რომაში" სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

დანარჩენები
რთულად განსაჭვრეტია, თუ სად გააგრძელებს კარიერას რუდი გარსია, რომელსაც აუცილებლად ექნება რამდენიმე საინტერესო წინადადება ფრანგული კლუბებიდან. კერძოდ, გარსიას შეეხმიანებიან "მარსელიდან", "ლიონიდან" და "ლილიდან", მაგრამ არჩევანს ალბათ მაინც "სევილიაზე" შეაჩერებს, სადაც უნაი ემერი ჩათვლის ვალმოხდილად თავს და ახალ გამოწვევას დაელოდება.

და ვინ დაუძახებს ემერის? - აი, ეს კიდევ უფრო რთული საკითხია, რადგან ემერი აღმოაჩენს, რომ თითქმის ყველა ვაკანტური ადგილი შევსებულია და შესაბამისად, მისი ადგილი აღარსადაა. თუმცა, ბოლოს ინგლისური ვარიანტი გამოჩნდება და უნაი ან "ტოტენჰემს", ან "ლივერპულს" ჩაუდგება სათავეში.

უფრო რეალური მაინც "ლივერპულია", რომელსაც ჯამბაზად ქცეული იურგენ კლოპი სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს და სავარაუდოდ, ბუნდესლიგას დაუბრუნდება.

შესაძლოა, მთელ ამ ჯაჭვში დისონანსი შეიტანოს ანტონიო კონტემ, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია საკუთარი მომავალი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. თუ იტალიის ნაკრებმა უსახურად იასპარეზა, კონტე ალბათ დატოვებს "აძურას" და სავარაუდოდ, სერია A-ში ან პრემიერლიგაში გააგრძელებს სამწვრთნელო მოღვაწეობას.

კიდევ ერთი კითხვის ნიშანი ანდრე ვილაშ ბოაშია, რომელსაც მობეზრდება რუსეთში, ბებერ კონტინენტზე მოისურვებს დაბრუნებას და რადგან "ზენიტს" გამარჯვებული და თავაწეული დატოვებს, მისი სამსახურითაც არაერთი ძლიერი კლუბი დაინტერესდება. მოკლედ, კონტესა და ვილაშ ბოაშზე კითხვის ნიშნები დავტოვოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული