აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი: რამ გააცეცხლა იაია

AutoSharing Option
იაია ტურე გაცეცხლებულია იმის გამო, რომ იგი კიდევ ერთხელ არ დაასახელეს აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად და ეს პატივი წილად პიერ-ემერიკ ობამეიანგს ხვდა.

გაბონელმა "დორტმუნდის" რიგებში ეს სეზონი საუცხოოდ დაიწყო და გოლი გოლზე გააქვს. თუმცა ტურეს არგუმენტიც საინტერესოა - აფრიკის წლის ფეხბურთელის დასახელებისას აფრიკის კონტინენტზე და ნაკრებში რა ქნა ფეხბურთელმა, ეს უნდა იყოს მოწინავე და არა უცხოეთში საკლუბო წარმატებებიო.

მით უმეტეს, გაბონელ ობამეიანგს საკლუბო დონეზეც არ ჰქონია ტიტულების რიგი და ნაკრებთან ერთადაც არ უმარჯვია. აი, ტურეს თაოსნობით კი, კოტ დ'ივუარმა აფრიკის
თასის მოგება მოახერხა.

"ძალიან, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. სამწუხაროა, რომ აფრიკა ასე რეაგირებს და ადგილობრივ ტურნირებს ყურადღებას არ აქცევს. ეს აფრიკის სირცხვილია. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ფაქტია, ჩვენ, აფრიკელები თავადვე არ მივიჩნევთ მნიშვნელოვნად აფრიკას და საკუთარ კონტინენტზე მომხდარს არ ვაქცევთ დიდ ყურადღებას და რატომ გააკეთებს ამას სხვა?" - აი, ასე მიუდგა საკითხს გაცოფებული იაია.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტის" 32 წლის ნახევარმცველი ამ ჯილდოს, 2011 წლიდან 2014-ის ჩათვლით, მიყოლებით იგებდა და ობამეიანგმა მას ეს სერია შეუწყვიტა. 26 წლის პიერ-ემერიკმა 143 ხმა მიიღო, ხოლო იაიამ - 136.

ტურეს სიტყვებში სიმართლის მარცვლის დანახვა ნამდვილად შეიძლება, მაგრამ ასევე სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მაგალითად, 2013 წელს ნიგერიამ აფრიკის თასზე იძალა, გზად კოტ დ'ივუარსაც აჯობა და "არწივების" ერთ-ერთი ლიდერი ჯონ ობი მიკელი იყო, რომელსაც საკლუბო დონეზეც არა უშავდა, საუკეთესოდ კი ტურე აღიარეს, რაზეც მაშინ იგი არ გაბრაზებულა.

"კითხვებს მისვამენ და ევროპაშიც დამისვამენ, რომლებსაც აუცილებლად გავცემ პასუხებს, რადგან სხვაგვარად არ შემიძლია, მაწუხებს ის, რაც ხდება. მე პირდაპირი, უშუალო და პატიოსანი ადამიანი ვარ, გაჩუმებას არ ვაპირებ" - დაამატა ტურემ აფრიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იაიამ ობეამეიანგისადმი კომპლიმენტი მაინც არ დაივიწყა და აღნიშნა: აუცილებლად მინდა იმის თქმაც, რომ იგი მშვენივრად თამაშობს და ყოჩაღ მასო. გაბონელმა 2015 წელს სანაკრებო და საკლუბო მატჩების ჯამში 41 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა, აქედან 18 ბურთი მან მიმდინარე ბუნდესლიგის საწყის 17 ტურში შეაგდო.

"მინდა მადლობა გადავუხადო მამას და დედას, ასევე, ჩემს ვაჟს და დედამისს. მთელ ჩემს ოჯახს, მეგობრებს, თანაგუნდელებს, ფანებს, ღმერთს და ყველას" - დაწერა ობამეიანგმა სოციალურ ქსელში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ობი მიკელი იაიას, როგორ უნდა შეადარო!? სირცხვილია!
ბადრი
11:06 12-01-2016
0
შარშან არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელი დი მარია გახდა რომელიც მესისთან ახლოსაც ვერ მოვა მაგრამ მესის ამაზე არ უყვირია ზედმეტად ამპარტავანია!!!!
გენო
13:34 12-01-2016
0

სიახლეები პოპულარული