პეპის რებუსები - გვარდიოლამ უკვე ყველა დააბნია

AutoSharing Option
ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინათ, მომავალი სეზონიდან ხოსეპ გვარდიოლას ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგება გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ ახლა პეპმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც მის ნისლიან ალბიონზე გადასვლას ეჭვქვეშ აყენებს.

გვარდიოლას მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი ეწურება და იქ მას კარლო ანჩელოტი ჩაანაცვლებს, თავად პეპს კი არ დაუმალავს, რომ პრემიერლიგაში მუშაობა სურს.

იმასაც წერდნენ, "მანჩესტერ სიტისთან" უკვე წინასწარი შეთანხმებაც არსებობსო, მაგრამ 44 წლის სპეციალისტმა ეს ინფორმაცია რამდენჯერმე უარყო, ახლა კი ისიც აღნიშნა, ინგლისში შეიძლება 2 წლის მერე წავიდეო. რას აპირებს ამ ორი წლის განმავლობაში, არ
დაუკონკრეტებია, მაგრამ ეს განცხადება ზრდის გვარდიოლას სხვა მსურველების შანსებს, მაგალითად - "პარი სენ-ჟერმენის".

"როგორც კი ვინმესთან კონტრაქტს შევათანხმებ, აუცილებლად უმალვე გავაკეთებ განცხადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ორი წელი გავიდეს იქამდე, სანამ ინგლისში ვიმუშავებ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ გამოცდილებით, რომელიც მიუნხენში მივიღე და "ბაიერნთან" მოქმედი კონტრაქტის ბოლო წამამდე ვიმუშავებ ამ გუნდში, მერე კი სამშობლოში დავბრუნდები და მერე გადაწყდება, შედგება თუ არა ჩემი პრემიერლიგაში გადასვლა მომავალი სეზონისთვის" - თქვა გვარდიოლამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული