- ფიფას ეთიკის კომიტეტმა თქვენ და მიშელ პლატინი 8 წლით მოგკვეთათ ფეხბურთიდან. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენად სწორი და მიზანშეწონილია არჩევნების ადრე დანიშნულ დროს, 2016 წლის 26 თებერვალს ჩატარება?
- რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა გადაიდოს. თუმცა ჯერ დაზუსტებით არ ჩანს თუ რა სახის შეზღუდვები მოჰყვება ამ სანქციებს, რომელიც ფიფასა და უეფას პრეზიდენტების წინააღმდეგ მიიღეს.
ფიფას სააპელაციო კომისიისა
ორივე არასერიოზულ ადამიანად გამოგვიყვანეს და მატყუარები გვიწოდეს, ეს კი მტკივნეული მოსასმენია. თითქოს, ვიღაც გამვლელები, ბავშვები ვიყოთ. ჩემ ასაკში კი... დარწმუნებული ვარ, მიშელსაც ანალოგიური რეაქცია აქვს. დაგვკითხეს და მერე მოულოდნელად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს, თითქოს, რაც ვთქვით, არც მოუსმენიათ, არც გაითვალისწინეს. ცოტა არ იყოს, გულისამრევია.
- შვეიცარიის სასამართლოში აპირებთ განაჩენის გასაჩივრებას... მაგრამ არ დაიღალეთ? თქვენ ხომ 40 წელი იმუშავეთ ფიფაში?
- ვიბრძოლებ ბოლომდე. ყველაზე მეტად ორი რამ მაბრაზებს. პირველი: არაწესიერ ადამიანად გამომიყვანეს.
მეორე: დამაბრალეს, რომ, თითქოს, რაღაც ფული გადავიხადე იმისთვის, რომ 2011 წელს ხელახლა ავერჩიეთ პრეზიდენტად და ევროპული ქვეყნების ხმები ვიყიდე. სირცხვილია და აღმაშფოთებელია. ასეთი რაღაცები ჩვენ ოჯახში დაუშვებელია. ჩემთვის ეს 12 წლის ასაკშიც მიუღებელი გახლდათ, როდესაც სასტუმროში ვმუშაობდი მცირე შემოსავლისთვის. მამაჩემი მეუბნებოდა:
"არასოდეს აიღო ფული, რომელიც არ გამოგიმუშავებია. არ შეიძლება სხვადასხვა საკითხების ფულით გადაჭრა". ახლა გამოდის, რომ ამ პრინციპებს მივაფურთხე. თუმცა ამას ასე არ დავტოვებ და საჭიროების შემთხვევაში, შვეიცარიის სასამართლოსაც მივმართავ. ქვეყანამ თავისი მოქალაქეები უნდა დაიცვას.
ყველაფრის ასე თავდაყირა დაყენება არ შეიძლება. ვფიქრობ, ბატონი პლატინი სწორად მოიქცა 18 დეკემბრის დაკითხვაზე რომ არ მივიდა (წინა დღით ბლატერს 8-საათიანი დაკითხვა მოუწყვეს). მან თქვა, რომ უკვე უჩვენოდ მიიღეს გადაწყვეტილება და აზრი აღარ აქვსო. მხოლოდ კორუფციის ბრალდება მოგვიხსნეს. კორუფციაც რომ ყოფილიყო, სამუდამო დისკვალიფიკაციას მივიღებდით.
სასაცილოა ჯარიმის საკითხიც. პლატინი, როგორც ჩანს, ჩემზე მდიდარია, უნდა იყოს. მიშელი 74-ათას ევროს გადაიხდის, მე მხოლოდ - 46-ათასს. სასაცილოა ის, რომ სამუდამო დისკვალიფიკაცია, რომ მოეცათ, ამ შემთხვევაში ჯარიმის გადახდა არ გვიწევდა.
უნდა იბრძოლო
- განაჩენის გაცხადების მერე, თქვენ თქვით - "მე დავბრუნდები". რას ნიშნავდა ეს? მიმართავთ თუ არა სხვადასხვა ქვეყნების ფედერაციებს მხარდაჭერისთვის?- ბევრმა ფედერაციამ გამომიგზავნა გამამხნევებელი წერილი და მხარდაჭერა აღმითქვა. ძირითადად, აფრიკულმა ქვეყნებმა, მაგრამ იყვნენ ევროპული ქვეყნებიც. მათ მომწერეს ხელი არ აიღო, არ მიუშვა ყველაფერი, უნდა იბრძოლოო. ყველა ამას მეუბნება.
- თითქოს, ამ ყველაფრისთვის პოლიტიკური ხასიათის მიცემას აპირებთ...
- მე საარჩევნო კამპანიაში არ ჩავერევი. ხუთივე კანდიდატისადმი ნეიტრალური ვიქნები. თუმცა მათგან ზოგიერთს უნდა,რომ მხარდაჭერა გამოვუცხადო. არ ვიცი, ისურვებს თუ არა პლატინი პოსტზე დაბრუნებას, სულაც რომ "გაამართლონ". უეფამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნები მაისში ჩატარდება.
პირადად მე კი ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი პატიოსნებისა და სუფთა სახელისთვის. წესდებაში დეტალურადაა მითითებული, რომ როდესაც პალატა ვინმეს რამეში ადანაშაულებს, უტყუარი ფაქტები უნდა წარმოადგინოს. უნდა დაამტკიცონ, რომ რაღაცაში დამნაშავენი ვართ. ისინი კი მბობენ: "თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ უდანაშაულოები ხართ". ეს ყველა იურიდიულ ნორმას ეწინააღმდეგება.
- რამდენად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია ეთიკის კომიტეტი?
- არა მგონია, რომ კომიტეტის საქმეებში ამერიკიდან ან შვეიცარიიდან ყოფილიყო ჩარევა და ზეწოლა. თუმცა სერიოზული კითხვები და ეჭვები მაინც ჩნდება - მაინც პრესში ხომ არ ატარებდნენ კომიტეტს?
ფაქტია, რომ პრესა მაინც დიდ ზეგავლენას ახდენდა და ესეც სერიოზული წნეხია. ეს ყველაფერი კონკრეტულად პლატინის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი და ჩაფიქრებული, რომ იგი ფიფას პრეზიდენტი არ გამხდარიყო? თუ ჩემ წინააღმდეგაც?
ვინ იცოდა, რა ჰქონდათ გეგმაში
- ბოლო წლებში ძალიან ბევრი სკანდალი იყო. არაერთი ადამიანი დაისაჯა, მაგალითად, გენერალური მდივანი ვალკე. ნუთუ, ფიფაში მართლა ამდენი პრობლემაა?- ამ ადამიანებზე ახლა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ჩემი გადადგომის ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის. გადაწყვეტილება ხელახლა არჩევიდან 4 დღეში მივიღე და განცხადებაც გავაკეთე. იმ დროისთვის ფიფაზე უკვე დიდი ზეწოლა იყო. ამერიკის ხელისუფლების მხრიდან, FBI-ის თქმით, ჩვენ მაფიოზური ორგანიზაცია ვართ.
თუმცა როგორც კი გადავდექი, სიტუაცია შეიცვალა. ახლა ფიფა კრიმინალური დაჯგუფება კი აღარ არის, მსხვერპლია და ამერიკელები ფედერაციების დადანაშაულებაზე გადაერთვნენ. ოღონდ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული ფედერაციების გარდა, რაც საინტერესოა... უეფაში ჯერ კორუფციის არც ერთი ფაქტი არ აღმოუჩენიათ.
ხოლო ადამიანები, რომლებიც დააპატიმრეს (და დაზუსტებით მაინც არ არის ჯერ ცნობილი, რა დააშავეს მათ, თუ საერთოდ დააშავეს) სხვა კონტინენტების ჩინოვნიკები იყვნენ.
- პრეზიდენტობისას ერთგვარ წმენდაზე არ გიფიქრიათ? საეჭვო კადრებისგან რომ დაგეცალათ ორგანიზაცია...
- ეთიკის კომიტეტიც ჩემი ინიციატივით შეიქმნა 2011 წელს. ამას დიდი სითამამე და შრომა სჭირდებოდა, მაგრამ გასაკეთებელი იყო.
უეფა უარზე გახლდათ, არ სურდათ, რომ ჩვენ ისინი გაგვეკონტროლებინა. დანარჩენი კონფედერაციები თანახმანი გახლდნენ. არაერთი ცვლილება მოხდა, ჩავატარეთ რეფორმები, ბევრი რამ შეიცვალა და გაუმჯობესდა, გამოჩნდნენ ახალი კადრები, მაგრამ ყველა მათგანს მე ვერ გავაკონტროლებდი. თან, ვინ იცოდა, რა ჰქონდათ გეგმაში და, რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ.
ეს წმინდა პოლიტიკაა
- ეთიკის კომიტეტის ამ გამოძიებასა და საქმეს მიშელ პლატინიმ "პოლიტიკური" უწოდა. ეთანხმებით?- სავარაუდოდ, ზუსტად ასეც არის. ვინ წამოიწყო და ააგორა ეს ყველაფერი? ვიცი, რომ პლატინის ურთიერთობა გაუფუჭდა ამჟამინდელი კანდიდატებიდან ერთ-ერთთან, იორდანიის პრინც ალიზე ვსაუბრობ.
ის თავის დროზე პლატინის დაეხმარა, არჩევნებისას. თუმცა, რა როლი შეიძლებოდა ამ ისტორიაში ჰქონოდა და შეესრულებინა პრინც ალის? არ ვიცი. ვფიქრობ და ვიზიარებ აზრს, რომ ეს ყველაფერი უფრო პლატინის წინააღმდეგ იყო ჩაფიქრებული და არა ჩემ წინააღმდეგ. მეორე მხრივ, ამას რაღა მნიშვნელობა აქვს! მალე 80 წლის გავხდები.
- ბოლო პერიოდში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ, თითქოს, დიდად არ გინდოდათ თქვენს მერე ფიფას სათავეში პლატინი მოსულიყო. ეს გასაკვირი არც არის, 28 მაისს მან ხომ თქვენი გადადგომა მოითხოვა.
- ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებოდით ერთმანეთში და კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩანაფიქრში, ერთ დღეს ის ჩემი შემცვლელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. შესაძლოა, სხვა კონფედერაციებს ევროპის კიდევ უფრო გაძლიერება და გავლენიანობა არ მოეწონათ და შეეშინდათ ამის. ვითარებიდან გამომდინარე, პლატინიმ წინა წელს თქვა, რომ კენჭს აღარ იყრიდა.
- ამით აიხსნება თქვენი კონფლიქტი?
- ჩვენი ერთგვარი გაყრა ერთ ისტორიასთან და ფაქტთანაა დაკავშირებული. პოზიცია მან მაშინ შეიცვალა, როდესაც ყატარმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღო. არ ვიცი ამას ჩარევა დავარქვა თუ რეკომენდაცია, არ მინდა სხვა, უფრო უხეში სიტყვა გამოვიყენო, მანგრამ ფაქტია, ეს წმინდა პოლიტიკაა.
უკვე საკმაო ხანია, ეს ყველაფერი პოლიტიკად იქცა, მასპინძლის არჩევისას მუდამ ასეა. ერთი ძლიერი ქვეყანა ან რამდენიმე ქვეყნის კოალიცია ცდილობს სასურველი ვარიანტი მიიღოს და გაიყვანოს. ყატარის გამარჯვება საბოლოოდ, რასაკვირველია, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ჩარევამ განაპირობა, უფრო სწორად, მისმა რეკომენდაციებმა, რომლებსაც ის მიშელს აძლევდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"