ბაიერნი
პეპ გვარდიოლა მიდის და კარლო ანჩელოტი მოდის. აქ სირთულე ნაკლები უნდა იყოს. საქმე იტალიელ მწვრთნელშია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ანჩელოტის უპრობლემოდ შეუძლია ნებისმიერ სიტუაციასთან შეგუება და თუ სასწაული არ მოხდა, ის გერმანულ გრანდსაც მშვენივრად უნდა შეეწყოს.
მას არ სჭირდება სტერლინგის, ნეიმარის ან სხვა ვარსკვლავის ყიდვა. ის ისედაც დიდებულ კომპანიაში მიდის. ყველაფერს რომ
გადაწყვეტილ ამბად უნდა ჩავთვალოთ, რომ ზაფხულში "რეკორდმაისტერი" ხმაურიან ტრანსფერებს მოერიდება. ანჩელოტის განსაკუთრებულად შეუძლია, იმ კადრებით დაკმაყოფილდეს, რომლებიც მას გუნდში ხვდება.
"ბაიერნის" თაობაზე გამუდმებით ათასი ჭორ-მართალი ისმის. ახლა კი სიჩუმეა. ახსენეს მხოლოდ ორი ფეხბურთელი - "ლაციოს" ბრაზილიელი ვარსკვლავი ანდერსონი და "იუვენტუსის" არგენტინელი ბრილიანტი პაულო დიბალა.
მანჩესტერ სიტი
კიდევ ერთი კლუბი, რომელმაც საიდუმლოდ არ შეინახა თავისი ახალი დამრიგებლის ვინაობა. მანჩესტერულ გუნდს "ბაიერნის" ყოფილი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დამოძღვრავს.
კატალონიელმა ინგლისური კლუბი ნაღდ გრანდად უნდა გარდაქმნას. მან "ეტიჰადზე" ახალი ფეხბურთელები უნდა მიიყვანოს. "მანჩესტერ სიტის" ლიდერები - ვენსან კომპანი, იაია ტურე, სერხიო აგუერო და დავიდ სილვა ვეღარ უმატებენ. ისინი უკვე კარგა ხანია, ერთ დონეზე არიან.
აქედანვე ცხადია, რომ პეპი "ეტიჰადზე" არაერთ ახალ ფეხბურთელს მიიყვანს. "სიტის" სჭირდება ახალი გმირები და ეს გმირები კატალონიელმა დამრიგებელმა უნდა გამოაჩინოს. აქედანვე შეიძლება იმის თქმა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე სწორედ "სიტი" იქნება.
თანაც, ინგლისელებს პრაქტიკულად ყველა სათამაშო რგოლში სჭირდებათ გაძლიერება.
ჩელსი
აქ ყველაზე რთულადაა საქმე. ინგლისურ პრესას ჯერაც ვერ გაურკვევია, რას იზამს ზაფხულში ლონდონური კლუბის პრეზიდენტი რომან აბრამოვიჩი. ერთ-ერთი ვერსიით, მას უნდა, რომ "ჩელსი" "ატლეტიკოს" დამრიგებელმა დიეგო სიმეონემ გაწვრთნას, მაგრამ არის მეორე ვერსიაც. მის მიხედვით, აბრამოვიჩს სიმეონე ზუსტად იმიტომ არ უნდა, რომ ის ბევრ რამეში სეუ ჟოზეს წააგავს.
"ჩელსისთან" დაკავშირებით ორ იტალიელ სპეციალისტსაც ახსენებენ. ესენი არიან იტალიის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე და "იუვენტუსის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი.
ადგილ-ადგილ შეხვედებით ვარაუდს იმის თაობაზე, რომ "არისტოკრატებმა" შეიძლება სამუშაო შესთავაზონ მანუელ პელეგრინის, მაგრამ ეს სიმართლე არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, "ჩელსის" ქომაგების უმრავლესობას ნაღდად არ გაეხარდება "სიტიში" დაწუნებული ჩილელის გამწვრთნელება.
ვალენსია
"ახლა მუშაობა მაცადეთ და სეზონის ბოლოს განმსაჯეთ" - სთხოვა კლუბის ხელმძღვანელობას "ვალენსიას" ინგლისელმა თავკაცმა გარი ნევილმა. ის ისე მივიდა "მესტალიაზე", რომ არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდა. უნდა ითქვას, რომ შედეგი საშინელია.
ასე თუ გაგრძელდა, "ვალენსია" მხოლოდ პრიმერაში ადგილის შესანარჩუნებლად თუღა იბრძოლებს. დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ნევილს კარისკენ მიუთითებენ. მის შესაძლო შემცვლელებად ასახელებენ "რეალიდან" დათხოვნილ რაფა ბენიტესს, ვინც "ვალენსიას" უკვე წვრთნიდა და "ზენიტიდან" ასაბარგებლად გამზადებულ ანდრე ვილაშ-ბოაშს.
რისკის ზონა
აქ ერთბაშად რამდენიმე გრანდია. "მილანმა" და "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური თუ ვერ მოიპოვეს, დიდი ალბათობით, სინიშა მიხაილოვიჩსა და რობერტო მანჩინის ახალი სამუშაოს ძიება მოუწევთ.
თუ ასე გაგრძელდა, გამორიცხული არ არის, "ოლდ ტრაფორდიდან" აიბარგოს "იუნაიტედის" ჰოლანდიელი დამრიგებელი ლუი ვან გაალი. "ატლეტიკოს" შეფობას დიეგო სიმეონეს გაშვება არ სურს, მაგრამ არგენტინელს გიგანტები უთვალთვალებენ.
დაბოლოს, "რეალი" და ზინედინ ზიდანი. ზიდანი ჯერ ცუდი არ არის, მაგრამ... საქმე ხომ "რეალს" ეხება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"