მარიო მანჯუკიჩი
2014 წლის ზაფხულში "ბაიერნმა" ისე თქვა უარი მარიო მანჯუკიჩზე, რომ თვალიც არ დაუხამხამებია. ხორვატი ვერ ჯდებოდა სათამაშო მონახაზში, რომლის მთავარი შემომქმედი პეპ გვარდიოლა იყო. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშო ორი ცუდი ხასიათი შეხვდა ერთმანეთს.
"ბაიერნიდან" მანჯუკიჩი მივიდა "ატლეტიკოში", მადრიდის გავლით კი ჩაირიცხა "იუვენტუსში". მართალია, სამშაბათის მატჩში მას არ გაუტანია, მაგრამ ზოგჯერ საგოლე გადაცემა
ნუ დაგვავიწყდება, როგორ დაიწყო "იუვეს" მეორე საგოლე შეტევა - მანჯუკიჩმა ბურთი ალვარო მორატას დაუგდო. ასე რომ, ხორვატის შურისძიება შედგა.
ალვარო მორატა
"იუვენტუსის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლისთვისაც შურისძიების გრძნობა ძალიან ნაცნობი და ახლობელია. გასულ გაზაფხულს მორატამ პირადად გამოთიშა ჩემპიონთა ლიგიდან მადრიდის "რეალი", კლუბი, რომელმაც მას დიდ ფეხბურთში მწვანე შუქი აუნთო. მართალია, მორატას არ უზეიმია "სამეფო კლუბის" კარში გატანილი ბურთები, მაგრამ თავად ხომ იცის, რას ნიშნავდა ეს მისთვის.
საერთოდ, როცა "რეალი" ფეხბურთელზე უარს ამბობს, მისი კარიერა დიდწილად სრულდება. დაწუნებული მოთამაშე "ხეტაფეში", ან რომელიმე აუტსაიდერში ხვდება. მორატას შემთხვევაში ასე არ ყოფილა. ის "იუვენტუსში" მივიდა. რომ არა ესპანელი, ტურინელები ჩემპიონთა ლიგის ბერლინურ ფინალში ვერ ითამაშებდნენ.
ფერნანდო მორიენტესი
ქრესტომათიული ისტორია 2000-იანი წლებიდან - როგორ თამაშობენ "რეალის" ლეგენდები მშობლიური კლუბის წინააღმდეგ. იმ დროს ფერნანდო მორიენტესისათვის "რეალში" ადგილი აღარ დარჩა. "გალაქტიკოსმა" იყიდა ყველა ვარსკვლავი და დაივიწყა იდეალები.
"რეალმა" მორიენტესი გაანათხოვრა "მონაკოში", ყველასათვის გასაკვირად სამთავროს წარმომადგენელი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივიდა. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ფერნანდომ ორჯერ გაუტანა ყოფილ კლუბს. თანაც, მადრიდში იმ დროს შეაგდო, როცა "რეალი" 1:4-ს იგებდა.
ჰენრიკ ლარსონი
გლაზგოში შვედი ღმერთია. "სელტიკის" ისტორიაში მასზე მეტი გოლი მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა გაიტანა. 33 წლის ასაკში ჰენრიკ ლარსონმა გამოწვევის ხელთათმანი ესროლა ბედს და სათამაშოდ "ბარსელონაში" წავიდა.
შვედმა "ბარსასთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ის ძალიან მაგრად შედიოდა შეცვლებზე. "სელტიკს" მან გლაზგოში გაუტანა. ეს იყო ალბათ ერთადერთი გოლი კელტთა კარში, რომელსაც ამ კლუბის ქომაგები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
კრიშტიანო რონალდო
კრიშტიანო რონალდომ შესანიშნავად იცის, როგორ დაამწუხროს ყოფილი კლუბები. 2007 წელს პორტუგალიელმა ფეხის ერთი მოქნევით გადაწყვიტა "სპორტინგთან" ლისაბონური მატჩის ბედი. მან თითქმის იტირა, როცა პარტნიორები მისალოცად მიცვივდნენ.
5,5 წლის შემდეგ რონალდომ ჩემპიონთა ლიგიდან უკვე "მანჩესტერ იუნაიტედი" დაიფრინა. აღსანიშნავია, რომ მან "წითელ ეშმაკებს" მადრიდშიც გაუტანა. მას ეს გოლები არ აღუნიშნავს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
შვედმა სუპერფორვარდმა იმდენი გუნდი შეიცვალა კარიერის განმავლობაში, რომ ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი რამ ერთადერთხელ მოხდა. ზლატანმა "მილანის" მაისურით "აიაქსს" გაუტანა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამსტერდამულმა კლუბმა გაუხსნა შვედს გზა დიდ ფეხბურთში. საინტერესოა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გოლი იზეიმა.
აქსელ ვიტსელი
ოთხი წლის წინ ჩემპიონთა ლიგიდან თავისი ამჟამინდელი კლუბი, "ზენიტი" გამოაგდო. მაშინ ის ლისაბონის "ბენფიკას" ღირსებას იცავდა. ახლა აქსელ ვიტსელს შურისძლების კარგი შანსი აქვს - ეს კლუბები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გადაეყარნენ და პირველი, ლისაბონური შეხვედრა "ბენფიკამ" 1:0 მოიგო. საინტერესოა, რომ ბელგიელმა ყველაფერთან ერთად უკვე "ბენფიკას" დამწუხრებაც მოასწრო "ზენიტის" მაისურით.
დავიდ ლუისი
ჟოზე მოურინიომ "ჩელსისათვის" ბევრი გააკეთა და ის ინგლისის უძლიერეს გუნდად აქცია, მაგრამ პორტუგალიელისათვის არ არსებობდა ავტორიტეტი. ის ყიდიდა ყველას, ვინც თვალში არ მოსდიოდა. ასე მოხდა დავიდ ლუისის შემთხვევაშიც.
ბრაზილიელი "პარი სენ-ჟერმენში" წავიდა და გასულ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგიდან "ჩელსი" გამოაგდო შესანიშნავი გოლით. სამხრეთამერიკელს ამის გაკეთების შანსი ახლაც აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"