ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: საჯარიმოებისა და თავურების მეფეები

AutoSharing Option
გთავაზობთ ევროპის მოწინავე ჩემპიონატების საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ამ უქმეებზე მოხდა.

ლა ლიგა. XXVI ტური
* დიეგო სიმეონემ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზედიზედ მესამედ მოიგო. "ატლეტიკო" ლა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" მიჯრით სამ სეზონში მოუგო.

* ანტუან გრიზმანმა ამ სეზონში თავისი ყველაზე ხანგრძლივი, 5-თამაშიანი უგოლო სერია შეწყვიტა და მე-13 ბურთი შეაგდო. ფრანგის გოლით 1:0 "ატლეტიკომ" მიმდინარე ლა ლიგაში უკვე მეოთხედ მოიგო.

* "ხეტაფემ" ისტორიაში პირველად წააგო უმაღლეს ლიგაში მიყოლებით 6-ჯერ.

* რუბენ კასტომ 55-ე გოლი შეაგდო და "ბეტისის" ისტორიაში
მე-3 საუკეთესო ბომბარდირი გახდა უშუალოდ ლა ლიგაში. მას ალფონსო (69) და იპოლიტო რინკონი (78) უსწრებენ.

* 2016 წელს შეცვლებზე შემოსვლის მერე მანუშო გონსალვეშს ყველაზე მეტი გოლი აქვს შეცვლებზე შესვლის მერე გატანილი.

* "რაიო ვალეკანოს" 7 ტურია, არ წაუგია. ეს მადრიდული კლუბის საუკეთესო სერიაა ესპანეთის ჩემპიონატში 2000 წლის მერე.

* "მალაგას" რობერტო როსალესს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მცველებს შორის ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს გაკეთებული - 5.

* "ვილიარეალს" შინ 10 მატჩია, არ წაუგია (8 მოგება, 2 ფრე). აქედან ბოლო 7 შეხვედრაში "ყვითლებმა" გოლიც არ გაუშვეს.

* არიც ადურისს ლა ლიგაში ამჟამად მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს თავით გატანილი - 43.

* 35 გოლით იუსუფ ელ-არაბი ლა ლიგაში "გრანადას" საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

* "დეპორტივოს" 10 ტურია, არ მოუგია (6 ფრე, 4 წაგება). ასეთი ცუდი სერია ვიქტორ სანჩესს ჯერ არ ჰქონია.

* "ბარსელონას" 12 საშინაო თამაშია "სევილიასთან" არ წაუგია - 10 მოგება, 2 ფრე.

* "ბარსამ" ამ სეზონში 21-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს, მინიმუმ, 7-ით მეტჯერ, ვიდრე რომელიმე სხვა გუნდმა.

* წინა სეზონის დაწყებიდან აქამდე "სევილიას" ბანაკში ყველაზე მეტი საგოლე პასი მცველ ბენუე ტრემულინას აქვს გაკეთებული.

* ლიონელ მესის ამ სეზონში პირდაპირ ჯარიმიდან 6 გოლი აქვს გატანილი (ყველა ტურნირზე). ეს ყველაზე მეტია წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის.

* 2003/04 წლების სეზონის მერე ჯარიმიდან გატანილი გოლების სტატისტიკა:
კრიშტიანო რონალდო 18/275 (6,5%); მესი 16/198 (8,0%); რონალდინიო 15/196 (7,6%)

* მხოლოდ მესუთ იოზილს აქვს 5 წამყვან ევროპულ ჩემპიონატში ლუის სუარესზე (11) მეტი საგოლე პასი გაკეთებული - 18.

* ლა ლიგის გუნდს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია (ყველა ტურნირზე) 1988/89 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც მადრიდის "რეალმა" 34 თამაში ჩაატარა წაუგებლად. ახლა "ბარსელონამ" ეს რეკორდი გაიმეორა.

* "ბარსას" ყველაზე მეტი (15) ქულა აქვს ლა ლიგაში მოპოვებული მას მერე, რაც პირველ გოლს უშვებს.

* 40 წუთიც და არეოლა გახდება "ვილიარეალის" საუკეთესო მეკარე ლა ლიგაში კარის მშრალად შენახვის მხრივ. 500 წუთია, ამ მეკარისთვის გოლი ვერავის გააქვს.

ბუნდესლიგა. XXII ტური
* 27 თებერვალს მიუნხენის "ბაიერნმა" დაარსების 116 წლისთავი "ვოლფსბურგის" დამარცხებით აღნიშნა.

* "ბაიერნს" უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის მერე გამართული ბუნდესლიგური 6-ივე მატჩი მოგებული აქვს ამ სეზონში საერთო ბურთების სხვაობით - 20:1.

* ბრემენის "ვერდერს" შინ 8 თამაშია, არ უმარჯვია - 3 ფრე, 5 მარცხი.

* დავიდ ალაბამ "ბაიერნის" მაისურით თავისი მე-200 მატჩი ჩაატარა (ყველა ტურნირზე).

* "ვოლფსბურგს" ზედიზედ 41 საშინაო შეხვედრაში ჰქონდა გოლი გატანილი და კლუბი ახალ შიდა რეკორდს დაამყარებდა, "ბაიერნისთვისაც" რომ გაეტანა, მაგრამ ეს ვერ შეძლო.

* "ვერდერის" კლაუდიო პისარომ "დარმშტადტს" 89-ე წუთზე გაუტანა და ბრემენელებს ქულა გადაურჩინა (2:2). აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე მხოლოდ პისაროს აქტივში 182 გოლი გახლდათ გერმანიის ჩემპიონატში, დარმშტადტელთა სასტარტო თერთმეტეულის მონაგარი კი ჯამში 75 ბუნდესლიგური გოლი იყო. ახლა პისაროს 183 ბურთი უგროვდება და გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-5 ადგილზეა.

* იოსიპ დრმიჩი გახდა ბუნდესლიგის მე-3 ფეხბურთელი, რომელმაც 3 სეზონის მსვლელობისას 4 სხვადასხვა გუნდის მაისურით გაიტანა.

* "დარმშტადტის" თურქმა მცველმა აიტაჯ სულუმ თავისი მე-6 გოლი გაიტანა, რამაც იგი ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში ყველაზე შედეგიან მცველად აქცია.

* 28 თებერვალს დიეგო 31 წლის გახდა. 2003/04 წლების სეზონიდან დღემდე, მას ჯარიმიდან ყველაზე მეტი - 13 გოლი აქვს ბუნდესლიგაში გატანილი. მეორეზე ჰაკან ჩალჰანოღლუა 11 გოლით, მესამეზე კი სეიად სალიჰოვიჩი - 10.

* საწყის 11 საშინაო მატჩში დაგროვილი 31 ქულით "დორტმუნდმა" ახალი შიდა რეკორდი დაამყარა.

* ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 თამაშში ჰენრიხ მხითარიანს 19 გოლი და 19 საგოლე პასი აქვს.

სერია A. XXVII ტური
* სტეფან ელ შაარავიმ "რომაში" გადასვლის მერე სერია A-ში "გლადიატორების" მაისურით 5-ჯერ ითამაშა და ამდენივე გოლში დაიდო წილი - 4 გაიტანა და 1 პასი გააკეთა.

* "მილანს" ზედიზედ 9 ტურია გოლი გააქვს. ასეთი ხანგრძლივი სერია ამჟამად სერია A-ში არც ერთ კლუბს არ აქვს.

* "ბოლონიასთან" უგოლო მატჩამდე "პალერმოს" იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 30 შეხვედრის განმავლობაში არ ეთამაშა 0:0.

* "კარპის" ბოლო 5-ივე გოლი შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმა გაიტანეს.

* "ატალანტას" სერია A-ში უკვე 12 ტურია, არ მოუგია. ეს ბერგამოელების ყველაზე ხანგრძლივი ცუდი სერიაა 2004 წლის მერე.

* ლეონარდო ბონუჩის ჩემპიონატში ბოლო 7 გოლი "იუვენტუს სტედიუმზე" აქვს გატანილი.

* ჯანლუიჯი ბუფონს 746 წუთია (დამატებული წუთები არ ითვლება) სერია A-ში გოლი არ გაუშვია. ეს მისი პირადი რეკორდია.

პრემიერლიგა. XXVII ტური
* "ლესტერს" ჩემპიონატის უკანასკნელ 9 მატჩში მხოლოდ 4 გოლი აქვს გაშვებული.

* ალბერტო პალოსკიმ პრემიერლიგაში თავისი მეორე ზუსტი დარტყმით გაიტანა გოლი. იგი ამ სეზონში "სუონსის" მხოლოდ მე-7 ფეხბურთელი გახდა, ვინც გატანა შეძლო.

* "ტოტენჰემის" სასტარტო თერთმეტეულის საშუალო ასაკი 24 წელი და 103 დღე იყო. ეს მეორე ყველაზე ახალგაზრდა გუნდია, რომელმაც ამ სეზონში პრემიერლიგაში ითამაშა. პირველიც "დეზებისა" გახლდათ, საშუალ ასაკით 24 წელი და 39 დღე.

* ფრეიზერ ფორსტერს "ჩელსისთან" 708-წუთიანი მშრალი სერია შეუწყდა.

* მიმდინარე სეზონში სესკ ფაბრეგასმა მე-40 თამაში ჩაატარა და მხოლოდ მე-3 გოლი გაიტანა.

* მოქმედმა ჩემპიონმა "ჩელსიმ" მიყოლებით ორი პრემიერლიგური მატჩი 2015 წლის მაისის მერე პირველად მოიგო.

* მარკუს რაშფორდმა "არსენალთან" შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა. ეს მან 18 წლისა და 120 დღის ასაკში გააკეთა. ზუსტად მისი ტოლი გახლდათ უეინ რუნიც, როდესაც მან თავისი პირველი პრემიერლიგური დუბლი გაიფორმა.

* რაშფორდი მხოლოდ მე-6 ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგის სადებიუტო მატჩში 3 გოლში მიიღო მონაწილეობა.

* მესუთ იოზილმა მე-18 საგოლე პასი მიითვალა. ამ მხრივ, რეკორდი ტიერი ანრის ეკუთვნის, ფრანგმა 2002/03 წლების სეზონი 20 საგოლე გადაცემით დაასრულა. იოზილს ცოტა აკლია.

* ბოლო 8 საგარეო მატჩიდან "არსენალმა" ოდენ 2 მოიგო, არადა, წინა 12-დან 10-ში მოიპოვა გამარჯვება. "მანჩესტერი" კი "მეთოფეებს" "ოლდ ტრაფორდზე" ინგლისის ჩემპიონატში ბოლოს 2006 წელს ჰყავთ დამარცხებული ემანუელ ადებაიორის გოლით.

* ორი მატჩია, "ასტონ ვილას" ერთი კუთხურიც არ მოუწოდებია.

* "სტოკზე" (5) მეტი პენალტი მხოლოდ "ლესტერს" (8) აქვს გატანილი.

* "ბორნმუთს" პრემიერლიგაში უკანასკნელი 8 საგარეო შეხვედრიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული - 3 მოგება, 4 ფრე.

* თავის 240-ე შეხვედრაში პრემიერლიგაში კრეიგ გარდნერმა კარიერაში პირველად ერთდროულად გაიტანა კიდეც და საგოლე პასიც გააკეთა. გარდა ამისა, მან ბურთი ძელსაც გაარტყა და საკუთარი კარის ხაზიდანაც გამოიტანა...

* ალან პარდიუს გუნდებს ახალი წლის შემდგომ პერიოდში ჩატარებულ უკანასკნელ 34 თამაშში მხოლოდ 3-ჯერ აქვთ კარი მშრალად შენახული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული