იოჰან კრუიფი დაგვემშვიდობა - "მფრინავი ჰოლანდიელის" გახსენება [VIDEO]

AutoSharing Option
ეპოქა დასრულდაო, მაშინ ამბობენ, როცა რომელიმე საფეხბურთო ლეგენდა კარიერას ამთავრებს. იოჰან კრუიფმა ფეხბურთის თამაშს თავი 1984 წელს დაანება, მაგრამ მისი ეპოქა ამით არ დასრულებულა...

1984 წლის შემდეგ "მფრინავი ჰოლანდიელი" სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა და შექმნა საფეხბურთო მიმართულება, რომელსაც კატალონიელები დღესაც მისდევენ, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეული გულშემატკივრები სიამოვნებით ადევნებენ თვალს. მწვრთნელი კრუიფი მენეჯერმა კრუიფმა შეცვალა და "ბარსელონა" ახალ სიმაღლეზე აიყვანა. მის საფეხბურთო ფილოსოფიას დღესაც ბევრი მისდევს...

...სწორედ ამიტომ არ დასრულებულა იოჰან კრუიფის ეპოქა 1984 წელს. 2016 წლის 24 მარტამდე გასტანა. გუშინ
კი კრუიფი 68 წლისა გარდაიცვალა.
იხილეთ ვიდეო: იოჰან კრუიფის კარიერის გამორჩეული ეპიზოდები
Sportall.Ge

რომელ მეზღვაურსაც უნდა ჰკითხოთ, ყველა მოგიყვებათ ლეგენდას ზღვებსა და ოკეანეებში მცურავ გემ-მოჩვენებაზე, რომელიც "მფრინავი ჰოლანდიელის" სახელითაა ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სამასი წლის წინათ სამხრეთ აფრიკის ნაპირებთან მიმავალი ჰოლანდიური იალქნიანი გემი შტორმში მოყვა.

შტურმანის თხოვნის მიუხედავად, კაპიტანმა ნაპირთან შეჩერება და ქარიშხლის ჩაცხრობის დალოდება არ ისურვა, მღელვარე ზღვაში გაცურა და... ეკიპაჟი დაიღუპა. მას შემდეგ გემი არც ერთ ნაპირთან აღარ გაჩერებულა - მოჩვენებასავით დედამიწის ხან ერთ კუთხეში ხვდებოდა მოგზაურებს, ხან - მეორეში. მისი დანახვა ყველას შიშის ზარს სცემდა.

1974 წელს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზეც გამოჩნდა "მფრინავი ჰოლანდიელი", რომლის მიახლოება ნებისმიერ მცველს აშინებდა. არავინ იცოდა, საიდან მოელოდა ხიფათი - ცენტრიდან, მარცხენა ფლანგიდან თუ მარჯვნიდან. ეს იყო იოჰან კრუიფი, რომლის სათამაშო სტილის ფეხბურთელი მანამდე არავის ენახა. იგი გემ "მფრინავი ჰოლანდიელის" კაპიტანივით თავისნათქვამა აღმოჩნდა - მწვრთნელის მოთხოვნის მიუხედავად, 1-დან 11-მდე ყველა ნომერზე უარი თქვა და ზურგზე 14 დაიწერა.

ნარინჯისფერმა 14-მა ჰოლანდიელები გაიყვანა მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის ფინალში, სადაც მისი წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანით ნიდერლანდელები 1:0 დაწნაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ტოტალური ფეხბურთის ფუძემდებლები უტიტულოდ დარჩნენ.

სტანდარტებიდან გასვლა ნიჭიერი და გონიერი ადამიანის მახასიათებელია. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით, კრუიფი ისტორიაში ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი იყო. სწორედ ამიტომ მას მეტსახელი შეუცვალეს - "პითაგორა ბუცებში" დაარქვეს. იგი კარგად ხვდებოდა, რომ მოედნის კვადრატებად განაწილება, ხოლო ფეხბურთელების ამპლუების მიხედვით ჭადრაკის ფიგურებივით განლაგება ფეხბურთის მოძველებული სქემა იყო, ამიტომ 14 ნომრით ხან სად "ამოყვინთავდა" და ხან - სად.

სწორედ ასეთი "ყველგანმავალი" ფეხბურთელებისგან შეკრიბა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა რინუს მიხელსმა ეროვნული ნაკრები და 1974 წლის მუნდიალზე ტოტალური ფეხბურთი ათამაშა. მისი პრინციპია "ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის". ასეთი სტრატეგიის დამკვიდრებას სწორედ მიხელსს მიაწერენ, რომელიც კრუიფს "აიაქსშიც" ავარჯიშებდა.

სწორედ მიხელსის დამსახურებაა კრუიფის ვარსკვლავად ქცევა: იოჰანი პატარაობაში ძალიან გამხდარი იყო და ზოგიერთის მტკიცებით, "აიაქსში" დედის ხათრით მიიღეს, რომელიც კლუბში მუშაობდა. ლეგენდარულმა მიხელსმა ახალგაზრდა კრუიფი პირველად რომ ნახა, მისი ტექნიკა, სისწრაფე მოეწონა, ბავშვში დიდი მომავალი დაინახა და ვარჯიშების სპეციალური სისტემა შეუდგინა ფიზიკურად მოსაძლიერებლად.

წვრთნამ გაამართლა და 17 წლის იოჰანს "აიაქსში" დებიუტიც ჰქონდა. მომდევნო სეზონში 19 მატჩში 16 გოლი მიითვალა, ხოლო "აიაქსის" მაისურით ჩატარებულ 318 მატჩში მის ანგარიშზე 251 გოლია!

იმასაც ამბობდნენ, პირველად ტოტალური ფეხბურთი აიაქსელებს რუმინელმა დამრიგებელმა სტეფან კოვაჩმა ათამაშაო. იგი ამსტერდამელებს 1971-73 წლებში ავარჯიშებდა. ამ პერიოდში "აიაქსმა" ჩემპიონთა თასი სამჯერ მოიგო, იოჰან კრუიფმა კი ოქროს ბურთი სამჯერ მიიღო (1971, 1973 და 1974 წლებში).

ჭკვიანი კაცი ყოფილა შტეფან კოვაჩი, რომელმაც კრუიფისა და პელეს შედარება არ ისურვა:

- იოჰანს ხშირად ადარებენ პელეს. ეს უაზრობაა. ყოველი თაობის "ცაზე" თავისი "ვარსკვლავი" ანათებს. კრუიფმა პელეს შემდეგ გამოანათა და ახალი საფეხბურთო გზა უჩვენა მომდევნო თაობის ფეხბურთელებსა თუ გუნდებს. მნიშვნელობა არ აქვს, მათ ეს სურთ თუ არა - კრუიფის გაკვალული გზით მიდიან.

ვარსკვლავური თუ კაპიტნის სიჯიუტე იოჰან კრუიფმა კიდევ ერთხელ გამოავლინა: 1973 წელს მადრიდის "რეალში" თითქმის გადასული იყო, როცა "აიაქსის" უფროსობას გამოუცხადა - "რეალში" აღარ მივდივარ, "ბარსელონაში" მინდაო. თურმე იმ ზაფხულს იგი კატალონიაში ისვენებდა და ძალიან მოიხიბლა ბარსელონის ხედებით, სტადიონ "კამპ ნოუთი", გრანდიოზული კათედრალური ტაძრით...

კრუიფის ინტერესის შესახებ რომ გაიგეს, "ბარსელონას" ხელმძღვანელებმა სასწრაფოდ გაამზადეს კონტრაქტი, შიგ 600 მილიონი პესეტი ჩაწერეს (დღევანდელი ანგარიშით 1.5 მილიონი ევრო) და ჰოლანდიაში გაუგზავნეს.

- ბარსელონის აეროპორტში გაოგნებული დავრჩი, - იხსენებს კრუიფი. - 10 ათასამდე გულშემატკივარი დამხვდა, რომლებისთვისაც არაფერი მქონდა გაკეთებული, მაგრამ მაინც ძალიან ვუყვარდი. თვალზე ცრემლი მომადგა.

ზუსტად 10 თვეში იოჰანმა კატალონიელი ქომაგებისგან ახალი მეტსახელი მიიღო - "მხსნელი". მან ხომ "ბარსას" 14-წლიანი შესვენების შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა. შემდეგ კი ამერიკაში გაინავარდა, ლოს ანჯელესის "აცტეკებში" და ვაშინგტონის "დიპლომატებში" თამაშობდა, საიდანაც 34 წლისა "აიაქსში" დაბრუნდა და კიდევ ორჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონობა.

ერთ დღეს იოჰანს გამოუცხადეს, რომ უკმაყოფილონი იყვნენ მისი თამაშით - მოტივაცია გაკლიაო...

...გაბრაზდა და "აიაქსის" მტერ "ფეიენოორდში" გადავიდა, ვნახოთ ერთი, ვის აკლია მოტივაციაო და როტერდამელებთან ერთად სეზონის ბოლოს ჰოლანდიის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი აღმართა.

იოჰანი კარიერის დასრულების შემდეგ ჯერ "აიაქსის", მერე "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. 1992 წელს კატალონიელებთან ერთად მწვრთნელის რანგში გაიხსენა, როგორია ჩემპიონთა თასის მოგება. 1994-ში კი სამწვრთნელო დაფაც კედელზე მიაყუდა. არაერთი წიგნი დაწერა, სადაც ამბობს, რომ მწვრთნელობისასაც ბავშვური ფეხბურთის მოტრფიალედ დარჩა. რას ნიშნავს ბავშვური ფეხბურთი? ამას იოჰან კრუიფზე უკეთესად ვერავინ აგვიხსნის:

- ფეხბურთი ძალიან მარტივი თამაშია. რატომ გავუგზავნოთ პასი 50 მეტრის მოშორებით მყოფ თანაგუნდელს? ხომ ვიცით, რომ შორი პასის ჩაჭრის ალბათობა დიდია. არ სჯობს, ბურთი ჩვენთან ახლოს მყოფ პარტნიორს მივცეთ, რომელიც მის წინ მდგომს მოძებნის?!

საუკეთესო იდეა ყოველთვის მარტივია. არ გინდათ გოლი გაგიტანონ? - მაშ, კარგად გაუფრთხილდით ბურთს, მეტოქეს არ დაუთმოთ. ძალიან მიყვარს ეზოში მოთამაშე ბავშვების ყურება. ეს ყველაზე ღია და გულწრფელი ფეხბურთია. სწორედ ასე თამაშობდნენ ჩემი გუნდები: "აიაქსი", "ბარსელონა", ჰოლანდიის ნაკრები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ინტელექტი ფეხბურთშიც აუცილებელია აცხონოს ღმერთმა
kruifa
14:23 11-04-2016
0
უდიდესი ფეხბურთელი მან ეპოქა შექმნა არგენტინაში რომ წასულიყო უეჭველი მსოფლიო თასს წამოიღებდნენ
kruifa
14:21 11-04-2016
0

სიახლეები პოპულარული