ტოპ-5 ლიგა. სტატისტიკა: ფინიშის სწორამდე ნეიმარი საუკეთესოა

AutoSharing Option
საკლუბო პირველობებზე დიდი პაუზა იყო, ამის შემდეგ იწყება საფინიშო სპურტი. მოდი, ვნახოთ, რომელი ფეხბურთელები გამოირჩევიან ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ამ სეზონში.

როგორც ჩანს, საუკეთესოობისთვის ბრძოლა აღარ უნდა იყოს ორი ტიტანის - ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს ჭიდილი. ამის ყველა წინაპირობაა.

ავაწყოთ საუკეთესო ფეხბურთელი
მაშ ასე, ვინ არის ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში? მას გონსალო იგუაინივით (ნაპოლი) ბევრი გააქვს (29 გოლი); მესუთ იოზილივით (არსენალი) არიგებს საგოლე პასებს (18 პასი); კრიშტიანო რონალდოსავით (რეალი) ხშირად აწუხებს მეკარეებს (6,3 დარტყმა თამაშში); ნეიმარივით (ბარსელონა) და უსმან დემბელესავით
(რენი) იოლად ატყუებს მეტოქეებს (4,4 წარმატებული დრიბლინგი თამაშში) და ჟან-დანიელ აკპა-აკპროსავით (ტულუზი) წარმატებულია ორთაბრძოლებში (საშუალოდ 4,6 მოგებული ორთაბრძოლა).

და მაინც, whoscored.com არ გვამადლის თავის მიერ შემუშავებულ სარეიტინგო სისტემას, სადაც ყველა შესაძლო სტატისტიკური მონაცემია შეგროვილი. სტატისტიკაზე დაყრდნობით კი, ამჟამად სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი არა ლეო მესი ან მისი მუდმივი მეტოქე რონალდოა, არამედ ბრაზილიელი ნეიმარი - 8,55 ბალი. მესი მას მეათედი ბალით ჩამორჩება და მეორეა. რონალდოს ფანებს გულს დავწყვეტთ - ის ხუთეულშიც არ არის.

ავაწყოთ საუკეთესო გუნდი
ახლა საუკეთესო გუნდიც ავაწყოთ - ის "ბაიერნივით" ფლობს ბურთს (67%); საჰაერო დუელებში პსჟ-სავით ყოჩაღია (58% მოგებული); ორთაბრძოლებში "ატლეტიკოსავით" ხისტი და უკომპრომისოა (საშუალოდ, 24,4 ორთაბრძოლა); "ბაიერნივით" ხშირად ურტყამს (19,7 თამაშში) და პსჟ-სავით აკურატულია პასებში (89%).

გაგიკვირდებათ და, ამ და ყველა სხვა მახასიათებელს რომ შევკრებთ, საუკეთესო გუნდად "რეალი" შეგვრჩება - 7,25 ბალი whoscored.com-ის რეიტინგით.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ტოპ-5 ლიგაში ასეთი მდგომარეობაა - საფრანგეთსა და ინგლისში 31-31 ტური გაიმართა (ინგლისში არასრული), იტალიასა და ესპანეთში - 30-30. ამიტომ მოწინავე პირველობების შედარება სავსებით შესაძლებელია. გამონაკლისი მხოლოდ გერმანიაა, სადაც 2 გუნდით ნაკლები თამაშობს. ამიტომაც სულ 27 ტური გაიმართა.

გოლები
დღეისათვის, ყველაზე მეტი გოლი გონსალო იგუაინს (ნაპოლი) აქვს გატანილი - 29, მაგრამ კონკურენცია დიდია და ვის დარჩება ბოლოს "ოქროს ბუცი", უცნობია. მეხუთეზე მყოფი რობერტ ლევანდოვსკი ლიდერს მხოლოდ ოთხი გოლით ჩამორჩება.

თამაშების რაოდენობას ნუ მივაქცევთ ყურადღებას. "ბაიერნის" პოლონელ ფორვარდზე ნაკლები დრო მოედანზე გაატარა მასზე წინ მყოფმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, აგრეთვე, მის მერე მყოფმა ლეო მესიმ.

ზლატანს ყოველ 75,2 წუთში ერთი გოლი გააქვს, ლევანდოვსკის - 85,6-ში. ლიდერ იგუაინის საშუალო მაჩვენებელი 87,9 წუთია. ბარემ მესის და რონალდოს შედეგებიც ვთქვათ - ლეოს საშუალოდ 91,4 წუთში ერთი გოლი გააქვს, რონის - 96,4-ში.

პასები
ამ კატეგორიაში მესუთ იოზილს ბადალი არა ჰყავს, "არსენალის" გერმანელმა ნახევარმცველმა უკვე 18 საგოლე პასი მიითვალა და უახლოეს მდევარს (სუარესი) 6 პასით უსწრებს. ამ კატეგორიაში იოზილის პირველობა ყველამ უნდა აღიაროს.

რეიტინგები
როგორც უკვე ვთქვით, დღეისათვის საუკეთესო რეიტინგი (რომელიც ყველა სტატისტიკური მონაცემის შეჯერებით გამოდის) "ბარსელონას" ბრაზილიელ ფორვარდ ნეიმარს აქვს - 8,55 ბალი. აღსანიშნავია, რომ "ბარსელონა" ათეულში სამი ფეხბურთელით არის წარდგენილი და არავისთვის გასაკვირი არაა, რომ ეს შემტევი ტრიოა. აი, "რეალის" ვარსკვლავური შემტევი ტრიოდან საუკეთესოთა ათეულს ქარიმ ბენზემა აკლია.

"პარი სენ-ჟერმენი", "ბარსას" მსგავსად, სამი ფეხბურთელით არის წარმოდგენილი. ზლატანს და ანხელ დი მარიას ბევრი ელოდა, მოულოდნელობა კი სერჟ ორიეს გამოჩენაა აქ.

თითო წარმომადგენელი ჰყავთ პრემიერლიგას (რიად მაჰრეზი) და ბუნდესლიგას (ჰენრიკ მხითარიანი), აი, იტალიის ჩემპიონატის ფეხბურთელთაგან ათეულში ვერავინ მოხვდა, ვერც ბომბარდირი იგუაინი.

ლიდერები სხვა მონაცემებში
* კარში ყველაზე ხშირად კრიშტიანო რონალდო ურტყამს - 6,3-ჯერ თამაშში (II-III სუარესი, დი მარია).

* ეგრეთ წოდებულ მნიშვნელოვან პასს (რომელსაც, წესით, გოლი უნდა მოჰყვეს) ყველაზე ხშირად იოზილი აკეთებს - 4,2 მატჩში (II-III - პაიე, დე ბრუინი).

* დრიბლიორთა შორის ლიდერი ნეიმარია - 4,4, თუმცა ის პირველ ადგილს თინეიჯერ უსმან დემბელეს უყოფს (III - ბენ არფა).

* ყველაზე ხშირად ფრანკო ვასკესზე (პალერმო) ჯარიმდებიან - საშუალოდ 5,1-ჯერ თამაშში (II-III ნეიმარი, ჰეტემაი).

* თამაშგარე მდგომარეობაში ყველაზე ხშირად ზლატანი და სუარესი ხვდებიან - 1,8. (III - მოდესტე).

* საშუალოდ 104,2 პასს აკეთებს "ნაპოლის" ნახევარმცველი ჟორჟინიო. (II-III ტიაგო მოტა, ჩაბი ალონსო).

* პასების სიზუსტით კი ტიაგო სილვაა გამორჩეული - 94,5% (II-III კროოსი, კიმიხი).

* საჯარიმოში ყველაზე ხშირად და უკეთ რიად მაჰრეზი აწვდის - 3. (II-III კოსტიჩი, პაიე).

* ჟან-დანიელ აკპა-აკპრო და ლუკას ლეივა ორთაბრძოლებში ყველაზე ყოჩაღები არიან - 4,6 მოგებული ორთაბრძოლა საშუალოდ. მათ ოდნავ ჩამორჩება აუგუსტო ფერნანდესი.

* ჩაჭრებში საუკეთესოა გჟეგოჟ კრიხოვიაკი (სევილია) - 4,8 ჩაჭრა საშუალოდ (II-III გიე, ბიგასი).

გოლები
29 გონსალო იგუაინი ნაპოლი
28 კრიშტიანო რონალდო რეალი
27 ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ
26 ლუის სუარესი ბარსელონა
25 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი
22 ლიონელ მესი ბარსელონა
22 პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი
21 ჰარი კეინი ტოტენჰემი
21 ნეიმარი ბარსელონა
20 ქარიმ ბენზემა რეალი

საგოლე პასები
18 მესუთ იოზილი არსენალი
12 ლუის სუარესი ბარსელონა
11 ანხელ დი მარია პსჟ
11 რიად მაჰრეზი ლესტერი
11 ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ
10 დავიდ სილვა სიტი
10 ჰენრიკ მხითარიანი დორტმუნდი
10 ლიონელ მესი ბარსელონა
10 ლორენცო ინსინიე ნაპოლი
10 მირალემ პიანიჩი რომა
10 ნეიმარი ბარსელონა
10 რაფაელი გლადბახი

გოლი+პასი
38 (27+11) ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ
38 (26+12) ლუის სუარესი ბარსელონა
37 (28+9) კრიშტიანო რონალდო რეალი
32 (22+10) ლიონელ მესი ბარსელონა
31 (29+2) გონსალო იგუაინი ნაპოლი
31 (21+10) ნეიმარი ბარსელონა

რეიტინგი
8,55 ნეიმარი ბარსელონა
8,47 ლიონელ მესი ბარსელონა
8,11 გარეთ ბეილი რეალი
8,08 ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ
7,90 ლუის სუარესი ბარსელონა
7,88 ჰენრიკ მხითარიანი დორტმუნდი
7,87 კრიშტიანო რონალდო რეალი
7,85 რიად მაჰრეზი ლესტერი
7,81 ანხელ დი მარია პსჟ
7,79 სერჟ ორიე პსჟ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
lnzm ...  ხარ!!!
qwer
18:49 02-04-2016
0
მხითარიანი არ ჯდება რაღაც და ძალიან ცუდად ჟღერს, იქნებ ამოგვეღო
lnzm
15:22 31-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული