მთავარი კი მაინც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, ანდრეი შევჩენკოს დაბრუნებაა. ის ეროვნული ნაკრების თავკაცის, მიხაილო ფომენკოს თანაშემწედ იმუშავებს...
ეს ჯერ კიდევ თებერვალში გადაწყდა. მთავარი მწვრთნელის თანაშემწის პოსტზე ანდრეი შევჩენკოს დებიუტი კვიპროსთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა. ის მატჩი უკრაინამ მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო. შევჩენკო მთავარი მწვრთნელის გვერდით იჯდა.
უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ანდრეი
"ის ჩვენი თაობისთვის ნამდვილი კუმირია. უზომოდ გახარებულნი ვართ ყველანი იმის გამო, რომ ანდრეი ჩვენთანაა. ჩვენ მასში მხოლოდ მწვრთნელს კი არა, თანაგუნდელს, მეგობარს და პარტნიორს ვხედავთ".
ახლა მოვუსმინოთ უკრაინის ნაკრების კიდევ ერთ ლიდერს, რუსლან როტანს:
"გუნდში შევჩენკოს ყოფნა აუცილებელია. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო. ანდრეი შევჩენკო არის კაცი, ვინც გამარჯვებასთან ასოცირდება. ჩვენთან ის კონკრეტული მისიით მოვიდა. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას უნდა მივაღწიოთ".
მოგეხსენებათ, თავის დროზე შევჩენკომ ძალა პოლიტიკაში სცადა. ახლა ის ამას აღარ აპირებს. ჟურნალისტებს მან უთხრა:
"მე ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ვმუშაობ. აქედან გამომდინარე, არ ვუპასუხებ არცერთ კითხვას, რომელიც პოლიტიკას ეხება.
დღეს ჩვენი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ყველა გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას უნდა მივაღწიოთ", - ამბობს შევჩენკო, ვინც ნაკრების სამწვრთნელო შტაბში უკრაინული ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა - ალექსანდრ ზავაროვი შეცვალა.
"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ზავაროვს იმ ფასდაუდებელი სამუშაოსთვის, რომელიც მან უკრაინის ნაკრებში გასწია. ვეცდები, ღირსეულად გავაგრძელო მისი გზა. ფაქტია, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია", - ამბობს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა.
შევჩენკოს უკრაინის ნაკრებში კონკრეტული ფუნქცია აქვს. მან შემტევი ფეხბურთელების გარჯას მეტი მრავალფეროვნება და შედეგიანობა უნდა შესძინოს.
"თავდამსხმელებთან მუშაობა ჩემი სტიქიაა. ჩვენ შეტევაში კარგად უნდა ვითამაშოთ. უნდა ვიცოდეთ, რა და როგორ უნდა ვაკეთოთ. გუნდის თამაში ერთ რგოლში არაფერს ნიშნავს. მთავარია, მთელმა მექანიზმმა აწყობილად იმოქმედოს", - მიიჩნევს შევჩენკო.
რა პერსპექტივა აქვს უკრაინის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე? ამის თაობაზე შევჩენკოს თავისი აზრი აქვს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვყავს ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე და სხვა დიდ ტურნირებზე ძალიან ხშირად წინა პლანზე სხვა კომპონენტები გამოდის. თუ ჩვენ თავდადებით და გუნდურად ვითამაშებთ, მაშინ აუცილებლად გავახარებთ ერთგულ გულშემატკივარს.
შეგვიძლია, სიურპრიზი შევთავაზოთ საფეხბურთო მსოფლიოს და ეს ყველამ კარგად ვიცით. თვალწინ გვაქვს საბერძნეთის მაგალითი კონტინენტის 2004 წლის პირველობაზე. მითხარით, ვინ ელოდა ბერძნების წარმატებას მაშინ?" - ასე მსჯელობს შევჩენკო.
მან უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელზე, მიხაილო ფომენკოზეც ილაპარაკა. ფომენკოს გამოცდილება არ აკლია, ქართველ ქომაგს ის ჯერ კიდევ ლანჩხუთის "გურიას" დამრიგებლობიდან უნდა ახსოვდეს.
"ფომენკოს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს. როგორც წესი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია დიდ ტურნირებზე. მე მასში ბევრი რამ მომწონს და განსაკუთრებით ის, რომ არცერთ, თუნდაც ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციაშიც კი არ კარგავს სიმშვიდეს და იმედს", - ასე ახასიათებს ანდრეი თავის უფროსს.
ახლა თავად ფომენკოს აზრი მოვისმინოთ შევჩენკოს თაობაზე.
"ანდრეი ჩემი უშუალო ინიციატივით მოვიწვიეთ ნაკრებში. როცა საქმე უკრაინის ნაკრებს ეხება, ქვეყნის პირველ გუნდში სწორედ ჩვენი საუკეთესო ძალები უნდა მოვიზიდოთ.
მინდა, შევჩენკოს მადლობა გადავუხადო. მას შეეძლო, გაცილებით მაღალანაზღაურებადი სამსახური ეშოვა. ამის მიუხედავად, მან ნაკრებიდან წამოსული შეთავაზება მიიღო. ასე იქცევიან ნამდვილი პატრიოტები".
თავად შევჩენკო მიიჩნევს, რომ ფული ცხოვრებაში მთავარი არ არის:
"როცა ქვეყანას სჭირდები, როცა სამშობლოს უნდა შენი სამსახური, გვერდზე ვერ გადგები. ფული არასოდეს დამითვლია. ფულზე მეტად სხვა ღირებულებები მომწონს.
უკრაინის ნაკრები ჩემთვის არის ყველაზე ძვირფასი გუნდი და როცა საშუალება მეძლევა, რაღაც გავაკეთო მისთვის, უკან ვერ დავიხევ. ეს დიდი გამოწვევაა ჩემთვის. პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ღირსების საკითხია.
ფეხბურთელებთან უკვე ვისაუბრე. თითოეულ მათგანში ენთუზიაზმის კოცონი ანთია. სწორედ ასეთი ბიჭები სჭირდება უკრაინას. მე ასე დავასრულებდი საუბარს - წინ, უკრაინა! ჩვენ ეს გულში უნდა ჩავიდოთ. შეუძლებელი არაფერია".
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"