მჯერა, რომ დაფიქრდეთ და გაიხსენოთ, მას მაინც არ ახსენებთ - პიერ-ემერიკ ობამეიანგი? არა. გონსალო იგუაინი? არა. გარეთ ბეილი? არა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი? არა. აჰა, იმანოლ აგირეჩე? არა, თქვენ წარმოიდგინეთ და, აგირეჩეც არა - ეს ფეხბურთელი 19 წლის კელეჩი იჰეანაჩოა.
ნიგერიელს ამ სეზონში მანუელ პელეგრინი ძალიან ენდობა და ისიც
პრემიერლიგაში იჰეანაჩოს სათქმელად 23 შეხვედრაში კი აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ჯამში მინდორზე მან მხოლოდ 519 წუთი გაატარა და 5 გოლი დაუგროვდა.
"სტოკთან" შესრულებული დუბლის მერე კი (პლუს, მან პენალტი გამოიმუშავა, რომელიც აგუერომ გაიტანა) მთელი სეზონის განმავლობაში 11 გოლი დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ 81,3 წუთი სჭირდება გოლის გასატანად, რაც წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.
იჰეანაჩო ნიგერიაში, ქალაქ ოვერიში დაიბადა და ადგილობრივ აკადემიაში წამოიჩიტა. 2013 წლის 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნიგერიელთა შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ მან, პირველ რიგში, ინგლისური და პორტუგალიური გუნდების ყურადღება მიიქცია.
მსურველთა შორის იყვნენ "არსენალი", "სპორტინგი", "პორტუ"... თუმცა "სიტიმ" იყოჩაღა და ყველას აჯობა. კელეჩიმაც მოლოდინი გაამართლა და "ქალაქელთა" მეორე გუნდში მშვენივრად აბურთავდა, რასაც მისი სწრაფი დაწინაურება მოჰყვა და ამ სეზონში მან რამდენჯერმე გაიტანა მნიშვნელოვანი გოლი, რაც 19 წლის ბიჭისთვის და თანაც, "სიტის" დარ კლუბში, რომელშიც დიდი კონკურენციაა, ძალიან კარგი შედეგია.
თუ კელეჩის შედეგს ამოვაგდებთ, რადგან შედარებით იშვიათად უწევს თამაში და მარტო "ბობოლებზე" ვისაუბრებთ, გოლების სიხშირით პირველზე "ბარსელონას" ურუგვაელი გოლეადორი ლუის სუარესია, რომელსაც კვალში მადრიდული დუეტი უდგას - კრიშტიანო რონალდო და ქარიმ ბენზემა.
ახალგაზრდებს შორის კი მარკუს რაშფორდის შთამბეჭდავ სეზონზეც ვერ დავხუჭავთ თვალს. მას საშუალოდ 156 წუთი კი სჭირდება გოლისთვის, მაგრამ იჰეანაჩოსთან შედარებით, პასუხისმგებლობაც მეტი ჰქონდა უეინ რუნის არყოფნაში.
აქვე გთავაზობთ 12 გამორჩეულ მოთამაშეს, რომლებსაც მიმდინარე სეზონში ყველაზე ცოტა დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ მეტოქეები დაამწუხრონ. გათვალისწინებულია იმ ფეხბურთელების შედეგი, რომლებსაც 5 და მეტი გოლი აქვთ გატანილი, ყველა ტურნირის ჩათვლით.
ფეხბურთელი კლუბი გოლი/წუთში
კელეჩი იჰეანაჩო სიტი 81.3 წთ.
ლუის სუარესი ბარსელონა 83.8
კრიშტიანო რონალდო რეალი 84.2
ქარიმ ბენზემა რეალი 85.9
ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ 88.5
იმანოლ აგირეჩე სოსიედადი 90.3
გონსალო იგუაინი ნაპოლი 91.8
ლიონელ მესი ბარსელონა 96
პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 98.3
რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 98.9
გარეთ ბეილი რეალი 106.4
თომას მიულერი ბაიერნი 110.1
"ოქროს ბუცის" რბოლა
აქვე უპრიანი იქნება, თუ "ოქროს ბუცისთვის" მებრძოლთა სიასაც გადავხედავთ, რომელშიც ბოლო 2 შეხვედრაში გატანილი 8(!) გოლის წყალობით, ლუის სუარესი წინ გაიჭრა, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ გადაწყვეტილა. ამჟამად ურუგვაელს 64.0 ქულა აქვს და მას ალბათ კრიშტიანო რონალდო და "ბენფიკას" ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟონასი გაეჯიბრებიან. "ნაპოლის" არგენტინელ სნაიპერს კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ნერვებს აჰყვა და დისკვალიფიკაცია "გამოიწერა", რითაც შანსები მოისპო. რობერტ ლევანდოვსკი კი ცოტა ჩამორჩა. აი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სუარესივით 64.0 ბალით იქნებოდა, საფრანგეთის ლიგა ერთში 1,5-ის ნაცვლად კოეფიციენტი 2,0 რომ იყოს.
ლიდერები "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში
ლუის სუარესი ბარსელონა 34X2 68.0
კრიშტიანო რონალდო რეალი 31X2 62.0
ჟონასი ბენფიკა 31X2 62.0
გონსალო იგუაინი ნაპოლი 30X2 60.0
რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 27X2 54.0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"