რა უთხრა მატერაციმ ზიდანს 10 წლის წინათ?

AutoSharing Option
2006 წლის 9 ივლისს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იტალიის ნაკრებმა საფრანგეთს თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგო და მეოთხედ გახდა პლანეტის უძლიერესი გუნდი.

იტალიელებმა ხუთივე პენალტი დიდებულად შეასრულეს, დავიდ ტრეზეგემ კი ბურთი ხარიხას გაარტყა და ასე დაუთმო ჩემპიონობა მეტოქეს.

ამ მატჩის 110-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ზინედინ ზიდანმა მარკო მატერაცის თავი მკერდში ჩაარტყა და "სკუადრა აძურას" ცენტრალური მცველი ძირს დაანარცხა. არგენტინელ არბიტრ ორასიო ეპისონდოს გვერდითა მსაჯმა უკარნახა ინციდენტის შესახებ და მანაც მყისვე გააძევა მოედნიდან ლეგენდარული 10-იანი.

ეს, ალბათ, ყველაზე სკანდალური გაძევება იყო
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რადგან ერთი, რომ მუნდიალის ფინალში მოხდა და მეორე, ამ წითელი ბარათით ზინედინ ზიდანმა კარიერა დაასრულა.

ზიზუმ ტრიუმფის ნაცვლად, სკანდალი მიიღო, მატჩის ერთ-ერთი გმირი კი სწორედ მარკო მატერაცი გახდა და არა საფრანგეთის ნაკრების ლიდერი.

გარდა იმისა, რომ მატერაციმ მსაჯს ზიდანი გააგდებინა მოედნიდან, მან გოლიც გაუტანა ფრანგებს და შემდეგ თერთმეტმეტრიანების სერიაშიც ივარგა.

ზიდანი თუ მატერაცი?
ზიდანის და მატერაცის ეპიზოდი დღემდე არ კარგავს აქტუალობას, 10 წელიწადში კი ამ თემაზე უამრავი რამ შეიქმნა, მათ შორის, სიმღერები, კომპიუტერული თამაშები, ტანსაცმელი შესაბამისი დიზაინით, კომიქსები, წიგნები და ა.შ.

ამ თემაზე, პრაქტიკულად, ყველამ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება და საგულისხმოა, რომ პოზიციები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ბევრისთვის მატერაცი გმირია, რომელმაც გუნდის ინტერესები ყველაზე მაღლა დააყენა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარიყო. ბევრისთვის მარკო არამზადაა, რომელმაც მიზნის მისაღწევად მორალურ ზღვარს გადააბიჯა და გააკეთა ის, რისი გაკეთებაც დანაშაულის ტოლფასია.

ასევე, იყოფა აზრები ზიდანთან დაკავშირებით - ბევრისთვის ის გმირია, რომელიც ღირსების შელახვას არავის აპატიებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ზიზუმ გუნდი გაწირა და საკუთარი ინტერესები ნაკრებზე, ან, გნებავთ, ქვეყანაზე მაღლა დააყენა. აი, მაგალითად, რას ამბობს საფრანგეთის ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი რაიმონ დომენეკი:

"როდესაც ტიერი ანრიმ ირლანდიას გოლი ხელით გაუტანა და ჩვენ გავედით მსოფლიოს ჩემპიონატზე, მან საკუთარი იმიჯი შესწირა გუნდის ინტერესებს, რაც უნდა დავუფასოთ. აი, ზიდანმა კი საკუთარ ღირსებას შესწირა გუნდის ინტერესები, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია.

მომწონს, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე მაღლა საერთო ღირებულას, ამ შემთხვევაში კი ქვეყნის ინტერესს აყენებს".

რა უთხრა მატერაციმ ზიდანს?
და მაინც, რა უთხრა ასეთი მატერაციმ ზიდანს, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით, თავი ვერ შეიკავა და მეტოქეს მკერდში ჩაარტყა? - მარკომ იუმორისტული წიგნიც კი გამოუშვა სათაურით: "სინამდვილეში, რა ვუთხარი ზიდანს?" - თუმცა, ამ წიგნში მატერაციმ 250 შესაძლო ვერსია გამოაქვეყნა და მკითხველს კიდევ უფრო აუბნია თავგზა.

იყო სრულიად უწყინარი, ძირითადად, ასეთი ვერსიები: "ზიზუ, ტოტი უკეთესად ურტყამს პენალტს, ვიდრე შენ" - ან ასეთი: "ზიზუ, დაგვიბრუნეთ ჯოკონდა" - გასაგებია, რომ ასეთი ფრაზების გამო ზიდანი მატერაცის თავს არ ჩაარტყამდა და ამ წიგნით მარკომ საიდუმლოს არათუ ახადა ფარდა, კიდევ უფრო მეტი ინტრიგა შესძინა.

თუ რა მოხდა სინამდვილეში, ამის შესახებ მატერაციმ ფრანგულ ჟურნალ "ეკიპთან" ისაუბრა და ყველაფერი ნათელი გახდა - იტალიის ნაკრების მცველი დიალოგს დეტალებში იხსენებს:

- ზიდანი მატერაცის: მაისურზე ნუ მქაჩავ, თუ ასე მოგწონს, გაგიცვლი თამაშის შემდეგ.
- მატერაცი ზიდანს: მაისური არ მინდა, შენი ბოზი და მირჩევნია...

სწორედ ამ გადაძახილს მოჰყვა ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ეპიზოდი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, "ეკიპმა" კი მატერაცის კიდევ არაერთი კითხვა დაუსვა ამ თემის და ზოგადად, ფინალური მატჩის გარშემო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ...

- ნანობთ იმას, რაც ზიდანს უთხარით?
- სკანდალების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ და ამიტომ ჩემთვის უსიამოვნოა ის, რაც მოხდა. თუმცა, გარწმუნებთ, რომ გაცილებით უარესები მომისმენია რომში, ნეაპოლში, მილანში, ტურინში და ზოგადად, იტალიურ სტადიონებზე. შესაძლოა, ჩვენი ფეხბურთი უფრო ბინძურია, მაგრამ არ მეგონა, თუ ზიდანი ასე გამოვიდოდა წყობიდან. დამიჯერეთ, მისი გაძევება არ ყოფილა ჩემი მიზანი.

- შეცვალა თქვენი ცხოვრება იმ ეპიზოდმა?
- სიმართლე გითხრათ, ჩემი ცხოვრება იმ ორმა გოლმა შეცვალა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიტანე: ერთხელ თავით და მეორედ თერთმეტმეტრიანების სერიაში. მე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ და შესაბამისად, ტყუილად არ მიცხოვრია.

- დრო რომ უკან დაბრუნდეს, იმავეს ეტყოდით ზიდანს?
- ის ფრაზა ემოციურ ფონზე ვთქვი და დრო რომ უკან დაბრუნდეს და ყველაფერი გააზრებული მქონდეს, ასეთ ფრაზას ნამდვილად არ ვიტყოდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი მიზანი ზიდანის მოედნიდან გაგდება არ ყოფილა და ეს უბრალოდ, ემოციური გადაძახილი იყო. მატჩის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა და დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, დარჩენილ დროში საფრანგეთი კაცნაკლული იქნებოდა თუ არა.

- ბევრისთვის თქვენ გმირი ხართ, ბევრს კი ეზიზღებით...
- არც ზიზღს ვიმსახურებ და არც სიყვარულს ვითხოვ. მე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ და ეს მყოფნის იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
Რა დამავიწყებს იმ წუთებს, რაც ზიზუს გამო ვინერვიულე და მაშინვე ჩანდა, რომ ზიზუ ამას ,,უბრალოდ და არაფრის გამო" არ გააკეთებდა. Მად დაამტკიცა რომ უპირველესად ადამიანად დაიბაა და მერე გახდა ფეხბურთელი. Მატერაცი კი უკანასკნელი არამზადასავით მოიქცა. Ჩემპიონი თუ ხარ ღირსეულადაც უნდა გაჩემპიონდე და იჩდმპიონო!!!!!!
მადონა
10:07 17-06-2023
0
რა სისულეებს წერთ, კაცი ღირსებას რომ დათმობს, იგი არც ქვეყნისთვის ივარგებს და არც არავისთვის...ზიდანი დარჩება ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად და ღირსეულ ადამიანად, მატერაცი კი იქნება სიმულაციების და უღირსებობის სინონიმი...
asurbanifali
11:15 11-08-2016
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული