ტრანსფერები და ამბები: პელე ზლატანს გაუტოლდა

AutoSharing Option
გთავაზობთ მსოფლიო ფეხბურთში უკანასკნელ საათებში განხორციელებულ ყველაზე ხმაურიან ტრანსფერებს.

ინგლისი
იტალიის ნაკრების ერთ-ერთმა ვარსკვლავმა გრაციანო პელემ ინგლისური "საუთჰემპტონი" დატოვა და ჩინურ "შანდონ ლუნენში" გადავიდა. პელეს, რომელსაც ევრო 2016-ზე ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მთხოვნელები არ აკლდა პრემიერლიგაში. მისი შეძენა ანტონიო კონტეს "ჩელსისა" და რონალდ კუმანის "ევერტონს" სურდათ. მოგეხსენებათ, პირველი იტალიის ნაკრებში იყო გრაციანოს თავკაცი, მეორე კი - "საუთჰემპტონში".

მაგრამ იტალიელმა ფორვარდმა ბოლო დროს ფულზე დახარბებული ვარსკვლავების მიერ გაკვალული გზა ამჯობინა და შორეულ ჩინეთში გადაბარგდა. "წმინდანებმა" ამ გარიგებით 13 მილიონი გირვანქა მიიღეს. ასე
რომ, "საუთჰემპტონს", რომელსაც პელე ძალიანაც გამოადგა, სუფთა მოგება დარჩა 5 მილიონი გირვანქა ფეხბურთელში, რომელიც პარასკევს 31 წლის გახდება.

"საუთჰემპტონის" კლუბის ყველა წევრს სურს მადლობა გადაუხადოს გრაციანო პელეს "სენტ მერიზე" ყოფნისათვის და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს", - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ ვებსაიტზე.

პელე 2014 წელს ჰოლანდიური "ფეიენოორდიდან" გადავიდა ინგლისში და ორი სეზონის განმავლობაში 81 მატჩში 30 გოლი გაიტანა, "საუთჰემპტონს" კი ერთმანეთზე საუკეთესო სეზონები ჰქონდა.

ამბობენ, რომ პელე ჩინეთში სეზონში 13,6 მილიონ გირვანქას მიიღებს, ეს კი მსოფლიოში მეხუთე ხელფასია ფეხბურთელებს შორის. ზუსტად ამდენს იღებს "მანჩესტერ იუნაიტედში" ზლატან იბრაჰიმოვიჩი! პელეს კონტრაქტი 2,5-წლიანია.

აქვე ჩამოვთვლით ხუთეულს: 1. კრიშტიანო რონალდო - 18 მილიონი გირვანქა წელიწადში; 2. ლიონელ მესი - 17 მილიონი; 3. ჰალკი - 17; 4. ნეიმარი - 16,2; 5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 13,6.

შეგახსენებთ, რომ "შანდონ ლუნენში" ორი დღით ადრე "ნიუკასლის" შემტევი პაპის დემბა სისე წავიდა. ახლა ეს დუეტი "შანდონის" შემტევ ტანდემს შექმნის.

* "საუთჰემპტონმა" გამოაცხადა, რომ მიუნხენის "ბაიერნიდან" 20 წლის ნახევარმცველი პიერ-ემილ ჰოიბერგი გადაიბირა, რომელშიც სავარაუდოდ, 12 მილიონი გირვანქა გადაიხადა.

* "ლივერპულმა" უელსის ნაკრების მეკარე დენი უორდთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იქვე გაუშვა იჯარით ჩემპიონშიპის გუნდ "ჰადერსფილდ თაუნში". 23 წლის გოლკიპერი ახალ სეზონს სწორედ ამ გუნდში ჩაატარებს, რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. გასულ სეზონში უორდმა პრემიერლიგაში მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა.

* "ვესტ ჰემმა" იჯარით აიყვანა "ბეშიქთაშის" ნახევარმცველი გიოკჰან ტიორე. საიჯარო ხელშეკრულება ერთწლიანია და ინგლისელებს 24 წლის თურქის გამოსყიდვის უფლება აქვთ. ბოლო სეზონში ტიორემ თურქულ სუპერლიგაში 24 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ესპანეთი
მადრიდის "რეალი" ფეხბურთელების გაცხრილვას იწყებს. ალვარო მედრანი აღარ ჯდებოდა "რეალის" შეფების გეგმებში და ის მორიგი განათხოვრების ნაცვლად, გაყიდეს - 22 წლის მედრანი 2020 წლამდე "ვალენსიის" საკუთრებაა. ბოლო სეზონში ის იჯარით მადრიდულ "ხეტაფეში" თამაშობდა, სადაც 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

* მატიას კრანევიტერი მადრიდის "ატლეტიკოდან" იჯარით "სევილიაში" წავიდა.

* მადრიდის "რეალის" 19 წლის მცველი ხესუს ვალიეხო ბოლოს იჯარით "სარაგოსაში" თამაშობდა. ახლა ის ერთი სეზონით (ასევე იჯარით) ფრანკფურტის "აინტრახტში" გადავიდა. შეგახსენებთ, რომ "რეალმა" "სარაგოსას" შარშან ვალიეხოში 5 მილიონი ევრო გადაუხადა.

გერმანია
გერმანიაში დღის თემა მიუნხენის "ბაიერნში" კარლო ანჩელოტის წარდგენა იყო.

"ძალიან მიხარია, რომ "ბაიერნს" გავწვრთნი, მადლობა კლუბს ამისთვის. ჩემმა მეგობარმა ხოსეპ გვარდიოლამ კარგი სამუშაო გასწია "ბაიერნში". ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს, ფანტასტიკური ისტორიით. "ბაიერნი" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, საოცარი ისტორიით. მე კარგად ვიცი მისი თამაშის სტილი, ჩვენ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.

აქ იმისთვის არ ვარ, რომ რევოლუცია მოვაწყო. გვარდიოლამ შესანიშნავად იმუშავა, მე ახლა მისი სტილი უნდა განვავითარო გუნდში. მეორე იტალიელი ვარ აქ ჯოვანი ტრაპატონის შემდეგ და მინდა ჩემ შემდეგ "ბაიერნში" მემკვიდრეობა დავტოვო.

ხან 4-4-2-ით ვითამაშებთ და ხან 4-3-3-ით. ზეწოლას კი მიჩვეული ვარ, ამით ვერავინ გამაკვირვებს. მიყვარს ბუნდესლიგა, რადგან აქაურ სტადიონებზე არ არის ადგილი ძალადობისთვის", - განაცხადა ანჩელოტიმ, რომელსაც ოფისში, დაფაზე პეპ გვარდიოლასგან წერილი დახვდა, სადაც ესპანელი იტალიელს წარმატებას უსურვებს.

Sportall.Ge

* სიმონე ძაძა ტურინის "იუვენტუსიდან", სავარაუდოდ, "ვოლფსბურგში" გადავა. "მგლები" მასში 30 მილიონ ევროს გადაიხდიან. 25 წლის ძაძამ გასულ სეზონში 24 მატჩში 8 გოლი გაიტანა, თუმცა "იუვეს" სასტარტოში მოხვედრა უჭირდა.

იტალია
რომის "ლაციოს" ბოსები სერიოზულად გააბრაზა მარსელო ბიელსამ, რომელიც კლუბის ბაზაზე არ გამოცხადდა და გუნდი არ ჩაიბარა, იმის მიუხედავად, რომ კონტრაქტი უკვე გააფორმა. არგენტინელ მწვრთნელს "ლაციო" ფიფაში უჩივის და მის დისკვალიფიკაციას ითხოვს. ბიელსა ამბობს, რომ "ლაციოს" 5 ივლისამდე უნდა შეეძინა ფეხბურთელები, მაგრამ პირობა არ შეასრულა.

რომაულ კლუბში კი დარწმუნებულები არიან, რომ ბიელსას არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ შესთავაზა ნაკრების ჩაბარება. ამიტომ ფიფასგან ბიელსასთან ერთად, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის დასჯასაც ითხოვენ. მოკლედ, სკანდალი მწიფდება.

* მოკლედ, "ლაციო" მაგარ შარშია - ბიელსას შემდეგ გუნდს ცუდად მოექცა ფელიპე ანდერსონი, რომელიც დაგეგმილ სამედიცინო შემოწმებაზე არ გამოცხადდა.

* მილანის "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ მაურო იკარდი არ იყიდება.

* აქსელ ვიტსელი "ნაპოლიში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ტრანსფერი უახლოეს საათებში უნდა შედგეს, 27 წლის ბელგიელმა იტალიურ კლუბში უკვე შეარჩია 28-ე ნომერი. ვიტსელი წელიწადში 3,2 მილიონ ევროს მიიღებს, "ნაპოლი" კი მასში 25 მილიონ ევროს იხდის.

* "ბოლონიამ" "მილანისგან" 23 წლის ფორვარდი სიმონე ვერდი შეიძინა. ვერდიმ გასული სეზონი ჯერ "ეიბარში" გაატარა იჯარით, მერე - "კარპიში".

საფრანგეთი და სხვა
* "ბორდოს" მცველი სედრიკ იამბარე რუსულ "ანჟიში" გადადის. 25 წლის მცველი პაველ ვრბამ შეარჩია, რომელიც ჩეხეთის ნაკრების შემდეგ "ანჟიში" დაინიშნა.

* არგენტინელმა ესტებან კამბიასომ ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი ახლა 35 წლისაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული