ბელგიის ნაკრები: ტალანტი არის, წარმატებაც იქნება

AutoSharing Option
უკვე მოგახსენეთ, რომ "სუონსის", "უიგანისა" და "ევერტონის" ყოფილი თავკაცი რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

მარტინესის სამწვრთნელო სტილის, ტაქტიკისა და ახალგაზრდებთან კარგად ურთიერთობის უნარის გათვალისწინებით, საინტერესო ბელგია გველის, კიდევ უფრო ძლიერი და ამბიციური. თუმცა ესპანელი სპეციალისტი ცოტათი მაინც იზღვევს თავს და ამბობს, გადასარევი გუნდი გვყავს, მაგრამ თავიდანვე ძალიან ბევრსაც ნუ დაველოდებით და მოვითხოვთო.

"ჩვენ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს და რესურსი დიდია, მაგრამ გუნდი ნელ-ნელა უნდა ავაშენოთ და გამარჯვებულის მენტალიტეტი დავამკვიდროთ. ნაკრებს თავისუფლად თამაში სჭირდება, ზედმეტი მოლოდინისა და წნეხის გარეშე,
ეს ამ "ოქროს თაობას" ძალიან სჭირდება" - აღნიშნა მარტინესმა.

"ევერტონში" მუშაობა მას დიდი წარმატებით არ გამოუვიდა, ადაპტაციისთვის დიდი დრო დასჭირდა და ირწმუნებოდა, კიდევ თუ მომცემთ შანსს, სიტუაციას და გუნდს დავალაგებო, მაგრამ ახალმა უფროსობამ სხვაგვარად გადაწყვიტა და "კანფეტები" რონალდ კუმანს ჩააბარეს.

მარტინესს "გუდისონ პარკზე" გატარებული პერიოდიდან ახლა ის მაინც გამოადგება, რომ იქ ბელგიელ მოთამაშეებთან ერთად აქვს ნამუშევარი. რომელუ ლუკაკუზე 43 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ მას "მსოფლიო დონის" ფორვარდად აქცევს. ალბათ, კიდევ ერთ ევერტონელს, კევინ მირალასსაც მეტ შანსსა და გასაქანს მისცემს:

"მე ბელგიელ ფეხბურთელებთან ერთად მიმუშავია და ბელგიური ფეხბურთით დავინტრიგდი, დავინტერესდი. შეუძლებელია, ვერ შენიშნო ამ თაობის ტალანტი. რასაკვირველია, ვიმუშავებთ იმაზე, რომ ბურთი გვეჭიროს და შემტევ გუნდად დავრჩეთ, მაგრამ თავის დაცვაც უნდა შეგვეძლოს.

ჩვენ გვინდა მიმზიდველი ფეხბურთის თამაში, მაგრამ თან მატჩები უნდა მოვიგოთ. ზოგჯერ ნაკრებზე ზედმეტად დიდი ზეწოლაც არის ხოლმე. ამ ტვირთსა და პასუხისმგებლობასაც კარგად უნდა გავუმკლავდეთ" - დასძინა მარტინესმა.

ბოლოს ისიც გავიხსენოთ, რომ, მიუხედავად ევრო 2016-ის მეოთხედფინალში უელსთან მარცხისა, ბელგიის ნაკრები ფიფას რეიტინგში მეორე ადგილზე რჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული