გარეთ ბეილი: უელსში საფეხბურთო ბუმი გამოვიწვიეთ

AutoSharing Option
გარეთ ბეილს დიდებული სეზონი ჰქონდა. მას ტრავმამაც ვერ შეუშალა ხელი და, "სამეფო გუნდში"არსებული კონკურენციის მიუხედავად, მადრიდის "რეალის" ლიდერად ჩამოყალიბდა.

ბეილი ევრო 2016-ზეც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ, იგი უელსს ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა. გარეთი შესაძლოა, ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის სეზონის საუკეთესოდ დაასახელონ, იგი ნომინანტთა სამეულშია.

- როგორ გრძნობთ თავს მას მერე, რაც ევროპის წლის ფეხბურთელის ნომინანტთა სამეულში მოხვდით?
- ეს დიდი პატივია, ფანტასტიკური ამბავია და მახარებს. თუმცა ინდივიდუალურ აღიარებას მარტო ვერ მოიპოვებ. ეს ნიშნავს, რომ გუნდში კარგად ითამაშე და დაგიფასდა, რაც ძალიან
სასიამოვნოა. ჩემს თანაგუნდელებს, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ეს ასევე მათი დამსახურებაა. რასაკვირველია, მინდა ჩემს გუნდებთან ერთად წარმატებებს მივაღწიო და ტიტულები მოვიგო და როდესაც ეს ხდება, ასეთი ჯილდოების მოგების შანსიც გაქვს.

- წინა სეზონიდან რომელ მომენტებს გამოარჩევდით?
- ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგებას. ეს შესანიშნავი ფინიში გახლდათ რთული და დატვირთული სეზონის. მადრიდის "ატლეტიკოს" სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა და მოგება ძნელი იყო, მაგრამ ვიბრძოლეთ და საბოლოოდ იმას მივაღწიეთ, რაც გვსურდა.

ყველაზე ნათლად პენალტების სერია მახსოვს, როდესაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მივედი. ზოგჯერ არ გიმართლებს, ზოგჯერ კი ისე გამოდის, როგორც გინდა და იმ საღამოს ჩვენი საქმე ყველამ კარგად გავაკეთეთ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოვიგეთ, მთავარია, მოგება მოვახერხეთ.

- წინა სეზონს თქვენს კარიერაში რომელ ადგილზე დააყენებდით?
- პირველზე, რადგან ეს დაუჯერებლად კარგი სეზონი გახლდათ, განსაკუთრებულით, ჩემპიონთა ლიგის მოგება და ასევე, უელსის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად გამოსვლა, ეს დაუვიწყარი გახლდათ. ეს სეზონი ჩემს კარიერასა და ცხოვრებაში გამორჩეული გახლავთ.

- ჩემპიონთა ლიგაზე ეს თქვენი მეორე ტრიუმფია ბოლო 3 წლის განმავლობაში...
- სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც მოვედი მადრიდის "რეალში", რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშო და მოვიგო ჩემპიონთა ლიგა. სამ წელიწადში ორი გამარჯვება დიდებული შედეგია.

ახლა კი უკვე ამ სეზონზე ვფიქრობთ და მორიგი ტრიუმფისთვის ვემზადებით. რასაკვირველია, დიდ მოტივაციას გვაძლევს ის, რომ შეგვიძლია პირველი გუნდი გავხდეთ, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს ზედიზედ მეორედ მოიგებს.

- რამხელა გავლენა მოახდინა ზინედინ ზიდანმა გუნდზე?
- მას წარმატების მიღწევის დიდი გამოცდილება აქვს, როგორც ფეხბურთელსა და როგორც მწვრთნელსაც, რადგან, როდესაც 3 წლის წინათ, ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, იგი კარლო ანჩელოტის ასისტენტი გახლდათ. ზიდანი ყველას ძალიან ეხმარება და მისმა გამოცდილებამ თავისი გააკეთა.

- თქვენს თანაკლუბელზე, ლუკა მოდრიჩზე რას იტყვით, რომელსაც ბევრი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს?
- ლუკა გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მოთამაშეა. იგი საუცხოო ფეხბურთელია, მასთან ერთად უკვე დიდი ხანია, ვთამაშობ და ჩემთვის მართლაც დიდი პატივია, რომ ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელის გვერდით ვარ. იგი მრავალმხრივია, ყოველმხრივ ძლიერია და თანაგუნდელებს საქმეს უადვილებს.

- ჩემპიონთა ლიგის შემდეგი ფინალი თქვენს მშობლიურ ქალაქში, კარდიფშია...
- როდესაც ჩვენ ჩემპიონთა ლიგა პირველად მოვიგეთ, ვიცოდი, რომ ევროპის სუპერთასი კარდიფში გაიმართებოდა და პირადად ჩემთვის ეს დიდებული ამბავი გახლდათ. თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალის კარდიფში ჩატარება ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მოტივაციის მომცემია.

- რამდენად უყვართ ფეხბურთი კარდიფში და მთლიანად უელსში?
- ფეხბურთი ყველას სიგიჟემდე უყვარს და დაინტერესებულნი არიან, განსაკუთრებით, მას მერე, რაც საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე ასე კარგად ვითამაშეთ. თუმცა, ცხადია, გვინდა, რომ ეს ერთჯერად ტრიუმფად არ დარჩეს. გვსურს, რომ ყველა დიდ საფეხბურთო ფორუმზე მოვხვდეთ ხოლმე და კარგად შევძლოთ თამაში.

ეს ფეხბურთის კიდევ უფრო პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს და თავად ქალაქი კარდიფიც, ჩემი აზრით, იზრდება, ვითარდება და უკვე ასეთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს მასპინძლობს და იმედია, მომავალშიც უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული