ტრანსფერ ONLINE: 29 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:10. "ნაპოლი" პსჟ-ს დაუკავშირდა და ედინსონ კავანიზე დაელაპარაკა. ფრანგული გრანდი მზადაა, ურუგვაელი ფორვარდი გაყიდოს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა შემცვლელს მოუძებნის.

12:15. "ლესტერი" ლისაბონის "სპორტინგს" ფორვარდ ისლამ სლიმანის ტრანსფერზე მოელაპარაკა. გარიგების საფასური 30 მილიონი ევროა.

12:35. ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი ჯოლეონ ლესკოტი თემურ ქეცბაიასთან ბერძნულ აეკ-ში მივიდა.

12:49. "პალერმოსა" და მაროკოს ნაკრების მცველი აშრაფ ლაზაარი 3,5 მილიონ ევროდ "ნიუკასლში" გადაბარგდა.

12:56. "ტოტენჰემის" კორეელი ნახევარმცველი ჰიუნ მინ სონი "ვოლფსბურგს" უახლოვდება. მხარეები 30 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.

12:58. მცველი კურტ ზუმა "ჩელსიდან" "შალკეში" მიდის.

13:04. "სევილიას" კაპიტანი ვისენტე იბორა "სანდერლენდში" გადავა, თუ ანდალუსიური კლუბის უფროსობა შესაფერის შემცვლელს მოუძებნის.

13:28. მანუელ პელეგრინი, რომელიც "მანჩესტერ სიტიდან" წასვლის შემდეგ უმუშევარი იყო, ჩინურ კლუბ "ჰაიბეის" ჩაუდგა სათავეში.

13:56. "მალაგას" ნახევარმცველი იგნასიო (ნაჩო) კამაჩო 18 მილიონ ევროდ "ვესტ ბრომვიჩში" გადავა.

13:57. პსჟ მზადაა, გერმანიის ნაკრების ფლანგელ იულიან დრაქსლერში "ვოლფსბურგს" 75 მილიონი ევრო გადაუხადოს. ფეხბურთელის აგენტი როგერ ვიტმანი უკვე პარიზშია...

14:19. "საუთჰემპტონმა" ფრანგული "ლილიდან" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი სოფიან ბუფალი აიყვანა. "წმინდანებს" ტრანსფერი 19 მილიონი ევრო დაუჯდათ.

14:24. "ლივერპული" "გრემიოს" შემტევ ლუანში 35 მილიონ ევროს იძლევა.

14:35. მას მერე, რაც "არსენალმა" "ვალენსიიდან" შკოდრან მუსტაფი იყიდა, მცველი კალუმ ჩემბერსი "მიდლსბროში" გაუშვა.

14:56. აქსელ ვიტსელის ტრანსფერის თემა კვლავ წამოტივტივდა. როგორც "ტუტოსპორტი" წერს, "ზენიტი" თანახმაა, ბელგიელი საყრდენი ნახევარმცველი "იუვენტუსს" 18 მილიონ ევროდ დაუთმოს. გასაგებია, რატომაც მიუბრუნდა ტურინული გრანდი ვიტსელს - საქმე ისაა, რომ პსჟ-დან ბლეზ მატუიდის ტრანსფერი თითქმის ჩაშლის პირასაა.

15:48. "ნიცას" პრეზიდენტმა ჟან-პიერ რივერმა თქვა, რომ კლუბს თავდამსხმელი სჭირდება, დააკონკრეტა კიდეც - მარიო ბალოტელი.

15:50. "რომა" "არსენალის" აწ უკვე ყოფილ საყრდენ ნახევარმცველს, მატიო ფლამინის ეპატიჟება. გამოცდილი ფრანგი თავისუფალი აგენტია.

16:15. ლისაბონის "სპორტინგმა" "აინტრახტის" ფორვარდი, 23 წლის ჰოლანდიელი ლიუკ კასტაინოსი იყიდა.

16:35. "პალერმომ" ალესანდრო დიამანტი ("გუანჯოუ") და ბრუნო ენრიკე ("კორინთიანსი") შეიძინა.

16:54. "სელტამ" ჯუზეპე როსი "ფიორენტინასგან" ერთი წლით ითხოვა.

17:38. "ვესტ ბრომვიჩმა" 13 მილიონი ევრო გადაიხადა "ტოტენჰემისგან" ფორვარდ ნასერ შადლის შეძენაში. კონტრაქტი 4-წლიანია.

17:50. მოსკოვის "სპარტაკმა" "ლაციოს" მცველი მაურისიო დოს სანტოსი იჯარით აიყვანა.

18:15. "ნაპოლიმ" ზაგრების "დინამოსგან" ჩვენთვის კარგად ნაცნობი, 21 წლის ხორვატი ნახევარმცველი მარკო როგი იყიდა.

18:47. არარეალური ამბავი უნდა იყოს, მაგრამ მაინც - "სან სპორტი" წერს, რომ "ატლეტიკომ" "რეალს" 70 მილიონი ევრო შეაძლია ალვარო მორატას ტრანსფერში. რეალური მხოლოდ ის არის, რომ დიეგო სიმეონეს შეტევის ხაზში ძალიან უჭირს...

19:08. ფორვარდი სტეფანო ოკაკა-ჩუკა "ანდერლეხტიდან" "უოტფორდში" გადადის.

19:26. 29 წლის ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "დორტმუნდის" ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ "რეალში" გადასვლის ნება დართონ.

19:29. როგორც უკვე ვწერდით, ტიერი ანრი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის თანაშემწედ დაინიშნა.

20:00. "სან სპორტის" ინფორმაციით, კრისტიან ფუხსსა და "ლესტერის" ხელმძღვანელობას შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ეს ხელ-ფეხს უხსნის "ლივერპულს", რომელმაც 30 წლის ავსტრიელი მარცხენა მცველის გადაბირება მოინდომა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფუხსმა სანაკრებო კარიერა (78 მატჩი) დაასრულა. ასე რომ, 5 სექტემბერს ავსტრიელები თბილისში მის გარეშე ითამაშებენ.

20:15. "მანჩესტერ სიტის" შემტევის, სამირ ნასრის გადაბირება, "ბეშიქთაშის" გარდა, "სევილიასაც" უნდაო, წერს ფრანგული "ეკიპი".

20:16. როგორც კი "იუვენტუსმა" კიდევ ერთხელ შეაწუხა "ზენიტი" აქსელ ვიტსელის თაობაზე, რუსულმა გრანდმა 18 მილიონი ევრო აღარ გვაწყობსო და 22-მდე ასწია თამასა. ტურინელთა პირველი შეთავაზება 15 მილიონი ევრო იყო.

20:35. "მირორის" ინფორმაცია: "ევერტონს" "ნაპოლის" ფორვარდ მანოლო გაბიადინის საყიდლად 25 მილიონი ევრო გაუმზადებია.

21:56. "გარდიანის" ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტიში" უსაქმოდ დარჩენილი ჯო ჰარტი "ტორინოს" ვარიანტს ანიჭებს უპირატესობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული